Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება ბელორუსიაში“


მიროსლავ ლაიჩაკი, ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის განყოფილების უფროსი
მიროსლავ ლაიჩაკი, ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის განყოფილების უფროსი
„ახალ ევროპაში“ ისევ ვუბრუნდებით ბელორუსია-ევროკავშირის ურთიერთობას და ამ უკანასკნელის მცდელობას, ზოგჯერ დათმობებით, ზოგჯერ კი მკაცრი ზომებით დაიყოლიოს მინსკი დემოკრატიზაციაზე. დათმობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად, ალბათ, გამოდგება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, რომელსაც დასაბამი მიეცა 2009 წლის მაისში და რომელშიც ბელორუსიაც ჩართეს. მკაცრი ზომები კი ითვალისწინებს ბელორუსიის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს, მათ შორის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას 200-მდე ბელორუსი ოფიციალური პირისთვის, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩათვლით.
საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავება, მინსკი

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბელორუსიაში კვლავაც რეგულარულად არბევენ საპროტესტო აქციებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ევროკავშირის პოლიტიკა მაინცდამაინც ეფექტიანი არ არის. მაგრამ ასე არ ფიქრობენ საკუთრივ ევროკავშირში. თუ რატომ, ეს ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში განმარტა ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა, მიროსლავ ლაიჩაკმა.

ბელორუსიაში ოპოზიციის საპროტესტო აქციების ბოლოდროინდელი, შეიძლება ითქვას, რეგულარული დარბევა რეჟიმის არა გაძლიერების, არამედ პირიქით, დასუსტების ნიშნად მიაჩნია მიროსლავ ლაიჩაკს. 48 წლის სლოვაკი დიპლომატი შარშანდელი დეკემბრიდან ხელმძღვანელობს ევროკავშირის ახალი დიპლომატიური სამსახურის, „საგარეო მოქმედების სამსახურის“ ერთ-ერთ განყოფილებას. ის მუშაობს რუსეთის, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის ბელორუსიის) და დასავლეთ ბალკანეთის საკითხებზე. ამდენად, ლაიჩაკს დეკემბრიდან მოყოლებული უწევს მონაწილეობა მინსკში საპროტესტო აქციების დარბევაზე ბრიუსელის რეაქციის გააზრებასა და განხორციელებაში. ეს რეაქციაა ბელორუსიის ხელისუფლების 192 წევრის, მათ შორის თვით პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიმართ სანქციები, კერძოდ ამ ოფიციალური პირებისათვის უარის თქმა ევროკავშირის ვიზებზე და მათი საბანკო ანგარიშების გაყინვა.
ბოლო დემონსტრაციები მოტივირებული იყო არა პოლიტიკით, არამედ ხალხისთვის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით...

შედეგი დამაიმედებელი არ ჩანს... ბელორუსიაში დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააპატიმრეს ლუკაშენკოს რამდენიმე ოპოზიციონერი კონკურენტი და, როგორც ჩვენი გადაცემების მსმენელმა იცის, არა მარტო ისინი.

მარტო გასულ ოთხშაბათს, 6 ივლისს 400-მდე ადამიანი დააკავეს ბელორუსიის რამდენიმე ქალაქში გამართულ აქციებზე. მათი მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ მთავრობის პოლიტიკისა და მწვავე ეკონომიკური კრიზისის გამო. პროტესტის ეს მოტივი განსაკუთრებით საყურადღებოდ მიაჩნია ევროკავშირის წარმომადგენელ მიროსლავ ლაიჩაკს: „ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ რეჟიმი კარგავს კონტროლს. განსაკუთრებით იმ ფაქტის გამო, რომ ბოლო დემონსტრაციები მოტივირებული იყო არა პოლიტიკით, არამედ ხალხისთვის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება ბელორუსიაში“.
ჩვენ არ ვაპირებთ მასთან უფრო ახლო ურთიერთობას, თუ არ გაათავისუფლებს და რეაბილიტირებულად არ გამოაცხადებს ყველა პოლიტიკურ პატიმარს...

