Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო კადაფის ოჯახის წევრების ექსტრადიციას მოითხოვს


კადაფის ცოლი საფია და შვილები - აიშა და ჰანიბალი
კადაფის ცოლი საფია და შვილები - აიშა და ჰანიბალი
ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო ალჟირის ხელისუფლებას მოუწოდებს გადასცეს მუამარ კადაფის ოჯახის წევრები. საუბარია ლიბიის პრეზიდენტის ცოლსა და სამ შვილზე, რომლებმაც ალჟირს შეაფარეს თავი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ, მოსაზღვრე ქვეყანასთან დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ალჟირმა ნაწილობრივ ჩაკეტა საზღვარი ლიბიასთან.

ალჟირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კადაფის მეორე ცოლი საფია ფარკაში ალჟირში ორშაბათს 34 წლის ქალიშვილ აიშასა და უფროს ვაჟიშვილებთან, მუჰამადთან და ჰანიბალთან ერთად ჩავიდა. ლიბიის ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ განაცხადა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება საფრთხეს უქმნის ალჟირისა და ტრიპოლის დიპლომატიურ ურთიერთობას, ხოლო ლიბიელი მეამბოხეების წარმომადგენელმა მაჰმუდ შამამმა აგრესიული ქმედება უწოდა მეზობელი ალჟირის გადაწყვეტილებას თავშესაფარი მიეცა მუამარ კადაფის ოჯახის წევრებისათვის:

„ეს არის ლიბიელი ხალხის, მისი იმედებისა და მისწრაფებების წინააღმდეგ მიმართული აგრესია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ საშუალებას, რათა ყოველ მიზეზ გარეშე დავაბრუნოთ ეს კრიმინალები და გადავცეთ ისინი სასამართლოს. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც განზრახული აქვს შეიფაროს კადაფი ან მისი ოჯახი, რომ ამ ქმედებით ისინი გადაიქცევიან ლიბიელი ხალხის მტრად და ლიბიელი ხალხი მათ დედამიწის ზურგზე ყველგან მოძებნის.“

ლიბიის ახალი მთავრობის ხელთ არსებული ინფორმაციით, ალჟირის ხელისუფლება გეგმავს მანამდე შეიფაროს კადაფის ცოლი და შვილები, ვიდრე ისინი სხვა ქვეყანაში გამგზავრებას შეძლებენ. ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ოფიციალური წარმომადგენლის მაჰმუდ შამამის ვარაუდით, კადაფის დევნილი ოჯახი აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ჩასვლას შეეცდება.

ალჟირს, რომელსაც დღემდე არ უცნია ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო, ლეგალური საფუძველი აქვს მისცეს თავშესაფარი მუამარ კადაფის ოჯახის წევრებს. ამისდა მიუხედავად, მუსტაფა აბდელ ჯალილმა, ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს წარმომადგენელმა, მოუწოდა ალჟირს ძებნილთა სიაში შეიყვანოს კადაფის შვილები.

როგორც ზემოთ ითქვა, საუბარია მუჰამად ალ კადაფიზე, რომელიც კადაფის პირველი ცოლის, ფატიჰასგან ჰყავს. მეორე უფროსი ვაჟის, საიფ ალ ისლამის მსგავსად, რომელიც მუამარ კადაფის მეორე ცოლის, საფია ფარკაშისგან ჰყავს, მუჰამადიც ლიბიელი დიქტატორის პოლიტიკურ მემკვიდრედ ითვლებოდა. მუჰამად კადაფი ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტს თავმჯდომარეობდა. გარდა ამისა, მის ხელთ იყო ქვეყნის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის, ინტერნეტისა და მობილური კავშირების მართვის სადავეებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში მუჰამად ალ კადაფი ლიბიელმა მეამბოხეებმა შეიპყრეს, მაგრამ ლიბიის ყოფილი დიქტატორის უფროსმა შვილმა ტყვეობიდან თავის დაღწევა მუამარ კადაფის ერთგული ძალების მხარდაჭერით მოახერხა.

ალჟირს შეაფარა თავი მუამარ კადაფის კიდევ ერთმა შვილმა, ჰანიბალმა, რომელიც გამუდმებით ეხვეოდა სკანდალებში. ჰანიბალ კადაფიმ, რომელიც ეროვნული საზღვაო სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა, 2005 წელს პარიზში სასტიკად სცემა ფეხმძიმე შეყვარებულს, სამი წლის შემდეგ კი იგი შვეიცარიაში დააკავეს მას შემდეგ, რაც ჟენევაში სასტუმროს ორი მოსამსახურე გალახა. ჰანიბალ კადაფი სასამართლომ საპროცესო გარიგებით გაათავისუფლა, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ კადაფის რეჟიმმა აკრძალა ქვეყანაში შვეიცარიული პროდუქციის იმპორტი, ქვეყნიდან გააძევა შვეიცარიული კომპანიები და უკან გამოიწვია საკუთარი ქვეყნის ელჩი.

რაც შეეხება ალჟირში გაქცეულ კადაფის ქალიშვილ აიშას, იგი, როგორც პროკურორი, თავის დროზე ერაყის ყოფილ მმართველ სადამ ჰუსეინთან მოლაპარაკებაზე გაგზავნილი საერთაშორისო სამხედრო ჯგუფის წევრი იყო, ხოლო მოგვიანებით ლიბიაში გაეროს განვითარების პროგრამის კეთილი ნების ელჩად მუშაობდა.

რაც შეეხება თავად მუამარ კადაფის და მის კიდევ ერთ ვაჟიშვილს, საიფ ალ ისლამს, მათი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ინფორმაციით, რომელიც კადაფის შვილის, ხამისის, 17 წლის დაცვის წევრის ნაამბობს ეყრდნობა, მუამარ კადაფი ჯერ კიდევ პარასკევს ტრიპოლიში იმყოფებოდა და იქიდან ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ საბჰაში გადავიდა. კადაფის მომხრე სამხედრო ძალები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანწილად აკონტროლებენ ქალაქ საბჰას, საიდანაც იოლია მოსაზღვრე ქვეყნებში - ალჟირში, ნიგერიასა და ჩადში გადასვლა.

ლიბიის დიქტატორს, მის შვილს საიფ ალ ისლამსა და დაზვერვის ხელმძღვანელს აბდულა ალ სენუსის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში სდებს ბრალს. მეამბოხეთა ხელმძღვანელების განცხადებით, ალ სენუსი შაბათს მოკლეს კადაფის კიდევ ერთ შვილ, ხამისისთან ერთად, რომელიც ყველაზე საშიში სამხედრო დანაყოფის - ხამის ბრიგადის - მეთაური იყო. თუმცა ვაშინგტონი აცხადებს, რომ ინფორმაცია ხამისის სიკვდილის შესახებ დამოუკიდებელი წყაროების მხრიდან არ დასტურდება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ლუის მორენო ოკამპომ თქვა, რომ მან შესაძლოა ხამისის დაპატიმრების სანქცია მოითხოვოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG