Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირტეს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს


„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ქალაქ სირტეში, რომელსაც ათასობით მცხოვრები ტოვებს, ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება იმ ფონზე, როდესაც ლიბიის გარდამავლი ეროვნული საბჭოს მომხრე ძალები ქალაქზე გადამწყვეტი შტურმისათვის ემზადებიან.

საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, გააფთრებული ბრძოლების ეპიცენტრი ქალაქი სირტე 10 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა, მაშინ როდესაც ქალაქის მოსახლეობა მხოლოდ 70 ათას კაცს შეადგენს.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტს ტრიპოლიში განუცხადა საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა სოადე მესოუდიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა დელეგაციასთან ერთად სირტედან.

„საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები სირტეში ესაუბრნენ მედპერსონალს, შეხვდნენ ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ სჭირდებათ საკვები, მედიკამენტები, სასმელი წყალი და ჰიგიენის ნივთები. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რადგან საავადმყოფო ცეცხლის ალში მოექცა და ვითარებამ არ მოგვცა შესაძლებლობა უფრო მეტ ხანს დავრჩენილიყავით. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რაც შეიძლება ჩქარა გაგვეყვანა ისინი საავადმყოფოდან.“

ქალაქი დამხობილი პრეზიდენტის მუამარ კადაფის მომხრე ძალების მთავარ ბასტიონად ითვლება და მის ასაღებად ლიბიის დროებითი მთავრობის სამხედრო ნაწილები ყველა ღონეს ხმარობენ. დასავლური მედიის ინფორმაციით, კვირას დროებითი მთავრობის ჯარები საარტილერიო დანადგარებიდან და ტანკებიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქში გამაგრებულ კადაფის მომხრე ნაწილებს, რომლებიც ტყვია-წამალს და მძიმე ტექნიკას ასევე არ უჩივიან.

მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვით, ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ არის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის რიგებშიც იზრდება დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი. ექიმები, რომლებიც ალყაშემორტყმულ ქალაქს ტოვებენ, აცხადებენ, რომ საავადმყოფოებს არ აქვთ ელექტრომომარაგება და გენერატორები, ხოლო დაჭრილები პირდაპირ საოპერაციო მაგიდებზე იღუპებიან.

აი, როგორ აღწერს დიბე ფახრი, საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი, სირტეში შექმნილ საგანგაშო ვითარებას:

„საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მისრატას გავლით მოახერხეს სირტეში შეღწევა და მოინახულეს იბნ სინას ჰოსპიტალი, მთავარი საავადმყოფო, რათა გასცნობოდნენ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საკუთარი თვალით ენახათ ის მძიმე ვითარება, რომელშიც ბოლო კვირების განმავლობაში აღმოჩნდა ალყაშემორტყმული ქალაქი. საავადმყოფოს უმძიმეს პირობებში უხდება მუშაობა. არ არის ექიმების, სამედიცინო ინსტრუმენტების, ჟანგბადის ბალიშების საკმარისი რაოდენობა, დაზიანებულია თავად წყლის მომარაგების სისტემაც. საავადმყოფო და ექიმები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.“

რესპუბლიკელმა სენატორმა მაკკეინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თავადაც იმყოფებოდა ლიბიაში, მოუწოდა ვაშინგტონს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ათასობით დაჭრილ ადამიანს ლიბიაში. ტელეკომპანია „სიბიესის“ გადაცემაში - „პირისპირ ერის წინაშე“ - საუბრისას, მაკკეინმა განაცხადა, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომის დროს 25 ათასი ადამიანი დაიღუპა და 60 ათასი დაიჭრა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG