Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 12 ივლისი, 2011


ალბათ, თბომავალ ”ბოლგარიას” ტრაგიკული ჩაძირვის ისტორიით უნდა დავიწყოთ. ვოლგაზე კრუიზში მყოფი გემი რამდენიმე წუთში ჩაიძირა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით. ტრაგედია 10 ივლისს მოხდა. უკვე ორი დღეა სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. ეს სამაშველო ოპერაციები ძირითადად დამხრჩვალი ადამიანების ცხედრების ამოყვანაა. ცხედრების რაოდენობამ ამ ეტაპისთვის 100-ს გადააჭარბა. მიზეზებს შორის ასახელებენ ამინდს და თავად თბომავლის სიძველეს. თბომავალი 50-ზე მეტი წლის იყო და მასზე ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის, სავარაუდოდ, გემის კაპიტანიც დაიღუპა. ქვეყნის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, გასცემს ბრძანებებს, რომ ყველა თბომავლის ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდეს.

ალბათ, ასევე უნდა გამოვეხმაუროთ ფოტორეპორტიორების ისტორიას რუსულ პრესაში. უნდა ითქვას, რომ ფაქტები ან კონკრეტიკა სტატიებში არ გვხვდება. ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებზეა საუბარი და შემდეგ კი მიდის პოლიტიკური შეფასებები მოვლენისა. ერთი მხრივ, პროგრესული და რეფორმატორი ქვეყნის მიმართ რუსული სპეცსამსახურების გაზრდილ ინტერესზეა საუბარი და, მეორე მხრივ, საუბარია პარანოიაზე მმართველი გუნდისა, რომელიც რუსულ ფაქტორს იყენებს სისტემის შიგნით არსებული რეალური ეკონომიკური პრობლემების გადასაფარად.

საინტერესოა სტატია, უფრო კვლევა, რომელსაც აქვეყნებს „ნოვაია გაზეტა“, კვლევითი ცენტრის, „ლევადას“, მონაცემებზე დაყრდნობით. სტატიას ჰქვია „ცარიელი ქვეყანა“ და მასში საუბარია ქვეყნიდან ინტელექტუალური რესურსის გადინების მაღალ მაჩვენებელზე - მილიონზე მეტი სამეცნიერო წრის წარმომადგენელმა დატოვა რუსეთი ბოლო წლებშიო. რამდენიმე მოყვანილ ფაქტორს შორის სახელდება პოლიციური რეპრესიები, კორუფცია და ვერტიკალური მმართველობა, როცა ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება ინდივიდუალურ დონეზე გადაწყვიტონ რაღაცები. გადინების ეს მაღალი მაჩვენებელი, სტატიის ანალიზის მიხედვით, შესაძლოა ქვეყნის განვითარებისთვის საკმაოდ საშიში ტენდენცია იყოს.

დაბოლოს, ისევ თბომავალი „ბოლგარია“. პროკურატურის მიერ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, გემის მარცხენა მოტორი გაუმართავი იყო და გემზე ნებადართულზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას თავად თბომავლის მეპატრონე კომპანია უარყოფს. კრუიზზე ყოფნის ფასი სამი ათასი რუსული რუბლის ფარგლებში მერყეობდა და, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, გაყიდული ადგილების რაოდენობა აჭარბებდა დაშვებულ ნორმას: ტრაგედიის შემდეგ გემზე იპოვეს როგორც გარდაცვლილი, ასევე გადარჩენილი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არ იყვნენ დარეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG