ჟენევის დისკუსიის მე-17 რაუნდის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ”რუსეთის უკიდურესად პოლიტიზებული პოზიციის გამო, შეუძლებელი ხდება პროგრესის მიღწევა არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკების დღის წესრიგის ფუნდამენტურ საკითხებზე, არამედ ჰუმანიტარული ხასიათის თემებზეც.” სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის რაუნდზე კვლავ გამოჩნდა, რომ ”რუსული მხარე და ცხინვალის და სოხუმის მარიონეტული რეჟიმები” არ აპირებენ სერიოზულად განიხილონ უსაფრთხოების, სტაბილურობის და დევნილთა დაბრუნების საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებაზე, არ გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ და აცხადებს, რომ მზად არის, იყოს რეგიონში მშვიდობის და ძალის გამოუყენებლობის გარანტი. ამ იდეას სამინისტრო აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსკოვი ცდილობს თავი წარმოაჩინოს მშვიდობის გარანტად და არა კონფლიქტის მხარედ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვასა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების, ასევე 12 აგვისტოს ხელშეკრულების უხეშ დარღვევაზე.
ყველაზე პოპულარული
1