Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელა-ალექსანდრა რადენოვიჩი - სტუდენტი


11 სექტემბერი, კვირა
გავიღვიძე თუ არა, გამახსენდა, რომ ამ დღიდან ქართულად უნდა ვწერო დღიური. ნეტავ რატომ არ ვუთხარი მარინას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის ცოდნის ილუზიას კარგად ვქმნი ცხოვრებაში, ერთი წინადადებაც კი არა მაქვს ქართულად დაწერილი...

ამიტომაც წინასწარ ვიხდი ბოდიშს...

მოკლედ, 11 სექტემებრია. 2554 წელი ტაილანდური კალენდრით.

დილით ხელნაწერთა ინსტიტუტში შევხვდი საზაფხულო სკოლის ჯგუფს და კახეთში გავემგზავრეთ. იყალთო...

მშვიდი ბერი თაფლს ჭურჭელში ანაწილებდა...

ჩვენი სკოლის ლექტორმა, თემომ, თავისი საყვარლად დამტვრეული რუსულით გვიამბო ამბავი წმინდა ზენონზე – ერთ-ერთ სირიელ მამაზე, რომელმაც დააარსა ეს მონასტერი მეექვსე საუკუნეში.

ერთ-ერთი ბერისგან ვიყიდე თაფლი ჩემი პატარა დაიკოებისთვის – მარისა და ელენესთვის.

წავედით ალავერდში, შემდეგ კი ველისციხის მუზეუმში, სადაც მუზეუმის ქერათმიანმა მეპატრონემ ჩაგვიტარა ექსკურსია მეთექვსმეტე საუკუნის მარანში. მერე კი ულამაზესი სუფრა გაგვიშალა მუზეუმის სხვენში, სადაც შეგეძლო გენახა:

ა. Becker-ის შავი, დაშლილი პიანინო, რომელიც იმდენი მტვრით იყო დაფარული, ადამიანი რომ ყოფილიყო ცემინებით მოკვდებოდა.

ბ. საქსოფონი, ტრომბონი, გრამოფონი, ჩილიმი და, რაც მთავარია, ღვინის ბოთლები, რომლებზეც სტალინი იყო გამოსახული.

როდესაც ვხედავ პოზიტიურ კონტექსტში წარმოდგენილ სტალინს, ვისაც დასავლეთ ევროპაში ჰიტლერთან აიგივებენ, მაგონდება ჩემი კანადელი მეგობარი კეილები, რომელიც შემთხვევით კუალა-ლუმპურში გავიცანი. კეილებისთვის გასაოცარი იყო ბელგრადის მაღაზიაში გვერდიგვერდ ღვთისმშობლის ხატისა და მილოშევიჩის პოსტერის დანახვა. კერგია, რომ კეილებმა არ იცის, სერბეთში, ბიძაჩემის სახლში, ჩვენი ოჯახის მფარველი წმინდანის ხატი კიდია კარაჯიჩსა და მლადიჩს შორის, რომლებიც ჰააგის სასამართლოზე არიან წარდგენილი. როგორც სტალინი, ზოგისთვის ისინი ტერორისტები და დიქტატორები არიან, ზოგისთვის კი ეროვნული გმირები.

ველისციხიდან გრემში წავედი - თემში, სადაც უნარშეზღუდული, ობოლი ან უბრალოდ გარიყული ბავშვები ცხოვრობენ. შარშან იქ ერთი თვე ოქსფორდელ მოხალისეებთან ერთად ვცხოვრობდი. მათ მიწის დამუშავებასა და სადილის მომზადებაში ვეხმარებოდი, და ინგლისურსაც ვასწავლიდი...

გზაში მზე მთის სიღრმეში იძირებოდა. გავჩერდით, რომ ცხვრის ფარისათვის გზა დაგვეთმო. ისეთი შეგრძნებო მქონდა თითქოს სახლში ვბრუნდებოდი - იმ სახლში, რომლის ოჯახის წევრებსაც შეიძლება დავიწყებულიც კი ვყავდი ამ ერთი წლის განმავლობაში. ჩემდა საბედნიეროდ, ჯუნა, რეპერი მარი, ჩუმი თამუნა, დიდი დათო, პეტრე და სხვები თბილად შემხვდნენ. ბავშვებთან ლოტოს თამაშისას მარი, როგორც ყოველთვის, ლექსენს რეპავდა, დათო კი მეკითხებოდა, მახსოვდა თუ არა მისი ჩემდამი მოძღვნილი კონცერტი. ის კონცერტი, თავისი სასიყვარულო ღამის სერენადებით, მგონი, არასოდეს დამავიწყდება.

დღის უცნაურობები: ნაკურთხი მანქანები, სტალინის ღვინო, უცერემონიო კახური ძროხები და აშლილი პიანინოები.

თავისუფლების დღიურები - ბელა - ალექსანდრა რადენოვიჩი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:11 0:00
გადმოწერა


12 სექტემბერი, ორშაბათი
დავიძინე სავსე მთვარის სხივებისა და ძაღლის ყეფის ხმების თანხლებით. გამაღვიძა მზემ და ბავშვების ყვირილმა. დავლიე ჩაი გერმანელ მოხალისე დავიდთან ერთად და თემის პრობლემებზე ვისაუბრეთ. ის უკვე მეორე წელია ამ ბავშვთა სახლში ცხოვრობს. საუზმის შემდეგ ყველას დავემშვიდობე, ჩავეხუტე და შევპირდი, რომ მალე ისევ დავბრუნდებოდი.

გრემიდან ჩავედი თელავში. შუა გზაში გავჩერდით, სოფელ შაქრიანში, სადაც ფიროსმანის მარგარიტას მსგავსი, პუტკუნა ქალბატონი “მარშრუტკის” მგზავრებს შემოუერთდა.

თელავიდან წნორში წასვლა მომიწია, პატარა სოფლების გავლით. “მარშრუტკის” მგზავრებს შორის იყვნენ: ასაკოვანი კაცი ბაბა-იაგასნაირი ცხვირით და ცოცხით, გასათხოვარი ჭორიკანა გოგოები, ქალბატონი ქილებით სავსე პარკით ხელში, ფეხმძიმე გოგონა თავისი თოთო ბავშვით, რომელიც მოსაფერებლად ერთი მგზავრიდან მეორეს გადაეცემოდა. არც ვიცი, ეგ ბავშვი ეგეთი ცნობილია ამ სოფლებში თუ უბრალოდ კახეთში ეგრე იციან.

13 სექტემბერი, სამშაბათი
ხელნაწერთა ინსტიტუტში მთელი დღე ლექციები მქონდა. ვნახეთ ერთ-ერთი საცავი, სადაც შუა საუკუნეების ხელნაწერების კოლექცია ინახება. გამაოცა ჯრუჭის მინიატიურებმა, განსაკუთრებით, საიდუმლო სერობის უჩვეულო, წითელმა სუფრამ და კომპოზიციის დინამიკამ. ინგლისურ და ფრანგულ ხელნაწერებთან შედარებით, რომლებიც კემბრიჯში მინახავს, ქართული მინიატიურა ჩანს გაცილებით უფრო ცოცხალი და დახვეწილი, თითქოს ერთი-ორი საუკუნით გვიან არის შესრულებული.

ინსტიტუტიდან გამოვიპარე და წავედი ჩემი პატარა ბიძაშვილების სკოლიდან და ბაღიდან წამოსაყვანად. სამი წლის ელენემ მიამბო თავისი დღევანდელი თავგადასავლების შესახებ. დღეს მისი ფრანგი აღმზრდელი, ჟულიენი, მგელს თამაშობდა, ბავშვები კი ბაჭიებს. ელენე მარწმუნებს, რომ გაიმარჯვა. მგელს როგორ უნდა მოუგოს პატარა, მოუხერხებელმა ბაჭიამ? ეს ილუზიები Disney-ს ბრალია!

საღამოს ჩემმა ამერიკელ-იტალიელმა მეგობარმა ტარამ დამპატიჟა თავისი შეყვარებულის, ბრაიანის, welcome party-ზე. იქ გავიცანი მისი ნიუიორკელი მეზობლები და კამილა, ამერიკელი გოგონა, რომელიც ერთი წელი ზესტაფონში ინგლისურს ასწავლიდა (!). სადილის დროს რამდენჯერმე მეზობელი სუფრებიდან ცდილობდნენ ქართულად გამოლაპარაკებას. საბოლოოდ, ჩვენი ბიჭები თავიანთ სუფრაზე გადაიყვანეს, ჭაჭა დაალევინეს, მერე კი კაზინოში და სტრიპ-კლუბშიც დაპატიჟეს. წესიერი ამერიკელი ბიჭების უარმა ქართველები გააოცა.


14 სექტემბერი, ოთხშაბათი
დილით ბავშვების სასიამოვნო ხმაურმა გამაღვიძა. ჩაის დალევის დროს ელენე მოდის და მეუბნება, რომ ჩემთვის საჩუქარი აქვს. მოაქვს თავისი ახალი Hello Kitty-ს ტრუსი და ამბობს: “ჩუჩი, ეს ძალიან მოგიხდება შენ”, მატოლებს და აგრძელებს: “შენი ზომა არის ზუსტად, ნახე, აბა”.

