Accessibility links

ახალი ამბები

სირიის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ ჰამის ცენტრზე

სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ტანკები და ჯარისკაცები შეიჭრნენ ქალაქ ჰამაში, მაშინ როცა გაეროს უშიშროების საბჭომ განაახლა სირიაზე მოლაპარაკება. უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა შორის ორი ქვეყანა, რუსეთი და ჩინეთი, უარს ამბობს სირიის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერაზე. თვითმხილველების ცნობით, ჰამას, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ეპიცენტრია, დღეს რაკეტები დაუშინეს, როცა ჯარისკაცებმა დაიკავეს ქალაქის ცენტრში მდებარე ასის მოედანი. იერიშის მეოთხე დღეს კვლავინდებურად შეწყვეტილია ჰამისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, არ აღდგენილა არც სატელეფონო კავშირი. კვირის შემდეგ სირიის ჯარებმა ათობით სამოქალაქო პირი დახოცეს ჰამაში. დაღუპულების რიცხვი 100-ს აღწევს, მაგრამ ძნელია ზუსტი რიცხვის დადგენა. ძალადობას გადაჭრით გმობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ევროკავშირმა გაზარდა სირიელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიმართული სანქციების სია, გაეროს უშიშროების საბჭო კი დღესვე, სავარაუდოდ, თბილისის დროით, 23 საათზე მიიღებს სირიაში ძალადობის დამგმობ რეზოლუციას.

ყველა ახალი ამბავი

„მართლმსაჯულების გადასარჩენად“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სასამართლო სისტემაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო, სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები ხელს მოაწერენ მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად.

როგორც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტის" იურისტმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, ამ აქციაზე არის ყველა ვინც უერთდება მოთხოვნებს და მანიფესტს. მთავარი მოთხოვნა არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომა, რომლებმაც ხმა მისცეს და კენჭი უყარეს მოსამართლეთა იმ სიას, რომელიც პარლამენტმა უვადოდ უნდა დანიშნოს, მთავარი მოთხოვნაა ასევე ის, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი არ განახლდეს სანამ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება და ის წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს კანდიდატებს არ დატოვებენ თანამდებობებს.

„ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ არსებობდა კრიტერიუმებიც, არსებობდა პროცედურაც, თუმცა ლევან მურუსიძე აღმოჩნდა ყველაზე ღირსებული, ყველაზე კეთილსინდისიერი და ყველაზე კომპეტენტური მოსამართლე ამ ქვეყანაში და საბჭოს 11 წევრი ცდილობს ამ საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მიხეილ ჩინჩალაძეზე და ლევან მურუსიძეზე უფრო კომპეტენტური იურისტი ამ ქვეყანას არ ჰყავს და ისინი იმსახურებენ, რომ იყვნენ უვადოდ დანიშნული მოსამსართლეები. ეს არის პროტესტის საფუძველი და მიზანი არის ის, რომ საბჭოს შეადგენლობა განახლდეს და სანამ ეს არ მოხდება პარლამენტის მხრიდან არანაირი კრიტერიუმების და პროცედურების დადგენას აზრი არ აქვს“, -განაცხადა სოფო ვერძეულმა.

​აქციაში მონაწილეობას იღებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, „სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი.”

აქციის ორგანიზაატორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ და სასამართლო სისტემამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლოს.

მექსიკაში გაიზარდა მილსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 85-მდე გაიზარდა მილსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მანამდე დადასტურებული იყო 79 ადამიანის გარდაცვალება. მექსიკის ხელისუფალთა განცხადებით, 54 ცხედარი იმდენად დამწვარია, რომ მათი ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ანალიზით იქნება შესაძლებელი. საავადმყოფოებში რჩება 72 დაშავებული. მექსიკის ქალაქ ტლაუელილპანში მილსადენზე აფეთქება 19 იანვარს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიამ Pemex-მა მილსადენის დაზიანების შესახებ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდა, თუმცა, ნავთობის გაჟონვის მასშტაბი სათანადოდ ვერ შეაფასა და მილსადენის გადაკეტვა საჭიროდ არ ჩათვალა. უცნობმა პირებმა მილსადენი განზრახ დააზიანეს, რის შემდეგაც ათასამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა დაიწყო დაზიანებული მილიდან საწვავის მიტაცება.

მექსიკაში ამჟამად საწვავის დეფიციტია. 2018 წლის დეკემბერში, მთავრობამ რამდენიმე მილსადენი დაკეტა საწვავის მიტაცების აღსაკვეთად. ბენზინის ტრანსპორტირება დაცული ცისტერნებით ხდება. მთავრობის ახალი პოლიტიკის გამო, ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგებია. მექსიკელები საწვავის მარაგის შექმნას ცდილობენ. 19 იანვარს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მექსიკის მთავრობამ განაცხადა, რომ საწვავის მიტაცებასთნ ბრძოლის პოლიტიკა არ შეიცვლება.

განათლების მინისტრი: ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა

მიხეილ ბატიაშვილი

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. საშობაო არდადეგები გასული კვირის დასაწყისში უნდა დამთავრებულიყო, თუმცა, გრიპის ვირუსის გამო სასაწავლო პროცესის განახლება ერთი კვირით გადაიდო. განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებას. ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში არსებულ მდგომარეობას ყოველდღიურად დააკვირდებიან და თუ დამატებითი ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტრო გადაწყვეტილებას უსწრაფესად მიიღებს.

„სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში წამიერად მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტრო "კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლებს, საკლასო ოთახები და დერეფნები დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვაში იმყოფება

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში. მამუკა ბახტაძეს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებას გამართავს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან, საულიუს სკვერნელისთან. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის შეხვედრა ლიეტუვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს. მამუკა ბახტაძესთან ერთად ვილნიუსში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია.

ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი საქართველოშია

ამერიკული სამხედრო გემი "დონალდ კუკი"

დღეს დილით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი.“ ის ამჟამად ბათუმის პორტში იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა წვრთნაში. საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში. “დონალდ კუკი” საესკადრო ნაღმოსანი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია “არლი ბიორკის” ტიპის სამართავი რაკეტებით.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველ უცხოურ ვიზიტს იწყებს

სალომე ზურაბიშვილი

დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ანტონიო ტაიანის, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინაშიც. სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი 23 იანვრამდე გაგრძელდება.

იუსტიციის საბჭოს სხდომასთან ერთად საპროტესტო აქცია ჩატარდება

იუსტიციის საბჭოს შენობა

დღეს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. 11 საათზე დანიშნული სხდომის დასრულების შემდეგ დაიწყება გასაუბრება მოსამართლეობის 7 კანდიდატთან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 2018 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს.

სხდომის წინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაიწყება საპროტესტო აქცია სასამართლო სისტემაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ხელს მოაწერენ მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, „სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი.”
აქციის ორგანიზაატორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ და სასამართლო სისტემამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლოს.

მეთევზეებმა იაპონიის ზღვაში იპოვეს Су-34-ის ორი მფრინავის გვამები

რუსი მფინავები, რომლებიც იაპონიის ზღვის თავზე Су-34 -ი კლასის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავის შეტაკების შემდეგ გაუჩინარდნენ, კატაპულტირების შემდეგ პარაშუტების ნაწილების გადახლართვის შედეგად დაიღუპნენ. ასეთ ინფორმაციას გამოცემა „47news“ აქვეყნებს სახალინის ოლქის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ორი მფრინავის გვამები წყლიდან თევზმჭერი გემის „ელექტრონის“ მეზღვაურებმა ამოიყვანეს.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ორი Су-34 ჰაერში შეასკდა ერთმანეთს 18 იანვარს გეგმიური სასწავლო ფრენის დროს, ნაპირიდან 35 კილომეტრის დაშორებით იაპონიის ზღვის თავზე. თვითმფრინავების ეკიპაჟებმა, ოთხმა მფრინავმა მოასწრო კატაპულტირება და ზღვაზე დაეშვა.

თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა ეკიპაჟის ორი წევრის გადრჩენის თაობაზე. შემდეგ უწყებამ განაცხადა, რომ გადარჩენილია მხოლოდ ერთი მფრინავი. მეოთხის ძებნა გრძელდება.

ათენში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

ათენში, სადაც კვირას მრავალრიცხოვან ანტისამთავრობო აქცია გაიმართა მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმების წინააღმდეგ, საბერძნეთის პარლამენტის წინ შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

ათობით დემონსტრანტმა ქვები და პეტარდები დაუშინა პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილს, რომელიც არ აძლევდა ნებას დემონსტრანტებს შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში. შეტაკებაში პოლიციის 9 თანამშრომელი დაშავდა.

პოლიციამ აგრესიული ბრბოს წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხლეკეტები გამოიყენა.

საბერძნეთისა და მეზობელი მაკედონიის მთავრობებმა გასულ ივნისში მიაღწის კომპრომისულ შეთანხმებას. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას ეწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სანაცვლოდ ათენი აღარ გაუწევს წინააღდეგობას მეზობელი ქვეყნის გაწევრიანებას ერვოკავშირსა და ნატოში.

ათენში დაპირისპირების ფონია 21 იანვრისათვის დანიშნული საპარლამენტო სხდომა, რომელზეც ბერძენმა კანონმდებლებმა უნდა იმსჯელონ მაკედონიის სახელწოდებასთან მიღწეული ორმხრივი შეთანხმების რატიფიკაციაზე.

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც სალომე ზურაბიშვილი, პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მოლაპარაკებებს გამართავს ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ზურაბიშვილმა კონსულტაციები გამართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გასტანს.

უკრაინის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი უარს იტყვის რუსეთში ბიზნესზე

ვლადიმირ ზელენსკი

ცნობილი უკრაინელი შოუმენი, ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტედენტი, უმოკლეს დროში დატოვებს კომპანიას, რომელიც ცნობილია იმით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ფილმებს იღებს.

რადიო თავისუფლების პროექტ „სქემების“ მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ მსახიობმა აღიარა, რომ რუსეთში კვლავ აგრძელებს საქმიანობას კომპანია "Green films". იგი ეკუთვნის კვიპროსულ კომპანია "Green Family LTD", რომლის თანამფლობელიც ვლადიმირ ზელენსკია. შოუმენი მანამდე აცხადებდა, რომ კომპანია დაიხურა 2014 წელს.

ახალი წლის ღამეს მსახიობმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წამოაყენებს თავის კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე.

პრეზიდენტის არჩევნები უკრაინაში 31 მარტს გაიმართება. ვლადიმირ ზელენსკი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად კანდიდატების რეიტინგის სამეულში იმყოფება.

ტრამპმა დემოკრატებს შესთავაზა კომპრომისული გადაწყვეტილება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა ახალი ინიციატივით სადავოდქცეული სასაზღვრო კედლის გარშემო წარმოქმნილი კრიზისის გადასაჭრელად. ტრამპის მიმართვა ნაციისადმი 20 იანვარს ტელეარხ Fox News-ით გადაიცემოდა.

ტრამპის წინადადება სამწლიან იურიდიულ დაცვას ითავლისწინებს იმ კატეგორიის არალეგალური მიგრანტებისათვის, რომლებიც აშშ-ში შემოიყვანეს, როცა ბაშვები იყვნენ; ასევე იურიდიულ დაცვა გარანტირებული ექნებათ ასევე მიგრანტებს, რომლებსაც ეწურებათ აშშ-ის ტერიტორიაზე დროებითი თავშესაფრის ვადა.

ამასთან აშშ-ის პრეზიდენტი უარს ამბობს კედლის მშენებლობაზე მექსიკის მთელი საზღვრის გასწვრივ. ამის ნაცვლად ტრამპი ოპონენტებს სთავაზობს ბარიერის აგებას მხოლოდ 370 კილომეტრის სიგრძეზე. „კედელი არ არის ამორალური“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თუმცა, აშშ-ის გეგმით დამცავი ბარიერის მშენებლობისათის ფედერალური ბიუჯეტიდან საჭირო იქნება კვლავ 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რასაც აშშ-ის პეზიდენტი მანამდე კედლის მშენებლობისათვის მოითხოვდა. 2018 წელს CNN-ის იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გეგმა ითვლისწინებდა 1390 კილომეტრის საზღვრის სიგრძის ახალი კედლის აშენებას და უკვე არსებული1870 კმ. სიგრძის ღობურის რეკონსტრუქციას.

სახმელეთო საზღვარის სიგრძე მექსიკასა და აშშ-ს შორის 3145 კილომეტრია. აქედან 1050 კილომეტრი სიგრძის საზღვარი უკვე გადაკეტილია სხვადასხვა სახის კედლითა და ღობურით.

დონალდ ტრამპის ახალი ინიციატივა ითავლისწინებს ასევე აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის მიერ 2750 ახალი თანამშრომლის დაქირავებას. 800 მილიონი დოლარის გამოყოფას მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარებისა და ნარკოტიკების ამოსაცნობი სასაზღვრო ტექნოლოგიებისათვის.

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ მისი კომპრომისული წინადადება შესაძლებელს გახდის ფედერალური მთავრობის მიერ მუშაობის განახლებას. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნი” უკვე 29-ე დღეა გრძელდება.

ტრამპის გამოსვლამდე დემოკრატებმა უარი თქვეს ნებისმიერ კომპრომისზე, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტიარ გააუქმებს „შათდაუნს“. წარმომადგენელთ აპალატის ლიდერმა ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპის წინადადებას „მიუღებელი“ უწოდა.

საქართველოში დაკრძალეს გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულები

კვირას მიწას მიაბარეს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულები. დაკრძალვას წინ უძღოდა სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც იმყოფებოდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი. 8 ადამიანი დაშავდა.

დღესვე მომხდარი აფეთქების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორ თანამშრომელს, რომლებსაც ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით , რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

ბულგარეთში ექვს პირს წაუყენეს ბრალი ტერორისტული ჯგუფის დაფინანსებისთვის

ბულგარეთის პროკურატურამ ხუთ სირიელსა და ერთ ბულგარელ ქალს წაუყენა ბრალი ახლო აღმასვლეთში მოქმედი ერთ-ერთი ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსებისათვის. „ოთხი წლის განმავლობაში პირთა ჯგუფმა დაახლოებით 25 მილიონი ევრო (29 მილიონი $) გადაუგზავნა ტერორისტულ ორგანიზაციას“, - განაცხადა რუმიანა არნაუდოვამ, ბულგარეთის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა. გენერალური პროკურატურა ამ საქმეს უწოდებს „უპრეცედენტოს მთელ ევროკავშირში.“

პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებმა 18 იანვარს ბულგარეთში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად 42 პირი დააკავეს იმ კრიმინალურ წრესთან კავშირში, რომელიც ტერორისტულ ჯგუფებს აფინანსებდა. არნაუდოვას თქმით, ტერორისტების დაფინანსება ხდებოდა საზღვრის დაშორებით, ტრადიციული მუსლიმანური სისტემა „ჰავალას“ გამოყენებით, რომლის გამოვლენა ძალიან რთულია.

რუსეთში ტარდება აქციები კურილის კუნძულების იაპონიისათვის სავარაუდო გადაცემის წინააღმდეგ

მოსკოვსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქში კვირას ტარდებდა საპროტესტო აქციები კურილის არქიპელაგის რამდენიმე კუნძულის იაპონიისათვის სავარაუდო გადაცემის წინააღმდეგ.

ხელისუფლებასთან შეთანხმებული მიტინგის ორგანიზატორია რამდენიმე მემარცხენე-ნაციონალისტური გაერთიანება, მათ შორის „მემარცხენე ფრონტი“ და იგორ სტრელკოვის მოძრაობა „ნოვოროსია“.

იუწყებიან, რომ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობას ღებულობდა 500 კაცი, რომელიც სკანდირებდა „კურილის კუნძულები ჩვენი! ძირს პუტინის ხელისუფლება!“

იაპონია არ აღიარებს რუსეთის კუთვნილებად კურილის არქიპელაგის სამხრეთით მდებარე კუნძულებს - იტურუპს, შიკოტანს, კუნაშირსა და ხაბომაის. ამ კუნძულების გარშემო წარმოშობილი დავის გამო რუსეთსა და იაპონიას აქამდე არ მოუწერათ ხელი სამშვიდობო შეთანხმებისათვის.

14 ნოემბერს, რუსეთისა და იაპონიის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, კრემლის პრესმდივნმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა გეგმაზე, მხარეები დაუბრუნდნენ 1956 წლის დეკლარაციას, რომლითაც მოსკოვი თანხმდებოდა იაპონიისათვის გადაეცა ოთხიდან ორი კუნძული.

მაგრამ ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პირობას წარმოადგენს რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება კურილის ყველა კუნძულზე.

მოელიან, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მოსკოვში 21 იანვარს ჩავა იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე.

პატიმრობა შეეფარდათ აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს

20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორ თანამშრომელს.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.

დაკავებულების ადვოკატი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. "როდესაც მივიდნენ, ადგილზე სუნი არ იგრძნობოდა. შემოწმების შემდეგ აპარატმა 0 პროცენტი აჩვენა. ამის შემდეგ იგივე აპარატით სხვა ადგილზე შეამოწმეს და იქ გაჟონვის კვალი დადგინდა. ეს ნიშნავს, რომ აპარატი მწყობრიდან გამოსული არ იყო", - განაცხადა ადვოკატმა პროცესის დაწყების წინ.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სასუქების ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ

საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალის დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმის პორტის ადმინისტრაციასთან. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ბათუმში შენდება ქიმიური ტერმინალი, რომელიც არა მხოლოდ გაცხადებულ მინერალურ სასუქს კარბამიდს გადაზიდავს, არამედ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც მათივე მოსაზრებით ეკოლოგიურ საფრთხეს შექმნის ტურისტულ ქალაქში. თავის მხრივ ეკოლოგიურ საფრთხეებს გამორიცხავს ტერმინალის მშენებელი კომპანია Wordernet Exspress ში, რომელმაც მინერალური სასუქების ტერმინალის ასაშენებლად საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კორპორაცია Trammo-სთან. პროექტით 20 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

73 კაცი დაიღუპა მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად

73-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი მექსიკაში შაბათს ერთ-ერთ ნავთობსადენზე ხანძრის შედეგად გამოწვეული აფეთქების შედეგად. ინციდენტი 19 იანვარს მოხდა დედაქალაქ მეხიკოდან 100 კილომეტრით დაშორებულ არეალში. სახელმწიფო კომპანია „რემექსის“ კუთვნილ ნავთობსადენზე კატასტროფა მოხდა მას შემდეგ, რაც ნავთობსადენი არალეგალურად იქნა დაზიანებული, საწვავის მოპარვის მიზნით.

უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ცდილობდა დაზიანებული ნაბთოსადენიდან საწვავის კონტეინერებით წაღებას, რა დროსაც მოხდა საწვავის აალება და მძლავრი აფეთქება. ძლიერი ხანძარი, რომლის ალიც ცას სწვდებოდა, ძალიან მალე მოედო ნავთობსადენთან შეგროვილ ადამიანებს. მაშველებმა იპოვეს ხანძრის შედეგად დამწვარი 73-ი ადამიანის სხეული, 74 კაცი დაშავდა.

მექსიკის გენერალური პროკურატურის გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.

ამერიკულმა ნაღმოსანმა „დონალდ კუკმა“ გეზი აიღო შავი ზღვისაკენ

ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, შავი ზღვისაკენ მიემართება ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“, რომელიც რეგიონში ნატოელ მოკავშირეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციებში. ხომალდი, რომელიც აღჭურვილია ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით, 19 იანვარს უკვე შეცურდა დარდანელის სრუტეში.

„ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები რეგულარულად მოქმედებს შავ ზღვაში მონროს კონცენციისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, - ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში.

ცნობაში მითითებული არ არის, თუ როდის მიაღწევს შავ ზღვას ხომალდი „დონალდ კუკი“. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცენტში თვალს ადევნებენ „დონალდ კუკის“ მოძრაობას. ცნობაში ხაზგასმულია, რომ ამერიკულ ხომალდს არ აქვს უფლება, რომ 21 დღეზე მეტი დარჩეს შავ ზღვაში.

შავი ზღვის რეგიონში ურთიერთობა დაიძაბა გასულ წლის 25 ნოემბერს, როდესაც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ხელთ იგდეს უკრაინის სამი ხომალდი ქერჩის სრუტის მახლობლად, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს.

მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინული ხომალდები უკანონოდ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული. 25 იანვრიდან რუსეთის პატიმრობაში იმყოფება 24 უკრაინელი მეზღვაური, რომელსაც ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადალახვა.

დაცვის მხარე "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. მათ ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში ედებათ, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთანს ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი 20 იანვარს 12:00 საათზე დაიწყო.

დაკავებულების ადვოკატი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. "როდესაც მივიდნენ, ადგილზე სუნი არ იგრძნობოდა. შემოწმების შემდეგ აპარატმა 0 პროცენტი აჩვენა. ამის შემდეგ იგივე აპარატით სხვა ადგილზე შეამოწმეს და იქ გაჟონვის კვალი დადგინდა. ეს ნიშნავს, რომ აპარატი მწყობრიდან გამოსული არ იყო", განაცხადა ადვოკატმა პროცესის დაწყების წინ.

16 იანვარის საღამოს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

დღეს სამების ტაძარში მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება

რიგით 57-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 20 იანვარს 17:00 საათზე გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ჩვილი გახდება. ისინი ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

საღამოს 20:00 საათისთვის სამებაში კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან, რომელიც ნათლულებს დალოცავს და შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 37 305 ნათლული ჰყავს. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წელს ჩატარდა.

რუსთავის ეპარქია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია

რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე (გამრეკელი)

რუსთავის ეპარქია ერთპიროვნულ და ცალმხრივ გადაწყვეტილებას უწოდებს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ „უკრაინის სასულიერო პირთა ჯგუფისთვის“ ავტოკეფალიის მინიჭებას.

„მსოფლიო ეკლესიის იერარქებს ახსოვთ, რომ უკრაინის ყოფილი ეგზარხოსის მიტროპოლიტ ფილარეტის თვითნებური გამოყოფა დედაეკლესიიდან მათ მიერ უარყოფითად იყო შეფასებული XX ს-ის 90-იან წლებში. მისი დაჯგუფება განკვეთილი იქნა ეკლესიიდან. მიუხედავად ამისა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ამჯერად ერთპიროვნულად და ცალმხრივად გადაწყვიტა წლების განმავლობაში განხეთქილებაში მყოფ სასულიერო პირთათვის ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭება“, ნათქვამია რუსთავის ეპარქიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსთავის ეპარქია ასევე აღნიშნავს, რომკონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 2019 წლის 6 იანვრის ტომოსი „დუმილით უვლის გვერდს იმ ფაქტს, რომ უკრაინელ მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება და შესაბამისად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ნაწილს წარმოადგენს.“

„უკრაინის რეგიონებს შორის სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება არ უნდა გადაიზარდოს ერთმორწმუნე ერში რელიგიურ დაპირისპირებაში“, წერია განცხადებაში.

ამავე დროს. ეპარქია პოლიტკორექტულობის მაგალითად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებას „მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.“

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რუსეთის საპატრიარქომ გაწყვიტა ევქარისტული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან.

საქართველოს საპატრიარქო თავს იკავებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისგან, წმინდა სინოდს, ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია, თუმცა მაღალი იერარქიის ცალკეული სასულიერო პირები კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან.

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა

პოლიციამ ბარ „საქსესში“ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დაკავებულმა, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბარის ორ თანამშრომელს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რუსეთში დაკავებული, პოლიტიკური განცხადებებით ცნობილი ბელორუსი მოდელი აცხადებს, რომ უდანაშაულოა

ბელორუსი მოდელი, რომელიც აცხადებდა, რომ ჰქონდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი მასალები, ბოდიშს უხდის რუს ოლიგარქს და აცხადებს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. ანასტასია ვაშუნკევიჩმა, რომელსაც ასევე ნასტია რიბკას სახელით იცნობენ, მოსკოვის ნაგატინსკის რაიონის სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრა, "უდანაშაულო ვარ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებშიო" და დასძინა, რომ ზიანს არ მიაყენებს რუს მილიარდერ ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას. ვაშუნკევიჩი უწინ ამბობდა, რომ ჰქონდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც დერიპასკა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ლაპარაკობდა. სასამართლომ ვაშუნკევიჩის პატიმრობა კიდევ სამი დღით, 22 იანვრამდე გააგრძელა იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს გამოძიება ვაშუნკევიჩის და მისი ახლობლის, ალექსანდრ კირილოვის პროსტიტუციაში ჩართულობის შესახებ. "მეგობრებო, გთხოვთ გადასცეთ ჩემი ბოდიში ოლეგ დერიპასკას და [რუს პოლიტიკოსსა და ყოფილ ვიცე-პრემიერ] სერგეი პრიხოდკოს" - უთხრა ვაშუნკევიჩმა ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზში და დასძინა: "ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა. გულწრფელად მრცხვენია მომხდარის. არ მინდა ვითარება კიდევ უფრო დავძაბო და პირადად ვუხდი ბოდიშს ოლეგს. ეს ყველაფერი მისი პირადი ყურადღების მოპოვებას ემსახურებოდა. სხვა არავისი, მხოლოდ მისი". ვაშუნკევიჩი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს ტაილანდიდან დეპორტაციის შემდეგ. იქ მან დაახლოებით ცხრა თვე გაატარა პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებებით.

თბილისში გარდაცვლილი იპოვეს ჯართის შესაგროვებლად წასული 12 წლის სოციალურად დაუცველი ბიჭი

თბილისის გარეუბანში, აფრიკის დასახლებაში გარდაცვილი იპოვეს 12 წლის ბიჭი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო. ინტერნეტგამოცემა ჯემნიუსი დაღუპულის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოზარდი მშობლების დასახმარებლად ჯართს აგროვებდა ხოლმე.

ბიჭის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა პოლიციას 18 იანვარს შეატყობინა. მოზარდის გვამი იპოვეს სახლიდან სამ კილომეტრში მდებარე თხრილში, სადაც ის სავარაუდოდ ჯართს აგროვებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. იუწყებიან, რომ თხრილთან ახლოს აღმოჩენილია ჯართის მოსაძიებელი ხელსაწყო და ბავშვის ველოსიპედი.

ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის" ცნობით, გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის(სსკ–ს 240) და თვითმკვლელობამდე მიყვანის(სსკ–ს115–ე) მუხლებით მიმდინარეობს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG