Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუბარაქის სასამართლო პროცესი განახლდა


კაიროში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
კაიროში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
კაიროში, იმ სასამართლო დარბაზის წინ, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის პროცესი მიმდინარეობს, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
მუბარაქს რამდენიმე ბრალდებით ასამართლებენ - მათ შორის, კორუფციის და თებერვალში მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დახოცვის ბრძანების გაცემის ბრალდებებით. გამოსვლები მუბარაქის დამხობით დამთავრდა.
როგორც უკვე ჩატარებული ორი სხდომისას მოხდა, მუბარაქის ოპონენტები 5 სექტემბერსაც შეგროვდნენ პოლიციის აკადემიის შენობასთან, სადაც პროცესი მიმდინარეობს.

პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც ადგილზე მუბარაქის 150-მდე მომხრეც გამოჩნდა. ისინი ყოფილი ლიდერის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ხელში პლაკატები ეჭირათ.
იქვე ახლოს შეკრებილმა მუბარაქის მოწინააღმდეგეებმა ქვები და აგურები დაუშინეს პოლიციას, რომელიც თავს ფარებით იცავდა. პოლიციელების ნაწილმა მათი მიმართულებით ნასროლი ქვები და აგურები დემონსტრანტებისკენ ისროლა - სხვებმა დემონსტრანტები ხელკეტებით მოიგერიეს:

როგორც იუწყებიან, შეტაკებისას დაშავდა ერთი პოლიციელი - თავში აგური მოხვდა და საავადმყოფოში მოათავსეს. პირი, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, აგური ისროლა, დააკავეს.
მუბარაქს ბრალად ედება გაზაფხულზე მისი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლების მონაწილეთა დახოცვის ბრძანების გაცემა.

კონკრეტულად, პროკურორმა მუბარაქს ბრალი დასდო უშიშროების მინისტრის მოადგილე ადლი ფაედსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებთან შეთანხმებაში, დაეხოცათ მშვიდობიანი აქციების მონაწილეები.

მუბარაქის საწინააღმდეგო გამოსვლების დროს 850-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 6,000-ზე მეტი.

ამასთან, მუბარაქს ბრალად ედება ზოგიერთი პოლიციელის შეგულიანება, აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ცეცხლი გაეხსნათ და მათთვის მანქანები დაეჯახებინათ.

მუბარაქი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, სასამართლოს წინაშე პირველად 3 აგვისტოს წარდგა. პირველი ორი სხდომა ტელევიზიით გადაიცემოდა - ეგვიპტელები უყურებდნენ საკაცით როგორ შეიყვანეს 83 წლის ყოფილი ლიდერი სასამართლოს დარბაზში. თუმცა ორშაბათის სხდომა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელევიზიისთვის დახურული იყო.

მოსამართლემ ამის მიზეზად მოწმეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაასახელა. ორშაბათის სხდომაზე მოწმეებად პოლიციის მაღალჩინოსნები იყვნენ დაბარებული. მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატებმაც დაუჭირეს მხარი.

მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში მართავდა, გულს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს უჩივის. მას ასამართლებენ შვილებთან - გალამთან და ალაასთან - და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად.
XS
SM
MD
LG