დღისით დავით-გარეჯში წავედით ფრესკებისა და წარწერების სანახავად ჩვენს ერთ ლექტორ თემოსთან ერთად. უდაბნოს მონასტრის სატრაპეზოსა და სენაკებში ვნახეთ მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეების ფრესკები. განსაკუთრებით მომხიბლა ხარების ეკლესიის ფრესკების ცისფერმა და იასამნისფერმა. ერთ-ერთ სენაკში ფრესკები ისეთ ცუდ მდგომარეობაში არის, რომ გაისად შეიძლება არც კი დამხვდეს. როგორ მტკივა გული, რომ ქართველი ხალის სულიერი და შემოქმედებითი ცხოვრების დამადასტურებელი მასალები ნელ-ნელა იკარგება და ინგრევა.

მზის ჩასვლისას დავემშვიდობეთ დავით-გარეჯს. გალაკტიონის ლექსებს ვკითხულობდით სიგურ როსის მუსიკის ფონზე. მომაგონდა დედაჩემის მონაყოლი ამბავი ბაბუას სტუდენტური ცხოვრებიდან, როდესაც ის თბილისში გალაკტიონის მეზობლად ცხოვრობდა და ხშირად მიუცილებია მთვრალი პოეტი საწოლამდე.

საღამოს ლესელიძეზე, ვინოთეკასთან შევხვდი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილს, რომელმაც წამიყვანა კაფე “შავ ლომში”, ის კი არ მუშაობდა. შევიარეთ მის მეგობართან, ფოტოგრაფ დაროსთან სახლში. ძველ ქართულ ფილმში მეგონა თავი, ალბათ 70-იანი წლებიდან მანდ არაფერი შეცვლილა - ულამაზესი იტალიური ეზო და უგრძესი აივანი.

15 სექტემბერი, ხუთშაბათი
დილა კარგად დაიწყო. GPI-ს გაჩერებასთან დავინახე განცხადება: “დაოჯახების ცენტრი, 598990355”. არ ვიცოდი, დაოჯახება ეგეთი დიდი პრობლემა თუ იყო საქართველოში!

საღამოს თბილისის თეატრალური ფესტივალის გახსნაზე წავედი და ვნახე მალკოვიჩის Infernal Comedy. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხს მალკოვიჩის ხუმრობაზე არ ეცინებოდა, უმეტესობამ ინგლისური არ იცოდა ან ცუდად იცოდა.

16 სექტემბერი, პარასკევი
დღეს მე და ბენმა ხელნაწერთა ინსტიტუტში პრეზენტაცია გავმართეთ ქართულ სლენგსა და ყოველდღიურ საუბარზე რუსულ-ინგლისური გავლენის შესახებ. ჩვენ იმას ვამტკიცებდით, რომ ინგლისური ნეოლოგიზმები გამოხატავენ დადებით ემოციებს, რუსული სიტყვები კი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენება. ჩვენი იდეის დადასტურებისთვის მაგალითად მოვიყვანეთ რუსული ენიდან წამოსული ისეთი ქურდული ჟარგონები, როგორიცაა “ნაკოლკა” და “სტრელკა”...

ინსტიტუტის პროფესორებმა ძალიან ბევრი იცინეს...

დღისით იმედის პირდაპირ ეთერში ვიყავი. მირეკავს ჩემი გურული ბებია და მსაყვედურობს, რომ ტელევიზიაში გამოსვლაზე არაფერი მითქვამს. მიხარია, რომ დიდ ბელას myvideo.ge ჯერ არ დაუმუღამებია.

17 სექტემბერი, შაბათი
ლანჩი ტარასთან ერთად ლიტერატურულში. ის მიყვებოდა თავის თეატრალურ ცხოვრებაზე ოქსფორდში. ამ სემესტრში უნდა დაიდგას “ანტონიუსი და კლეოპატრა” სტუდენტურ თეატრში. დავგეგმეთ, რომ გაისად საქართველოდან სირიასა და ისრაელში წავალთ.

დღეს საღამოს რომში მივფრინავ ჩემი კემბრიჯელი პროფესორისა და იტალიური შუა საუკუნეების არქიტექტურის სანახავად. მერე კი დავბრუნდები ინგლისში და ჩემს უცნაურ, სტუდენტურ ცხოვრებას გავაგრძელებ.

როგორც ყოველთვის, ერთი წლით ვემშვიდობები საქართველოს და ჩემს ქართულ ოჯახს და როგორც ყოველთვის, გული მტკივა, რომ უნდა დავტოვო ეს საარაკო ადგილი.
XS
SM
MD
LG