რაც შეეხება ევროკავშირის რეაქციას, სლოვაკ დიპლომატს სანქციები სწორ პასუხად მიაჩნია. „ჩემი აზრით, (ეს ზომები) მოქმედებს. მათ დადებითად აფასებენ დემოკრატიული ძალები ბელორუსიაში. ეს არის ზომები, რომლებსაც ერთ დღეში არ მოაქვს შედეგები, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ შედეგები მოაქვს. ეჭვი არ არის, რომ რეჟიმი ძალიან კარგად აცნობიერებს და გრძნობს ამ ზომებს და ჩვენ ვცდილობთ, კარგად გავიაზროთ ჩვენი პოლიტიკა, რათა ძალიან მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია ამ რეჟიმის მიმართ. ჩვენ არ ვაპირებთ მასთან უფრო ახლო ურთიერთობას, თუ არ გაათავისუფლებს და რეაბილიტირებულად არ გამოაცხადებს ყველა პოლიტიკურ პატიმარს“, - ამბობს ევროკავშირის დიპლომატი.

განცხადებას, რომ ევროკავშირი არ აპირებს ბელორუსიასთან დაახლოებას მინსკის მიერ კონკრეტული მოთხოვნების შესრულების გარეშე, ლაიჩაკი ამყარებს უარით ლუკაშენკოს ამასწინანდელ შეთავაზებაზე: პოლიტიკურ პატიმრებს ევროკავშირში გავუშვებო... ლაიჩაკის თქმით, ევროკავშირში მიჩვეული არიან „ლუკაშენკოს უცნაურ, სასაცილო და არასერიოზულ განცხადებებს და ასეთი იყო ეს განცხადებაც“. დიპლომატი ასე განმარტავს ევროკავშირის მიზნებს:

„ჩვენ რაც გვინდა, ეს არის ბელორუსიაში ვითარების ნორმალიზება და ევროპული ფასეულობების შესრულება და პატივისცემა, კანონის უზენაესობის პატივისცემა, პატივისცემა უფლებებისა, რომლებიც ბელორუსიის მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ კონსტიტუციით, მაგრამ სინამდვილეში არ გააჩნიათ. ამდენად, საქმე ისე არ არის, თითქოს ევროკავშირს სურდეს ამათუ იმ პირის ბელორუსიიდან წაყვანა და ჩვენს ტერიტორიაზე დატოვება. საქმე ეხება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ბელორუსიის მოქალაქეებისათვის“.

ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახური, რომლის ერთ-ერთ განყოფილებასაც ხელმძღვანელობს მიროსლავ ლაიჩაკი, თავს იკავებს ბელორუსიის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი სანქციების გამკაცრებისაგან. არ აპირებს მაგალითად, ბელორუსიის გარიცხვას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამიდან (რომელშიც, როგორც ცნობილია, საქართველოს მონაწილეობს), ან ბოიკოტის გამოცხადებას ჰოკეიში 2014 წლის ჩემპიონატისათვის, რომელსაც ბელორუსიამ უნდა უმასპინძლოს.
ალექსანდრ ლუკაშენკო

ევროკავშირი ხელს არ უშლის არც ლუკაშენკოს რეჟიმის მცდელობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიიღოს კრედიტი, რომელიც სჭირდება მწვავე ეკონომიკური კრიზისისა და თითქმის 35-პროცენტიანი ინფლაციის პირობებში.

როგორც ლაიჩაკი ამბობს, ევროკავშირმა ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯის გადადგმამდე უნდა გაითვალისწინოს ბელორუსიის მოსახლეობის ინტერესები. „ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში ვცდილობთ, ზედმიწევნით მოვურგოთ პოზიცია მკაცრ მიდგომას რეჟიმისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებში და ამავე დროს არ დავუშვათ, რომ დაისაჯონ მოქალაქეები, ვისაც არ მიუძღვის ბრალი და არ არის პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე. ასე რომ, ყველა წინადადებას, რომელზეც ვმსჯელობთ და რომელსაც სხვებისაგან ვიღებთ, ამ კუთხით განვიხილავთ“, - ამბობს მიროსლავ ლაიჩაკი.

მომავალი შეხვედრა, რომელზეც ბელორუსიაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობაა მოსალოდნელი, გაიმართება 18 ივლისს, როცა ბრიუსელში შეიკრიბებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.
XS
SM
MD
LG