Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო იზოლატორში რჩება


კიევი: ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო სასამართლოში
კიევი: ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო სასამართლოში
იულია ტიმოშენკო წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. კიევში მოსამართლემ უარი თქვა თხოვნაზე, გაეთავისუფლებინა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარასკევს დააკავეს სასამართლოსადმი უპატივცემულოდ მიჩნეული ქმედების გამო. ტიმოშენკოს ასამართლებენ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. უკრაინაში მიმდინარე პროცესს ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვიდან, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს.

ბევრ ქვეყანაში პატიმრობა შესაძლოა, სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდეს პოლიტიკოსის საპრეზიდენტო ამბიციებისათვის. მაგრამ ქვეყანაში, როგორიც უკრაინაა, არ გამორიცხავენ, რომ ბრწყინვალე საარჩევნო კამპანიის პირველ ეტაპად გამოდგეს ის, რაც 5 აგვისტოს დაემართა იულია ტიმოშენკოს: დაკავება სასამართლოსადმი უპატივცემულობაში ბრალდების საფუძველზე. უპატივცემულობა იმაში გამოიხატება, რომ ტიმოშენკო უარს ამბობს მოსამართლის წინაშე ფეხზე ადგომაზე.

ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურთან საუბარში, ტიმოშენკომ ოპტიმისტურად შეაფასა სასამართლო პროცესის პერსპექტივა.
„მე იმედიანად ვარ განწყობილი. ყველაფერი დანარჩენი, ჩემი რწმენით, არის საზოგადოებაში ჩვენი საერთო და გამაერთიანებელი მუშაობის, რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის საკითხი. ჩემი აზრით, გამარჯვებას მივაღწევთ,“ დასძინა ტიმოშენკომ.

ჩემი აზრით, ახლა (პრეზიდენტი) იანუკოვიჩი თავისი უბადრუკი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ტიმოშენკოს აქცევს უკრაინელი ხალხის უდავო ლიდერად...
ტიმოშენკოს დაკავებას გმობენ აშშ, ევროკავშირი, რუსეთი. ორშაბათს - მას შემდეგ, რაც კიევში მოსამართლემ უარყო წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ტიმოშენკოს გამოშვების თხოვნა, შეერთებულმა შტატებმა განმეორებით მოუწოდა უკრაინას, განხილულ იქნეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება უკავშირდება სასამართლო პროცესს, რომელზეც განიხილავენ ტიმოშენკოს ქმედებას 2009 წელს, როცა, მისი (მაშინ პრემიერ-მინისტრის) ძალისხმევით, გაზმომარაგების საკითხზე შეთანხმება დაიდო რუსეთის კომპანია „გაზპრომთან“. უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ირწმუნება, რომ ხელშეკრულება უკანონო იყო, რადგან დაიდო პარლამენტში დამტკიცების გარეშე. თუ ტიმოშენკო დამნაშავედ ცნეს, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტიმოშენკო, მომხრეებთან ერთად ირწმუნება, რომ „გაზპრომთან“ შეთანხმება კანონიერი იყო და რომ მისი დაპატიმრება სხვა არაფერია, თუ არა იანუკოვიჩის მცდელობა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიცილოს სახიფათო პოლიტიკური კონკურენტი. იანუკოვიჩმა, როგორც ცნობილია, მცირე უპირატესობით აჯობა ტიმოშენკოს შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც რჩება ყურადღების ცენტრში, როგორც ოპოზიციის ქარიზმატული, აქტიური და ამბიციური ლიდერი.

„გაზპრომთან“ ტიმოშენკოს მმართველობის პერიოდში გაფორმებულ შეთანხმებას, რომელმაც ბოლო მოუღო გაზმომარაგების საკითხზე მხარეებს შორის მწვავე უთანხმოებას, მაგრამ უკრაინას თითქმის გაუორმაგა რუსული გაზის საფასური, კანონიერს უწოდებენ მოსკოვშიც. და ეს ეხება არა მარტო კრემლს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი გამოთქვამს შეფასებას, რომ ხელშეკრულებაში უკანონო არაფერი ყოფილა.
როგორც ნემცოვი ამბობს, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს „სამართლიანად სჯერა, რომ თუ ტიმოშენკოს ჩასვამენ ხელშეკრულების გამო, შესაძლოა ადრე თუ გვიან თვითონ პუტინიც ჩასვან“. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ტიმოშენკოსა და პუტინს არაფერი დანაშაულებრივი არ ჩაუდენიათო, დასძენს რუსი ოპოზიციონერი.

ტიმოშენკოს მომხრეებიც დარწმუნებული ჩანან, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს უკანონო არაფერი ჩაუდენია. გუშინ კიევის ცენტრში ასობით ადამიანმა მოიყარა თავი კარვების ქალაქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად, რამაც ბევრს გაახსენა 2004 წლის სცენები, როცა იულია ტიმოშენკო ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად აღზევდა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ გმირად.

ტიმოშენკოსთვის არც ციხეში ყოფნაა სიახლე. ბიზნესსა თუ პოლიტიკაში თავისი კარიერის მანძილზე ის არაერთხელ დაუპატიმრებიათ, თუმცა, როგორც ბორის ნემცოვი აღნიშნავს, ამ გარემოებას არასოდეს დაუზარალებია ტიმოშენკოს პოპულარობა.

„არ მახსოვს შემთხვევა, რომ მისი დაკავების შემდეგ - ტიმოშენკო ნამდვილად არ ზის პირველად - ის დაევიწყებინათ. პირიქით - ის ფენიქსივით ახალ პოლიტიკურ სიცოცხლეს იწყებს ხოლმე. ჩემი აზრით, ახლა (პრეზიდენტი) იანუკოვიჩი თავისი უბადრუკი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ტიმოშენკოს აქცევს უკრაინელი ხალხის უდავო ლიდერად. იმათაც კი, ვისაც მის მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს - ასეთები კი უკრაინაში მოსახლეობის არანაკლებ ნახევარს შეადეგენენ - ტიმოშენკოს მიმართ თანაგრძნობა უჩნდებათ“, ამბობს ნემცოვი.

იულია ტიმოშენკოსადმი კრემლის მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა, მაგალითად, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შესაძლოა, იმაზე მიანიშნებდეს, რომ მოსკოვში აღარ განიხილავენ ფავორიტად უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, რადგან უკმაყოფილო არიან მისი მუშაობით. იანუკოვიჩმა ხომ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის პრომოსკოვური ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლებოდა, უარი თქვა რუსეთისთვის მთელ რიგ მილსადენებზე კონტროლის გადაცემაზე და არ მიიღო არც კანონი, რომელიც უკრაინაში რუსულ ენასაც მიანიჭებდა სახელმწიფო ენის სტატუსს.

ასეა თუ ისე, მოსკოველი პოლიტოლოგი, კარნეგის ცენტრის ექსპერტი მაშა ლიპმანი ფიქრობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას უკვე მიპყრობილი აქვს მზერა უკრაინაში 2015 წლის არჩევნებისაკენ და ფიქრობს, რომ არაფერს წააგებს, თუ რაღაცით დაივალდებულებს იულია ტიმოშენკოს. როგორც ლიპმანი აღნიშნავს, „თუ რუსეთი მხარდაჭერას გაუწევს იულია ტიმოშენკოს და ტიმოშენკო გაიმყარებს პოლიტიკურ მხარდაჭერას საკუთარ ქვეყანაში და ისევ გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, რუსეთისთვის კარგი იქნება, ჰყავდეს ვინმე, ვინც რუსეთის ვალშია, რთულ ვითარებაში მხარდაჭერის გამო“.
XS
SM
MD
LG