Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი პეტრეუსი გადადგა ავღანეთში ნატოს ჯარის მეთაურის თანამდებობიდან


გენერალი პეტრეუსი
გენერალი პეტრეუსი
ავღანეთში განთავსებული ნატოს ჯარის სარდალი, აშშ-ის გენერალი დევიდ პეტრეუსი დღეს თანამდებობიდან გადადგა. მის მიერ თანამდებობის დატოვების ფონზე, ავღანეთში ძალადობა იზრდება.
წუხელ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ახლო მრჩეველს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და მასთან ერთად მოკლეს სტუმარიც, ურუზგანის პარლამენტის წევრი. ჯან მოჰამედ ხანის საცხოვრებელთან (ის ადრე ურუზგანის გუბერნატორი იყო) მალევე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, მაგრამ უკვე გვიან იყო: ხანი და მოჰამედ ჰაშამ ვატანვალი გარდაცვლილები იყვნენ. ავღანეთის ეროვნული არმიის მეთაურმა ყადამ შაჰ შაჰიმმა ჟურნალისტებს მოგვიანებით ამცნო, „ორმა შეიარაღებულმა პირმა შეიწირა ჯან მოჰამად ხანი, ურუზგანის პროვინციის ყოფილი გუბერნატორი, და შაჰამ ვატანვალი, ქვედა პალატის წევრი. თავდამსხმელები პოლიციამ დახოცა და ახლა ვითარება ჩვენ მიერ კონტროლდებაო.“

ხანი გავლენიანი და, გარკვეული აზრით, სადავო ფიგურა იყო, რომელსაც ზოგჯერ საველე მეთაურსაც უწოდებდნენ. ის 2006 წელს ურუზგანის მმართველის პოსტიდან გადააყენეს, რადგან ჰოლანდიელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს,რომ ის ნარკოტიკებით ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული. ხანის მკვლელობაზე ახლა პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა, რომელმაც განაცხადა,ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლაში ნატოს ეხმარებოდაო. დიდი ხანი არ არის გასული მას მერე, რაც მოკლეს პრეზიდენტის უმცროსი ძმა, აჰმად ვალი კარზაი, რომელიც ყანდაარის საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა. აჰმად ვალი მისმა ახლობელმა მოკლა. პრეზიდენტ კარზაისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან მოკლულს მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევდნენ სამხრეთ ავღანეთში ჯარების საბრძოლო მოქმედებათა წარმართვის საქმეში. ამ არეალში თალიბანი დომინირებს. მკვლელობების ეს სერია შემაშფოთებელია იმ მხრივ, რომ მეამბოხეებისგან ძალადობა იზრდება და ისინი წარმატებას აღწევენ. არადა, მანამდე, ბოლო ხანებში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო ჯარმა უკვე ობამას მმართველობის პერიოდში წინსვლა აჩვენა. ამჟამად ქვეყნის უშიშროებაზე ავღანეთის ჯარი იბარებს პასუხისმგებლობას, ნატოს სამხედროები კი ქვეყანას ეტაპობრივად ტოვებენ. გენერალი პეტრეუსი, რომელიც დღეს ოფიციალურად გადადგა, ადრე ერაყში მეთაურობდა საერთაშორისო ჯარს, ახლა კი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი ხდება. ის შარშან მიავლინეს ავღანეთში, რათა იქ აშშ-ის არმიის დამატებითი 30 ათასიანი შენაერთის ინტეგრირებისთვის ეხელმძღვანელა. მას ახლა შეცვლის აშშ-ის საზღვაო ფლოტის გენერალ-ლეიტენანტი, ჯონ ალენი, რომელმაც ქაბულში ცერემონიაზე თქვა, ილუზიები არა მაქვს - ვიცი, რთული დღეები მოგველის ყველას ერთად, საერთაშორისო ჯარს და ავღანელ პარტნიორებს, მაგრამ ერთად გავაგრძელებთ დიდებულ საქმეს მომავალშიცო.კვირას ავღანეთის მინისტრები ბამიანის პროვინციაში ჩავიდნენ, ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ არეალში, სადაც ახალი ზელანდიის არმიამ ავღანელ კოლეგებს ჩააბარა რეგიონის უსაფრთხოება. ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აბდულ რაჰიმ ვარდაკმა საგანგებო ცერემონიაზე განაცხადა, ეს ავღანეთისთვის დიდებული დღეაო: „სასიამოვნოა, რომ ვიწყებთ ავღანეთის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მართვაში ძირეულ ცვლილებებსო“, თქვა მან. ბამიანი პირველი რეგიონია იმ შვიდიდან, რომელსაც ავღანეთის არმია გააკონტროლებს მომავალში. პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს - ის 2014 წელს დასრულდება, როცა ავღანელი სამხედროები მთლიანად ჩააბარებენ მათ ქვეყნის უსაფრხოებას.
თალიბანი დაიმუქრა, რომ ამ პროცესში ის საზეიმო ცერემონიების ჩაშლას შეეცდება. არც ერთი ახალზელანდიელი სამხედრო არ დატოვებს ავღანეთს ერთი წელი მაინც. სამხრეთის არეალებში გარკვეული წინსვლის მიუხედავად, ვითარება გაუარესდა ჩრდილოეთში, ასევე აღმოსავლეთში. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2011 წლის პირველი ექვსი თვე ყველაზე სისხლიანი იყო მოქალაქეთათვის 2001 წლის შემდეგ, როცა თალიბანის მმართველობიდან ჩამოშორება მოხერხდა. ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარის გაყვანის პროცესი დაწყებულია. მომავალი წლისთვის აშშ-ის ასი ათასი სამხედრო პირის მესამედმა ავღანეთი უნდა დატოვოს. ამ თვის ბოლოს შინ დაბრუნდება კანადის 2900 ჯარისკაცი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG