Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში გაიმართა ახალ ლიდერებთან სარკოზისა და კამერონის შეხვედრა


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, რომლებიც ერთად ესტუმრნენ ლიბიას, მოითხოვენ, რომ მართლმსაჯულებას გადაეცეს ამ ქვეყნის ყოფილი ლიდერი, მუამარ კადაფი. სარკოზიმ და კამერონმა მოლაპარაკებები გამართეს ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლიდერებთან, მუსტაფა აბდელ ჯალილთან და მაჰმუდ ჯიბრილთან. საფრანგეთი და ბრიტანეთი თავიდანვე აქტიურად ემხრობოდნენ ლიბიაში ნატოს საჰაერო ოპერაციებს, რომლებმაც ხელი შეუწყო კადაფის 42-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღებას. ტრიპოლიში დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, კამერონი ლიბიის ახალ ლიდერებს დაჰპირდა მხარდაჭერას კადაფის ძებნაში და მათ შესთავაზა დახმარება სახიფათო იარაღის არსენალის ლიკვიდაციაში. „ჩვენ დაგეხმარებით კადაფის მოძებნასა და მართლმსაჯულებისათვის მის გადაცემაში. და ჩვენი სურვილია ასევე, დაგეხმაროთ ლიბიიდან სახიფათო იარაღის გატანაში - იქნება ეს დედამიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები, თუ ნაღმები, რომლებიც დიდ პრობლემას შეუქმნიდა თქვენს ხალხს. დღეს ბრიტანეთი იღებს ვალდებულებას, დაგეხმაროთ ლიბიიდან ნაღმების გატანაში“, განაცხადა კამერონმა. მანამდე მისმა პრესმდივანმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ბრიტანეთი ყადაღას მოხსნის კიდევ 600 მილიონ გირვანქა სტერლინგს (ანუ, 950 მილიონამდე დოლარს) ლიბიის კუთვნილი აქტივებიდან.
XS
SM
MD
LG