Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბორჯომის” მწარმოებელ კომპანიას ბაზარზე დაბრუნების განაცხადით რუსეთისთვის არ მიუმართავს


მეორე დღეა რუსული საინფორმაციო საშუალებები ფედერალურ სამსახურზე, ”როსპოტრებნადზორზე” დაყრდნობით ავრცელებენ ცნობას იმის შესახებ, რომ განიხილება რუსეთის ბაზარზე ქართული მინერალური წყლის ”ბორჯომის” დაბრუნების ოფიციალური მიმართვა. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის მოტივით რუსეთმა ქართული ალკოჰოლური პროდუქციისა და მინერალური წყლის იმპორტი 5 წლის წინ აკრძალა. კონკრეტულად ვინ მიმართა რუსეთს ”ბორჯომის” დასაბრუნებლად, ამის შესახებ არაფერს ამბობს ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო. მან დღეს სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ რუსი ექსპერტები აპირებენ შეხვედრას წარმომადგენლებთან კომპანიისა, რომელსაც რუსეთში ”ბორჯომის” შეტანა სურს. ონიშჩენკომ კომპანიის დაუსახელებლად აღნიშნა, რომ დაზუსტდება ამ ფირმის უფლებამოსილება და შემოწმდება პროდუქციის ხარისხი. ამასთან, ”ბორჯომის” მწარმოებელი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნიცა ჩოლოყაშვილმა დღეს რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ არც მწარმოებელ და არც მის პარტნიორ კომპანიებს ”ბორჯომის” დაბრუნების განაცხადით რუსეთისთვის არ მიუმართავთ.
XS
SM
MD
LG