Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიარდერი მენავთობე ქალი უხერხულობას უქმნის ყაზახეთის მმართველ ოჯახს


გოგა აშკენაზი
გოგა აშკენაზი
მომხიბლავი, ახალგაზრდა და ბიზნესში წარმატებული ქალია გოგა აშკენაზი, ყაზახეთში დაბადებული მილიარდერი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ოლიგარქების, ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების წრეში ტრიალებს. ის ბრიტანეთის პრინც ენდრიუს ახლო მეგობარია. აშკენაზი ლონდონიდან მართავს თავის სამრეწველო იმპერიას. ამასთან, მას ვაჟი ჰყავს ყაზახეთის პრეზიდენტის სიძისგან, რაც ამ ქვეყანაში ნეპოტიზმის კიდევ ერთი მამხილებელი ფაქტია.

გოგას ადრე გაუხარი ერქვა, აშკენაზი კი ყოფილი ქმრის გვარია - ქალიშვილობაში ის ბერკალიევას გვარს ატარებდა. გაუხარ ბერკალიევა ირიგაციის ინჟინრის ოჯახში დაიბადა, ყაზახეთში, ტარაზში, ჟამბილის რეგიონში. ამჟამად 31 წლის ტანმაღალი, მიმზიდველი ქალის აღმასვლა სწრაფად მოხდა. მან განათლება ოქსფორდში მიიღო, ოფისი ლონდონში აქვს, პრესტიჟულ ჰოლანდ პარკში, საიდანაც უძღვება თავის იმპერიას, რომელიც არაერთ ქვეყანაზეა გაშლილი. გოგა აშკენაზის აფასებენ ბრიტანეთშიც და რუსეთშიც, მაგრამ მისი წარმატების გასაღებს ყაზახეთის პრეზიდენტის ოჯახთან კავშირებში ეძებენ წარმატებული ქალის ცხოვრების ჩხრეკით დაინტერესებული პირები. შემთხვევითი არ არის, რომ აშკენაზის ყაზახეთში არ იცნობენ ისე, როგორც უცხოეთში. ამ ქვეყანაში მედიას სახელმწიფო აკონტროლებს და შეიძლება ნაზარბაევს არ სურდა მისი სიძის თავგადასავლებზე ამ კუთხით ელაპარაკა ტელევიზიას თუ რადიოს. მაგრამ 6 ივლისს, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის დაბადების დღეს (ის 71 წლისა გახდა), ბიშკეკში დაფუძნებულმა კერძო ტელეარხმა, “K+”-მა, აჩვენა აშკენაზის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „მეფის ასული და მათხოვარი“. ფილმში ლაპარაკია აშკენაზის ინტიმურ ურთიერთობაზე ნაზარბაევის სიძესთან, ტიმურ კულიბაევთან, რომელიც უკვე 20 წელიწადია პრეზიდენტის ქალიშვილზე, დინარაზეა დაქორწინებული და მის ხელში სამი შვილი ჰყავს. კულიბაევის და აშკენაზის სასიყვარულო კავშირმა, რომელიც 2005 წელს დაიწყო, 2007 წელს ქვეყანას მოუვლინა ვაჟი ადამი,რომლისთვისაც გვარის მიცემის მიზნით კულიბაევი ლონდონშიც კი გადაფრინდა. წელს, უფრო ადრე, რუსეთის ტელეარხმა NTV-მ გააკეთა სიუჟეტი გოგა აშკენაზიზე, რომელსაც გადამღები ჯგუფი შვეიცარიაში, სამთო-სათხილამურო აგარაკზე, და დუბაიში საქმიანი ვიზიტის დროს თან ახლდა. აშკენაზიმ არ ისურვა რადიო თავისუფლებასთან საუბარი, მაგრამ ის არ მალავს, რომ დიდხანს კულიბაევის საყვარელი იყო, როცა ორივენი უკვე დაქორწინებულები იყვნენ. გოგა კალიფორნიელ ქმარს, სტივენ აშკენაზის გაშორდა, კულიბაევი კი დღესაც დინარასთან ერთად ცხოვრობს და ყახაზეთში ოჯახის მამის სახელი აქვს. ამ ყველაფერზე ყაზახეთის მედია დუმს. ყაზახი ბიზნესმენი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბულატ აბილოვი ამბობს, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ბევრ უსიამოვნო შეკითხვას გააჩენს სანავთობო სექტორსა და ნავთობის მეფეებთან აშკენაზის კავშირების გამო და ამიტომ თავს არიდებენო:

„მთავრობის მომხრე მედიასა და კერძო გამოცემებში არაფერს ამბობენ აშკენაზიზე, თუმცა ტიმურ კულიბაევთან მისი კავშირის შესახებ იციან. ეს თემა აკრძალულიცაა და საშიშიც, რადგან საჩოთირო თემების რიცხვს მიეკუთვნება.“

13 წლისა იყო, როცა ინგლისში სკოლა-ინტერნატში გაგზავნეს. შემდეგ თანამედროვე ისტორია და ეკონომიკა ისწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში. მან სკოლაშივე გამოავლინა გამორჩეული გონებრივი მონაცემები. იქვე, სკოლაში, დაამყარა მან საჭირო კონტაქტები. როცა ყახაზეთის ნავთობს და გაზს კარგი ფასი დაედო, გოგა აშკენაზიმ ვითარებას სწრაფად აუღო ალღო და მალევე დაიწყო ქონების შეძენა ბრიტანეთში, სადაც მაღალ საზოგადოებაშიც შეაღწია და ადგილი დაიმკვიდრა. თუმცა მისი საქმიანობა ყაზახეთს უკავშირდება. აშკენაზი ყახაზეთის კერძო ნავთობისა და გაზის კომპანიის,“ მუნაიზიგაზ ინჯინირინგის“ დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორია. თვითონვე ხელმძღვანელობს საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც ყაზახეთში ინვესტიციებითაა დაკავებული.ბიზნესმენმა ქალმა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ის ახლა აპირებს ბედი სცადოს ოქროს მოპოვების მრეწველობაში. კულიბაევთან მისი რომანი დასრულდა, მაგრამ ნაზარბაევის მემკვიდრედ მიჩნეულ ამ ადამიანთან მისი ურთიერთობა კვლავ შესანიშნავი რჩება. გოგა აშკენაზი აღიარებს, რომ კულიბაევი მისთვის საქმიანობაში დახმარებას არ იშურებს. ესაა, რომ ბევრს ყაზახეთში მითქმა-მოთქმის საბაბს აძლევს. სოციალური და პოლიტიკური საკითხების მკვლევარი ალმა ათაში აიდოს სარიმი განმარტავს:

„ყახაზეთში ამ სფეროში ორმაგი მორალი მოქმედებს. ხალხმა იცის ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების სასიყვარულო თავგადასავლების, საყვარლების, უკანონო შვილების შესახებ, მაგრამ ეს მათ რეპუტაციას ზიანს ვერ აყენებს. ჩვენ არ გვაქვს იმის კულტურა, რომ პოლიტიკოსების ან ბიზნესმენების კარიერა ამ საკითხებზე იყოს დამოკიდებული.“

მაგრამ რაც ხალხს მართლაც აღიზიანებს, ისაა, ამბობს სარიმი, რომ სახელმწიფოს სიმდიდრეს იპარავენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG