Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ბი-ბი-სის კორესპონდენტი გათავისუფლდა


ტაჯიკეთმა გაათავისუფლა ბი-ბი-სის კორესპონდენტი, რომელიც უკანონო ექსტრემისტული დაჯგუფების წევრობაში იყო ეჭვმიტანილი. ორუნბოი უსმანოვი 13 ივნისს დააპატიმრეს და იმ ხნის განმავლობაში, რაც პროკურატურა საქმეს სწავლობდა, მხოლოდ ერთხელ შეახვედრეს ოჯახის წევრებს.

არა, ჩემი განთავისუფლება არ ყოფილა მოულოდნელი. მე მჯეროდა ტაჯიკეთის ხელისუფლების სამართლიანობის...
ტაჯიკეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუჯანდის ციხეში მყოფი ორუნბოი უსმანოვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ის შინ მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. ტაჯიკური ინტერნეტგამოცემა „აზია პლუსის“ თანახმად, ტაჯიკეთის გენერალურმა პროკურორმა შერკჰონ სალიმზოდამ განაცხადა, რომ „პროკურატურა ბრალდებულის ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელებს უსმანოვის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.“ მიუხედავად ამისა, როგორც საპყრობილიდან გათავისუფლებამდე უთხრა უსმანოვმა რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს, იგი გახარებულია თავისუფლების მოპოვებით და ამას მოულოდნელობად არ მიიჩნევს:

„არა, ჩემი განთავისუფლება არ ყოფილა მოულოდნელი. მე მჯეროდა ტაჯიკეთის ხელისუფლების სამართლიანობის. დარწმუნებული ვარ, რომ ტაჯიკეთი აშენებს დემოკრატიულ სეკულარულ ქვეყანას. ამიტომაც ჩემი გათავისუფლება არ ყოფილა მოულოდნელობა.“

ჟურნალისტმა საუბარი მალე დაასრულა, რადგან, როგორც თავად თქვა, დაარიგეს, რომ არ მისცეს ინტერვიუები. 59 წლის უსმანოვი, ტაჯიკეთში მცხოვრები უზბეკი, ბი-ბი-სისთვის 10 წელია მუშაობს. იგი 13 ივნისს დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს უკანონო ექსტრემისტული დაჯგუფების, „ჰიზბ უჰ-ტაჰრირის“, წევრობა. უსმანოვი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ამ ჯგუფის წევრებს შეხვდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა.

სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის მსოფლიო სამსახურმა თავის განცხადებაში ჟურნალისტის გათავისუფლებას „სასიხარულო“ უწოდა:

„გახარებულები ვართ, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ყურად იღო ჩვენი მიმართვა. ჩვენ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავით ურუნბოის უდანაშაულობაში, რადგან ყველაფერი, რასაც იგი აკეთებდა, უკავშირდებოდა მხოლოდ მის საქმიანობას ბი-ბი-სისათვის.“

უფრო ადრე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა დაგმო ბი-ბი-სის ტაჯიკი თანამშრომლის დაპატიმრება, როგორც ხელისუფლების მცდელობა, „რაც შეიძლება ნაკლებად გაშუქდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და რელიგიური პრობლემები“. თუმცა ტაჯიკეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებას, თითქოს იგი ზღუდავდეს ჟურნალისტების საქმიანობას. „მედიის მუშაკები და ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარ მოვალეობას, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, პასუხისმგებლობითა და პროფესიულად ასრულებენ, არავითარ დაბრკოლებას არ განიცდიან ყოველდღიურ საქმიანობაში“,- ნათქვამია ავსტრიაში ტაჯიკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნურიდინ შამსოვის წერილში. „დაპატიმრებული ჟურნალისტების სასამართლო პროცესი ღიად და გამჭვირვალედ, კანონის შესაბამისად ხორციელდება“, - აღნიშნულია იმავე წერილში, რომელიც დიპლომატმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს დუნია მიატოვიჩს გაუგზავნა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG