Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის საგამოძიებო კომისია ბინ ლადენის ოჯახის წევრებს ქვეყნიდან არ უშვებს


აბოტაბადი
აბოტაბადი
პაკისტანის კომისია, რომელიც აშშ-ის სპეცრაზმის მიერ ოსამა ბინ ლადენის მოკვლის გარემოებებს იძიებს, უფლებას არ აძლევს „ალ ყაიდის“ ყოფილი ლიდერის ოჯახის წევრებს დატოვონ ქვეყანა. პაკისტანის ხელისუფლებამ ბინ ლადენის სამი ცოლი და არაერთი შვილი აბოტაბადში 2 მაისს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დააპატიმრა. ადრე პაკისტანის მთავრობა აცხადებდა, რომ ოჯახის წევრებს სამშობლოში დააბრუნებდა.

პაკისტანში ეს კომისია „ალ ყაიდის“ ლიდერის, მსოფლიოში ყველაზე მეტად ძებნილი ტერორისტის, საუდის არაბეთში დაბადებული ოსამა ბინ ლადენის მოსპობის გარემოებათა გამოსაძიებლად შეიქმნა.

ახლა, საქმის კვლევის პროცესში, კომისიამ დაადგინა, რომ ოჯახის წევრები ქვეყანას ვერ დატოვებენ კომისიის ნებართვის გარეშე. კომისიის ეს დადგენილება, რომელიც 5 ივლისს მიიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაზვერვის სამსახურს გაეგზავნა. ბინ ლადენის სამივე ცოლი, მათ შორის უმცროსი, ამალ აჰმედ ალ-სადაჰი, და, სულ მცირე, ექვსი შვილი, საპატიმროში არიან უკვე ორ თვეზე მეტია, მას მერე, რაც ტერორისტული ქსლის ლიდერი მოკლეს. ჯერ არაა ცნობილი, დაემორჩილება თუ არა დაზვერვის სამსახური, რომელიც გავლენიან უწყებად ითვლება, პაკისტანში კომისიის ამ მითითებას. აშშ-ის სპეცრაზმის მიერ მოწყობილი ოპერაციის შემდეგ პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბინ ლადენის ოჯახის წევრებს გაგზავნიდა იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც ისინი არიან. მისი ორი ქვრივი საუდის არაბეთიდან უნდა იყოს. ერთი, 29 წლის სადაჰი, იემენის მოქალაქეა. ივნისის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ სადაჰი სულ მალე დატოვებდა პაკისტანს. იემენის და საუდის არაბეთის მედიის ცნობით, მოლაპარაკება იემენისა და პაკისტანის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის სადაჰისა და მისი გოგონას სამშობლოში დაბრუნების გარშემო დასრულდა. სადაჰი აბოტაბადში ოპერაციის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში იმყოფებოდა.

საგამოძიებო კომისია ოთხი წევრისგან შედგება. მას სათავეში უდგას უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯავედ იქბალი. კომისიამ ეს თავისი სხდომა 5 ივლისს პირველად გამართა და ის დახურულ კარს მიღმა შედგა. სხვა საკითხებს შორის კომისიამ უნდა გაარკვიოს, როგორ მოახერხა ბინ ლადენმა თავი შეეფარებინა აბოტაბადისთვის, სადაც პაკისტანის სამხედრო აკადემიაა განთავსებული. მისივე მიზანია, გაარკვიოს აშშ-ის სპეცრაზმის ოპერაციის გარემოებები.

სამშაბათს კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში წაიკითხავთ, რომ კომისიის ამოცანაა გაარკვიოს ბინ ლადენის პაკისტანში ცხოვრების დეტალები. მას სურს გამოიძიოს, როგორ მომზადდა სამხედრო ოპერაცია, განსაზღვროს მისი ბუნება, ფონი, იყო თუ არა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, და ამის შემდეგ წარმოადგინოს შესაბამისი რეკომენდაციები.

აშშ-ის სპეცრაზმის მიერ მოწყობილმა ოპერაციამ პაკისტანში, ისე რომ ხელისუფლებამ არაფერი იცოდა, გააღიზიანა მთავრობა, რომელმაც განაცხადა, ეს პაკისტანის სუვერენიტეტის ხელყოფააო. თავის მხრივ, ეჭვები გაჩნდა აშშ-ში: ხომ არ ნიშნავს ბინ ლადენის პაკისტანში ყოფნა პაკისტანის უშიშროებისა და სამხედრო უწყების წარმომადგენლების თანამშრომლობას ტერორისტულ ქსელთან. ამასთან, აშშ-ის ოფიციალურ პირთა განცხადებით, მათ არ მოეპოვებათ იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ პაკისტანის მაღალი რანგის პირებმა იცოდნენ სად იმყოფებოდა ბინ ლადენი. პაკისტანის კომისიის თანახმად, თუ საჭირო იქნა, ის აუცილებლად გამოიძახებს მაღალი რანგის სამოქალაქო, სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს და შესაბამის შეკითხვებს დაუსვამს მათ. ვის დაკითხვას აპირებს კომისია, ცნობილი არ არის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG