Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელ ოფიცერს საჯარო პროტესტი საბედისწეროდ შეუტრიალდა


გავრცელებული აზრით, აზერბაიჯანში დემოკრატიის დონე უფრო დაბალია, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ივლისის თვეში აზერბაიჯანში ადგილი ჰქონდა სამხედრო ოფიცრების ისეთ უჩვეულო პროტესტს, როგორსაც იშვიათად თუ ნახავთ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რომელიც დემოკრატიის მშენებლობით რეგიონის ლიდერი ქვეყანაა. ივლისის დასაწყისში სამმა აზერბაიჯანელმა ოფიცერმა დაარღვია იერარქიული სუბორდინაცია და საჩივრით პირადად პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართა. თანაც, აზერბაიჯანელმა ოფიცრებმა ეს გააკეთეს საჯაროდ, „იუტუბით“ გავრცელებული ვიდეომიმართვის საშუალებით. რას უჩივიან აზერბაიჯანელი ოფიცრები და რა პასუხი მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან მათ ასეთ აპელაციას?

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იძიებს იმ ბრალდებებს, რომლებიც ილჰამ ალიევისადმი გაკეთებულ ვიდეომიმართვით გაავრცელა აზერბაიჯანის სამმა ოფიცერმა. კაპიტანი რამინ გასიმოვი, ლეიტენანტი ასგარ ასგაროვი და ზემდეგი შაჰლარ რზაევი ვიდეოჩანაწერში ჰყვებიან, თუ როგორ აიძულეს ისინი საკუთარი თანხებით შეეძინათ სამშენებლო მასალები ქალაქ ბელაგანის სამხრეთში მდებარე, ძლიერი ქარებით დაზიანებული ყაზარმების შესაკეთებლად.

აზერბაიჯანელი ოფიცრების საჯარო მიმართვას დიდი ხმაური მოჰყვა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელდარ საბიროღლუმ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოფიცრების მიერ გამოთქმულ საჩივარზე გამოძიება დაწყებულია და შესაბამისი განცხადება გამოძიების დასრულებისთანავე გაკეთდება.

თუმცა ბაქოში არსებული საექსპერტო ორგანიზაცია „დოქტრინის“ ხელმძღვანელი ჯესურ სუმერინლი ვარაუდობს, რომ სიმართლის მთქმელი ოფიცრები შესაძლოა სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამის თქმის უფლებას სამხედრო ექსპერტს აძლევს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის ვაგიფ მამადოვის განცხადების ის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთ დამბეზღებელ ოფიცერს, კაპიტან გასიმოვს შეეხებოდა. 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელმა მოხელემ განაცხადა, რომ კაპიტანი გასიმოვი თავად არის ბრალდებული ორი ჯარისკაცის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, რასაც პროკურატურა იძიებს:

„4 ივლისს გასიმოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შემდეგ კაპიტანმა გასიმოვმა სამხედრო ნაწილში მყოფ მეგობარ ოფიცრებს უთხრა, რომ შურს იძიებდა, თუკი არ დაიხურებოდა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.“

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კიდევ უფრო შორს წავიდა და კაპიტან გასიმოვს, რომელმაც არმიაში გამეფებულ კორუფციაზე საჯარო ლაპარაკი გაბედა, ბრალი დასდო იმაში, თითქოს მაბეზღარა ოფიცერმა ამხანაგები იძულებით დაიყოლია ვიდეოფირზე გამოჩენილიყვნენ:

„ლეიტენანტი ასგარ ასგაროვი და ზემდეგი შაჰლარ რზაევი დაემორჩილნენ მეთაურის ბრძანებას. ისინი ვერ ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა.“

აზერბაიჯანის ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებენ იმ სამი ოფიცრის ოჯახებზე, რომლებმაც არმიაში არსებულ კორუფციაზე საჯაროდ განაცხადეს. თუმცა ასეთი ზეწოლის ფაქტს უარყოფს აზერბაიჯანის სამხედრო უწყება.

და მაინც, „იუტუბით“ გავრცელებულმა მიმართვამ განამტკიცა საყოველთაო აზრი აზერბაიჯანის არმიაში გავრცელებული კორუფციის თაობაზე. 2010 წელს, გლობალური ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის“ თანახმად, აზერბაიჯანი კორუფციის მხრივ 134-ე ადგილზეა 178 ქვეყანას შორის. აზერბაიჯანის სამხედრო უწყების წლიური ბიუჯეტი 3.3 მილიარდი დოლარია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 20 პროცენტს შეადგენს. ეს ასტრონომიული თანხა, რაც, ცალკე აღებული, სომხეთის ანდა საქართველოს მთელ სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტია, თითქმის უკონტროლოდ იხარჯება, ამბობს თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსი, ჯესურ სუმერინლი:
„ სამხედრო ხარჯები აზერბაიჯანში წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ იგი არ არის მიმართული არმიაში სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, არმია ჯარისკაცის შემოსვაზე, კვებასა და შრომის ანაზღაურებაზე 30 პროცენტზე ნაკლებს არ უნდა ხარჯავდეს. სოციალურ საკითხებზე ორიენტირებულ არმიებში ეს თანხა 40-50 პროცენტს შეადგენს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს.“

აზერბაიჯანის არმიაში, საბრძოლო ოფიცერი შრომის ანაზღაურების სახით 450 მანათს (572 დოლარს) ღებულობს, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი ჯესურ სუმერინლი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წლის დასაწყისში კორუფციის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა გამოაცხადა. შედეგად, თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებამ პრეზიდენტის ინიციატივის კვალობაზე ანტიკორუფციული პროგრამა შეიმუშავა. თუმცა - თავდაცვის სამინისტროს გარდა, რომელიც განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობს. აზერბაიჯანში არ არსებობს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კონტროლისა და ბალანსის სისტემა, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი ჯესურ სუმერინლი და დასძენს,ოფიცრების მიერ საკუთარი სახსრებით ყაზარმების რემონტიც ამ კორუფციის შემადგენელი ნაწილიაო:
„მაგალითად, არმია ძალიან ცუდად მარაგდება ავტომობილებით. ოფიცრები კი ვალდებულნი არიან თავადვე შეისყიდონ ავტომობილის მარაგნაწილები. მაგრამ, თუ ყურადღებით გავაანალიზებთ აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტს, დავინახავთ, რომ მასში საკმაო რესურსებია გამოყოფილი ისეთ საგნებზე, როგორიცაა სამშენებლო მასალები, ავტომობილის მარაგნაწილები და სხვა.“

რაც შეეხება ზემოხსენებული სამი ოფიცრის მიერ საჯაროდ გაკეთებულ ბრალდებებს, სამხედრო მიმომხილველი ჯესურ სუმერინლი იხსენებს, რომ ადრე ვინც სამხედრო ხელმძღვანელობის კორუფციაზე საუბარი გაბედა, ან სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს ანდა ციხეში ჩასვეს მეზობელი სომხეთისათვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემის ბრალდებით. ელოდებათ თუ არა იგივე ბედი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელზე „იუტუბით“ გაკეთებული მიმართვის ავტორ ოფიცრებს, ძნელი სათქმელია. თუმცა, როგორც გითხარით, მიმართვის ავტორის, კაპიტან გასიმოვის წინააღმდეგ უკანა რიცხვით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ჯარისკაცების ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG