Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუდრინი უარს ამბობს მედვედევთან თანამშრომლობაზე


დმიტრი მედვედევი და ალექსეი კუდრინი
დმიტრი მედვედევი და ალექსეი კუდრინი
რუსეთის მმართველი „ედინაია როსიას“ მიერ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის, ხოლო დმიტრი მედვედევის – პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებამ, – პირველი განხეთქილება გამოიწვია რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში. მაშინ, როდესაც ვლადიმირ პუტინი ცდილობს მშვიდობიანად მოახდინოს ძალაუფლების გადაბარება, ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ არ იმუშავებს იმ კაბინეტში, რომლის ხელმძღვანელიც მედვედევი იქნება.

„ეს სიტყვები ალექსეი კუდრინმა 24 სექტემბერს განაცხადა „რია-ნოვოსტისათვის“ მიცემულ კომენტარში. ფინანსთა მინისტრს, როგორც იტყვიან, სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მას „კარებისაკენ მიუთითა“. 26 სექტემბერს მედვედევსა და კუდრინს შორის ულიანოვსკის ოლქში ასეთი დიალოგი გაიმართა:
იცით რა, თქვენ შეგიძლიათ ვისთანაც გინდათ, იმასთან ითათბიროთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ ვიდრე პრეზიდენტი მე ვარ, ასეთ გადაწყვეტილებებს მე თავად ვღებულობ...

მედვედევი: „თქვენ მე აქ ასეთი წინადადებით მოგმართავთ: თუ თვლით, რომ თქვენ განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ ეკონომიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით, ვიდრე პრეზიდენტს, ანუ მე, შეგიძლიათ დაწეროთ შესაბამისი განცხადება გადადგომის თაობაზე. მოგიწევთ ძალიან სწრაფად გაერკვეთ და პასუხი დღესვე მომცეთ“.

ალექსეი კუდრინი: „თქვენს წინადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებ პრემიერ-მინისტრთან თათბირის შემდეგ“.

დმიტრი მედვედევი: “იცით რა, თქვენ შეგიძლიათ ვისთანაც გინდათ, იმასთან ითათბიროთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ ვიდრე პრეზიდენტი მე ვარ, ასეთ გადაწყვეტილებებს მე თავად ვღებულობ. მაგრამ თუკი უთანხმოება არ არსებობს, მაშინ თქვენ მოგიწევთ განმარტების გაკეთება. თუკი უთანხმოება არსებობს, მაშინ ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის უსიამოვნოა“.

„რია-ნოვოსტის“ ცნობის თანახმად, ასეთი გაბაასება გაიმართა მედვედევსა და კუდრინს შორის პრეზიდენტთან არსებული რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების კომისიის სხდომაზე. რაც შეეხება კუდრინის მიერ ნახსენებ უთანხმოებას, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არსებობს ვარაუდი, რომ ფინანსთა მინისტრი თავად ელოდა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ მომავალი მთავრობის მეთაურის პოსტზე დმიტრი მედვედევის დასახელებამ მას ეს იმედები მოუსპო. ამ მოსაზრებას იზიარებს მოსკოველი ანალიტიკოსი ვლადიმირ პრიბილოვსკი:

„ბოლო წლის განმავლობაში, შესუსტდა პოლიტიკური კლანებისა და დაჯგუფებების ძალა, რომლებიც მედვედევისათვის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას ითხოვდნენ. გარდა ამისა, მათმა ნაწილმა ორიენტაცია აიღო კუდრინზე, იმაზე, რომ მოსალოდნელი ცვლილებებისა და რეფორმების ორგანიზატორი და ასევე სეჩინის [მედვედევის თანაშემწე] ირგვლივ თავმოყრილი კონსერვატორების დაშლის მთავარ სუბიექტად კუდრინი გახდებოდა, და რომ პრეზიდენტი იქნებოდა პუტინი, კუდრინი – პრემიერ-მინისტრი, ხოლო მედვედევი – არავინ, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე“.

გარდა პოლიტიკური ძალაუფლების საკითხებისა, ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი წინააღმდეგი იყო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებისა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში 65 მილიარდი დოლარით ითვალისწინებს რუსეთის არმიის ბიუჯეტის გაზრდას. კუდრინი შიშობდა, რომ მომდევნო წლებში, ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებას მოუწევდა გადასახადების გაზრდა და ქამრის შემოჭერა. კუდრინი ასევე ეწინააღმდეგება პენსიების ზრდას და, ბიზნესის დაზღვევის მიზნით, სახელმწიფო ასიგნებების შემცირებას. ბევრი ეკონომისტი სწორედ ალექსეი კუდრინს მიიჩნევს იმ ეკონომიკური აღმავლობის ინიციატორად, რაც ბოლო წლებში რუსეთში შეიმჩნევა.

თუმცა, წარსულის დამსახურების მიუხედევად, კუდრინის პოლიტიკურ მომავალს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. მას პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღის ბოლომდე მისცა გადაწყვეტილების მიღების ვადა. რუსეთის პრეზიდენტი ზემოხსენებული კომისიის სხდომაზე მთავრობისა და პრეზიდენტის კურსში დაეჭვებულ სხვა მოხელეებსაც დაემუქრა და განაცხადა, რომ „ნებისმიერ უპასუხისმგებლო ლაყბობას აღკვეთს 2012 წლის 7 მაისამდე“, ანუ იმ დრომდე, როდესაც მედვედევმა საპრეზიდენტო ძალაუფლება უნდა მოიხსნას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG