Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიში შუშიდან


როდესაც ვფიქრობდი, რა შეიძლება საქართველოში მოხდეს უახლოეს წლებში, ორ დასკვნამდე ძალიან მალე მივედი:

1. რადიკალი ოპოზიციონერები ჩიხში არიან: საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში ქუჩაში ვერაფრით გამოიყვანენ, ვთქვათ, 50 000 თავდადებულ ადამიანს.
2. არჩევნების მოსურნე პოლიტიკოსებიც ჩიხში არიან, რადგან ვერც ისინი შემოიკრებენ მილიონ მხარდამჭერს, რომლებსაც შეუძლიათ, რევოლუციის გარეშე, მშვიდობიანად შეცვალონ ხელისუფლება.

რატომ არიან ჩიხში?

ვარდების რევოლუციის დროს ცვლილებებისთვის ხალხის მობილიზება, ძირითადად, მართვის საკითხი იყო. თუ პროცესი კარგად იქნებოდა ორგანიზებული, დაფინანსებული და მართული, შედეგი დადგებოდა. თუ არა და – არა. დღეს მოსახლეობის ორგანიზება ცვლილებებისთვის სულაც აღარ ეხება მართვის უნარებს. ეს თავგანწირვის და გმირობის სფეროა – როგორც პოლიტიკოსების, ასევე მოსახლეობის მხრიდან.

რატომ არის ოპოზიციის წარმომადგენლობა ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, რეგიონებში? იმიტომ, რომ ოპოზიციონერობა ნიშნავს ორიდან ერთს: ან „გიჟი თავისუფალიას“ (ანუ მარგინალის) როლში ყოფნას, ან – სრულ უსუსურობას. ორივე შემთხვევაში, ოპოზიციონერობა ნიშნავს წარუმატებლობას. დღევანდელ საქართველოში ძალაუფლება განუყოფლად ეკუთვნის ერთ პარტიას და ყველა დანარჩენი, ვინც პოლიტიკაში საქმიანობას გადაწყვეტს, ან გმირობისთვის და თავდადებისთვის უნდა იყოს მზად, ან – მუდმივი წარუმატებლობისთვის. იმის გამო, რომ გმირები და თავდადებული ხალხი პოლიტიკაში არ გვყავს, ოპოზიციონერობა – ჩიხია.

ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობაშია ხელისუფლება და, ოპოზიციისგან განსხვავებით, მის გზას მაინც თუ აქვს რაიმე პერსპექტივა. ჩემი აზრით, ხელისუფლებაც ჩიხშია.

ხელისუფლების ჩიხურ მდგომარეობას განაპირობებს შიში, რომელიც ყველაზე დომინანტური ფაქტორია დღევანდელ საქართველოში. ხელისუფლებას ეშინია ძალაუფლების დაკარგვის და სწორედ შუშის ნათელი შენობებიდან მომდინარე ეს შიში უდებს სათავეს პროცესებს, რომლებიც მთელი ქვეყნის დეგრადაციას იწვევს.

თავის მხრივ, ძალაუფლების დაკარგვის შიში მომდინარეობს იმ რეალობიდან, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს შანსი, ან შეინარჩუნოს, ან დაკარგოს თავისი დღევანდელი მდგომარეობა. დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ერთი პარტიის თუ ლიდერის მმართველობის ვადა განსაზღვრულია, მაქსიმუმ, ათი წლით, ძალაუფლების დაკარგვის შიში არ არსებობს – რადგან არ არსებობს ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა. ეს შიში ჩნდება იქ, სადაც ვადები პირობითია და ძალაუფლებას ის ფლობს, ვინც ყველაზე ყოჩაღია, ვინც არაფერს ერიდება თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. სწორედ შიში აიძულებს ხელისუფლებას, დროთა განმავლობაში სულ უფრო ღრმად და გააფთრებით ჩაეჭიდოს ძალაუფლებას. მიხეილ სააკაშვილმა მოიფიქრა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც მას საშუალება მისცა, განუსაზღვრელი ვადით დარჩეს ქვეყნის პირველ პირად. მაგრამ ეს მხოლოდ საშუალებაა და არა გარანტია. იმისათვის, რომ საშუალება გარანტიად გადაიქცეს, ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება, დათრგუნოს, დააჩიავოს, „გააფარჩაკოს“, „ჩარეცხოს“ ყველა და ყველაფერი. შეძლებს? ვერ შეძლებს? თუ ვერ შეძლებს, რა მოჰყვება ძალაუფლების დაკარგვას? საიდან შეიძლება წამოვიდეს საფრთხე? აი, ეს ფიქრები, რომლებიც, შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილს და მის უახლოეს გარემოცვას არ აწუხებდეს, წარმოქმნის შიშის მძლავრ იმპულსს, რომელსაც დავარქვი „შიში შუშიდან“ და რომელიც, ჩემი აზრით, მთლიანად წარმართავს ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

* * *

ხელისუფლების შიშების გადმონერგვა ხალხში, ჩემი დაკვირვებით, სამი არხით ხორციელდება. პირველი – ყველაზე სუსტი, მაგრამ მდგრადი გავლენის არხი – სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებია. როგორც წესი, „კურიერი“ და „ქრონიკა“ იწყება კრიმინალის, მკვლელი ვირუსების, მომწამვლელი პროდუქტის, ავიაკატასტროფების და სტიქიური უბედურებების შესახებ თხრობით. ეს ამბები, რომლებიც ყოველდღიურად უწყვეტ ნაკადად შეედინება ადამიანების ცნობიერებაში, ნერგავს ირაციონალურ შიშს და აჩენს ძლიერი კალთის ქვეშ შეფარების გაუცნობიერებელ სწრაფვას. ჩემთვის არაერთხელ უკითხავთ, რატომ იწყება ესა თუ ის საინფორმაციო პროგრამა ზედიზედ მიწყობილი დამთრგუნველი სიუჟეტებით. ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ არჩევნების დღეს, როცა ადამიანი მიდის და რატომღაც ხმას აძლევს მმართველ პარტიას, თუმცა, არ არის ამ პარტიის გააზრებული მომხრე.

მეორე – საკმაოდ ძლიერი – არხი, რომლის მეშვეობითაც შიში მკვიდრდება, საინფორმაციო-ფინანსური არხია. ნებისმიერი კომპანია, რომელიც მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას ეწევა, ადრე თუ გვიან პროკურატურის ბრჭყალებში აღმოჩნდება. ამ არხის მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი ზურაბ ადეიშვილია. მისი განკარგვის სფეროში სულ უფრო მეტი თანამედროვე ცოდნა/ტექნიკა შედის და საქართველოს თითოეული მოქალაქე – თავის ფინანსებიანად – სულ უფრო გამჭვირვალე ხდება ადეიშვილის უწყებისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლო პროკურატურის ნების უსიტყვო დამყოლია, ადვილად წარმოვიდგენთ, მოსახლეობის რამდენად ფართო და უნარიანი სპექტრი ჩართო ხელისუფლებამ შიშის ველში თავისი საინფორმაციო–ფინანსური ბერკეტების უხეში გამოყენებით. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ 2010 წელს, საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტი 112 795 907 ლარით შეივსო.

მესამე – ყველაზე ძლიერი – არხი, რომელიც შიშს ამკვიდრებს, არის პოლიცია და უშიშროების სისტემა. სატელეფონო საუბრების მოსმენა, ინტერნეტული მიმოწერის გაკონტროლება, ძალის გადაჭარბებული გამოყენება მიტინგებზე და ქუჩაში, არასასურველი პირების დაუნდობელი ცემა და დაუსჯელობის დემონსტრირება, უკანონო დაპატიმრება და პროცედურების დარღვევა, შანტაჟი, მოსყიდვა, ჯაშუშობაში დადანაშაულება, პირდაპირი დაშინება – ეს მხოლოდ მოკრძალებული ჩამონათვალია იმ ხერხებისა და ბერკეტებისა, რომელთა მეშვეობით ინერგება შიში და, იმავდროულად, ვანო მერაბიშვილის უძლეველობის მითი მკვიდრდება.

* * *

აქ მინდა მთავარ სათქმელს ოდნავ გადავუხვიო. საქართველოში შიშის დანერგვის სიმბოლო, პრეზიდენტის მიერ „სახელმწიფოს ხერხემლად“ მონათლული ვანო მერაბიშვილი, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დაჟინებით ცდილობდა თავისი „ხერხემლური“ ფუნქციის იგნორირებას, ხუმრობდა, ჟარგონით საუბრობდა და საკუთარ თავს „ენჯიოშნიკად“ მოიხსენიებდა. პირადად მე ასეთი უცნაური ქცევა სახელისუფლო შიშის ირიბ გამოვლენად შევაფასე.

