იემენში მოკლეს ექსტრემისტი, რომელიც იყო ალ-ყაიდის მთავარი ინგლისურენოვანი პროპაგანდისტი არაბეთის ნახევარკუნძულზე. ანვარ ალ-ვალიკი შეერთებულ შტატებში დაიბადა და 2004 წელს გადასახლდა იემენში, სადაც დღეს მოკლეს რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად. იემენის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება მისი დაღუპვის შესახებ, თუმცა ჯერ ნათელი არ არის, ალ-ვალიკი იემენის ძალების საჰაერო რეიდის დროს მოკლეს, თუ შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად. ანვარ ალ-ვალიკი შეერთებულ შტატებში გამოცხადებული ჰყავდათ უდიდეს საფრთხედ შინაგანი უსაფრთხოებისათვის. იემენში ემიგრაციამდე ის ამერიკის მეჩეთებში ქადაგებდა. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ალ-ვალიკი მონაწილეობდა, მაგალითად, ნიგერიელი უმარ ფარუკ აბდულ მუტალაბის რეკრუტირებაში - ამ უკანასკნელმა 2009 წლის 25 დეკემბერს წარუმატებლად სცადა თვითმფრინავის აფეთქება ტრანსატლანტიკური რეისის შესრულების შემდეგ, დეტროიტის აეროპორტში დაშვებისას.
ყველაზე პოპულარული
1