Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაეხმარა ომის გამოცდილება კუნძულ უტოიაზე მყოფ ორ ჩეჩენ ახალგაზრდას


რუსტამ დაუდოვი (მარცხნივ) და მოვსარ ჯამაევი
რუსტამ დაუდოვი (მარცხნივ) და მოვსარ ჯამაევი
დღეს გიამბობთ ეროვნებით ჩეჩენ ორ ყმაწვილზე, რომლებიც ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე, ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის დროს გადაურჩენ ექსტრემისტის ტყვიებს და სხვა არაერთი ადამიანიც გადაარჩინეს. თავის დროზე რუსტამ დაუდოვი და მოვსარ ჯამაევი ჩეჩნეთიდან ომს გაექცნენ და ჩრდილოეთ ევროპის ამ მშვიდ ქვეყანას შეაფარეს თავი. ვინ იფიქრებდა, რომ სოციალ-დემოკრატი ახალგაზრდების ბანაკში მათ ჩეჩნეთის გამოცდილება გამოადგებოდათ?!

...რუსტამ დაუდოვი პატარა ბიჭი იყო, როცა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო. მამა 2003 წელს მოუკლეს. ოჯახმა დატოვა სამშობლო და ნორვეგიაში გადასახლდა. ცხოვრება ნორვეგიაში მშვიდია, შეიძლება მოსაწყენიც კი. დაუდოვი ტკბებოდა ამ სიმშვიდით და თანდათან ადგილობრივი პოლიტიკის მიმართ ინტერესიც გაუჩნდა. ივლისში, 16 წლის რუსტამმა და მისმა მეგობარმა, 17 წლის მოვსარ ჯამაევმა გადაწყვიტეს, ჩასულიყვნენ მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში კუნძულ უტოიაზე.

„ჩავედით საზაფხულო ბანაკში, რათა გვენახა, რა ხდებოდა, უბრალოდ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის და, რა თქმა უნდა, მუშათა პარტიის მიზეზით. ვიფიქრეთ, იქნებ მომავალში გამოგვადგეს-თქო“, ამბობს დაუდოვი.

ის და ჯამაევი 22 ივლისს მათ რიცხვში აღმოჩნდნენ, ვინც 32 წლის ანდრეს ბრეივიკის სამიზნედ იქცა. პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ბრეივიკმა ცეცხლი გაუხსნა ბანაკში მყოფ ახალგაზრდებს. ჯამაევმა მაშინვე მამამისს დაურეკა მობილური ტელეფონით და უთხრა, გვესვრიანო. მამის პასუხი ასეთი იყო: თქვენც იბრძოლეთ, თავი დაიცავითო. დაუდოვმა და ჯუმაევმა ქვები დაუშინეს ბრეივიკს, იქნებ როგორმე მწყობრიდან გამოვიყვანოთო, იფიქრეს. მოვსარმა ერთი ქვა ბრეივიკს უკან, თავში მოარტყმა, მაგრამ ვერ დააშავა. როცა დარწმუნდნენ, რომ ბრეივიკი ახლო მანძილიდან ხოცავდა ყველას და როცა დაინახეს, როგორ მოხვდა თავში ტყვია მათ ერთ ნაცნობს, თავს უშველეს - გაიქცნენ. მალევე მიაგნეს სამალავს: გამოქვაბულს, სადაც არაერთ სხვა ადამიანსაც დაეხმარნენ დამალვაში - სულ, როგორც საბოლოოდ დადგინდა, 23 ადამიანს. დაუდოვი იხსენებს, რომ მეტი ხალხის გადარჩენაც შეიძლებოდა, მაგრამ კუნძულზე სრული პანიკა იყო, ხალხი დაბნეულობამ შეიწირაო.

"იქ იყო თავის შეფარების საშუალება", - იხსენებს დაუდოვი. - "უბრალოდ, ყველა პანიკაში, შოკში იყო და ხალხი ვერ იჯერებდა იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო ნორვეგიაში. და ხშირად დამალვაც არ გშველოდა - მას მთელი საათი ჰქონდა სამოქმედოდ."

ბრეივიკის ამ თავდასხმის შემდეგ დაუდოვი და ჯამაევი გმირებად გამოაცხადეს. ისინი თვითონაც ბრეივიკის ანტიმაჰმადიანური, უცხოელთა წინააღმდეგ მიმართული პოზიციის სამიზნე იყვნენ. შეგახსენებთ, რომ კუნძულზე დახოცილი 69 ადამიანის გარდა, ბრეივიკის მიერ იმავე დღეს, ოსლოში მოწყობილმა ტერაქტმა რვა ადამიანი იმსხვერპლა.

ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ნორვეგიაში ხმა დაირხა, რომ ორმა ახალგაზრდა უცხოელმა ბევრს გაუწია დახმარება და თავშესაფარი აპოვნინა. ლინე ბრუსტადი ნორვეგიის გაზეთ „დაგბლადეტში“ მუშაობს. ორი ჩეჩენი ბიჭის შესახებ მან ასევე გადარჩენილი ნორვეგიელი ახალგაზრდისგან შეიტყო. ბრუსტადის თქმით, ნაამბობი მოგვიანებით დაადასტურა მკვლელის, ბრეივიკის ადვოკატმა, გეირ ლიპესტადმაც.

დაუდოვისა და ჯამაევის ამბავმა ჩეჩნეთამდეც ჩააღწია. რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ბიჭების საქციელი შეაფასა, როგორც ნამდვილი გმირებისა. კადიროვის პრესმდივანმა, ალვი ქარიმოვმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ბიჭების საქციელი მართლაც მამაცური იყო, შეიძლებოდა უფროსებიც კი დაბნეულიყვნენ ასეთ ვითარებაში, ისინი კი სხვებსაც დაეხმარნენო. შესაბამისად, მათი მოქმედება დიდ პატივისცემას იმსახურებსო, დასძინა პრესმდივანმა.

მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნორვეგიაში მცხოვრებ ჩეჩნებში. ეს ქვეყანა ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან ერთობ პოპულარულია ჩეჩნებს შორის. იქ ომს გაქცეული არაერთი ჩეჩენი ცხოვრობს. მაგრამ მასპინძლებთან მათი ურთიერთობა ყოველთვის არ არის ჰარმონიული. ნორვეგიის პოლიცია ხშირად ატარებს რეიდებს ჩეჩენთა სახლებში, არაერთი ჩეჩენი უკან, სამშობლოში დააბრუნეს საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო.

დაუდოვისა და ჯამაევის გარდა კუნძულ უტოიაზე იყო კიდევ ერთი ჩეჩენი, ანზორ ჯუკაევი, რომელიც ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დააკავეს კიდეც. ერთმა გადარჩენილმა პოლიციას უთხრა, იქ იყო ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სროლის დროს უჩვეულოდ მშვიდად და უშიშრად იქცეოდაო, რამაც პოლიციას ეჭვი აღუძრა. ჯუკაევს ყველაფერი ჩამოართვეს და სრულ იზოლაციაში ამყოფეს 17 საათის განმავლობაში, სანამ პოლიცია არ დაადგენდა, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო ბრეივიკთან. როგორც ჯუკაევმა ჩვენს რადიოს უთხრა, ის აპირებს პოლიციას უკანონო დაპატიმრებისთვის უჩივლოს. მისი თქმით, ის მართლაც მშვიდად იქცეოდა, რაც ჩეჩნეთში მიღებული გამოცდილებით აიხსნება. სწორედ ომის გამოცდილება უნდა იყოს ის, რის გამოც მთელს კუნძულზე დაუდოვი და ჯამაევი აღმონდნენ ის ორად-ორი ადამიანი, ვინც იმ საზარელი ერთი საათის განმავლობაში საღი გონება შეინარჩუნა და სხვებს დაეხმარა. მეტიც, თავიდან აქტიურად თავდაცვაც კი სცადა.

თავად დაუდოვი ამას ასე ხსნის: „ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ჩეჩნები ვართ. ნორვეგიაში ამას მიჩვეული არ არიან. ჩვენ ომი გადავიტანეთ, ესენი კი ფიქრობდნენ, რომ ასეთი რამ მათთან არ მოხდებოდა. ჩვენც გვეგონა, რომ ასეთი რამ ნორვეგიაში არ შეიძლებოდა მომხდარიყო.“
XS
SM
MD
LG