ამავე შიშის არაცნობიერ დასტურად მიმაჩნია ორი შეცდომა, რომლებიც ვანო მერაბიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაუშვა. თავდაპირველად მინისტრმა თქვა, რომ გედენიძე ადრევე ჰყავდათ „დავერბოვკებული“ რუსებს და ქურციკიძეს ამ საქმეში წვლილი არ მიუძღვის. მეორე დღეს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, რომელიც შეხვედრას თავადაც ესწრებოდა, გადათქვა – მინისტრს გედენიძის ადრეულ „დავერბოვკებაზე“ არაფერი უთქვამსო. ახლაც, როცა ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით ზოგიერთი მასალა უკვე ხელმისაწვდომია, ვერსად ნახავთ ინფორმაციას გედენიძის ძველი აგენტობის შესახებ. ესე იგი, მინისტრმა თქვა ის, რაც არ უნდა თქმულიყო (რატომ არ უნდა თქმულიყო, ეს ცალკეა გასარკვევი).

მეორე შეცდომა არანაკლებ უცნაურია. შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილმა განმარტა: „გამოძიებას აქვს დადასტურებული ეჭვი, რომ ქურციკიძეს მინიმუმ ორი ადამიანის მეშვეობით ჰქონდა კავშირი „გრუ“-სთან. მაგრამ როგორ ხდებოდა ინფორმაციის გადაცემა, არ ვიცით, ამას ვიკვლევთ“. საინტერესოა არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ გამოძიებამ არ იცოდა, როგორ ხდებოდა მასალის გადაცემა, არამედ ის უფრო – რომ მინისტრი მაინც დაგვპირდა, სასამართლო მალე გაიმართებაო. რატომ გაგვანდო ვანო მერაბიშვილმა გამოძიების ესოდენ მნიშვნელოვანი ხარვეზი? ზედმეტი თავდაჯერების თუ ზედმეტი დაძაბვის გამო? ალბათ, ფსიქოლოგებს ეცოდინებათ საინტერესო თეორიები ამგვარ შეცდომებთან დაკავშირებით.

* * *

ამ სტატიაში არაფერს ვიტყვი პირადად მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ერთდროულად მთავარი შეშინებული და მთავარი შემშინებელია. ეს საკითხი ცალკე სტატიას იმსახურებს.

* * *

შიშის დანერგვის სამივე არხი – სატელევიზიო, საინფორმაციო-ფინანსური და ძალისმიერი – წლების განმავლობაში შეწყობილად მუშაობს. ეს იწვევს სასურველ მოკლევადიან შედეგს – დათრგუნულ მოსახლეობას: ოპოზიციონერებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, პოეტებს, მეზობლებს, ნათესავებს, თანასოფლელებს, თანაქალაქელებს... ოღონდ, ამ გზის ჩიხურობას განაპირობებს ის გარდაუვალი აუცილებლობა, რომ ტოტალურად დათრგუნულ გარემოში ქვეყანაც შეუქცევადად დეგრადირდება – როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად, ეკონომიკურად, შემოქმედებითად... მართალია, ნამდვილი შინაარსი ბევრი გარეგნული მოსართავით კოხტავდება, მაგრამ ამით საფრთხე არ მცირდება.

ეს ბლოგი იმის სათქმელად დავწერე, რომ პოლიტიკურ პროცესში მთავარია მოძრაობა, ცვლილება. უძრაობა არის ჩიხი, რომელიც კლავს განვითარების პროცესს, ძალას აცლის ოპოზიციას, რყვნის და აშინებს ხელისუფლებას და აჩაჩანაკებს ქვეყანას. აი, ამ საფრთხის წინაშე ვართ ჩვენ, თუ სიმართლე გვინდა.

მოსალოდნელია თუ არა ჩიხის განგრევა? ხედავენ თუ არა საქართველოს მეგობარი/პარტნიორი ქვეყნები ამ ჩიხს? სურთ თუ არა მათ რეალური ცვლილებები ქვეყნის განვითარებისთვის? არსებობს თუ არა ქვეყნის შიგნით ჩიხიდან გამოსვლის რესურსი? თუ არსებობს – რომელ სეგმენტში?

ამ შეკითხვებით თქვენ – ბლოგის კომენტატორებს – მოგმართავთ, რადგან მათზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG