Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისისიპის დელტის ბლუზის ბოლო დიდი წარმომადგენელი


დევიდ "ჰანიბოი" ედვარდსი
დევიდ "ჰანიბოი" ედვარდსი
კაცი, რომლის გარდაცვალებითაც დასრულდა მთელი ეპოქა ამერიკული მუსიკის ისტორიაში - ასეთ შეფასებას გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა დევიდ „ჰანიბოი“ ედვარდსის გარდაცვალების თაობაზე. ედვარდსი 96 წლის იყო, მისისიპის დელტის ბლუზის ბოლო დიდი წარმომადგენელი.

დევიდ „ჰანიბოი“ ედვარდსი არასოდეს ყოფილა ისე ცნობილი, როგორც ზოგიერთი სხვა ბლუზმენი მისისიპის დელტიდან, თუნდაც მადი უოტერსი, ან უილი დიქსონი, მაგრამ მუსიკის ისტორიკოსები აღიარებენ, რომ ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს შესრულებული ბლუზის ამ ნაირსახეობის შექმნასა და გარვცელებაში.

2008 წელს დევიდ „ჰანიბოი“ ედვარდსმა „გრემი“ დაიმსახურა ალბომისთვის „Last of the Great Mississipi Delta Bluesman: Live in Dallas“. 2010 წელს ედვარდსს საპატიო გრემიც მიანიჭეს.

დევიდ „ჰანიბოი“ ედვარდსი, მონების შთამომავალი, 1915 წლის 28 ივნისს დაიბადა მისისიპის შტატში და სულ ცხრა წლის იყო, რომ პლანტაციებში მუშაობა დაიწყო ბამბისა და სიმინდის მკრეფავად. პირველი გიტარა 12 წლისამ იყიდა და 14 წლისა უკვე დაკვრით შოულობდა ფულს. ის მხარზე გადაიკიდებდა ხოლმე გიტარას და მატარებელს მიჰყვებოდა სხვადასხვა ქალაქისაკენ, ვიდრე 1950-ანი წლების დასაწყისში ჩიკაგოში დასახლდებოდა. იქ საღამოობით, ან ღამით უკრავდა ქუჩაში, პატარა კლუბებში, დღისით კი ქარხანაში, ან მშენებლობებზე მუშაობდა.

სხვათა შორის, ედვარდსი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი მუსიკოსი, ვინც პირადად იცნობდა რობერტ ჯონსონს - ლეგენდარულ ბლუზმენს, რომელსაც ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის ერთ-ერთი წინა გამოშვება მიეძღვნა. ჯონსონი ჯერ კიდევ 1938 წელს გარდაიცვალა, მაშინ როცა დევიდ „ჰანიბოი“ ედვარდსს გაცილებით უფრო ხანგრძლივი სიცოცხლე ერგო. ის ორშაბათს გარდაიცვალა შინ, ჩიკაგოში. ხანდაზმულ მუსიკოსს დიდხანს არ უავადმყოფია - წელსაც, აპრილამდე რეგულარულად მართავდა კონცერტებს.
XS
SM
MD
LG