Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მზადება ზამთრისთვის


ერედვიდან დევნილი ტასო აწკარუნაშვილი მესამე წელია გორის ერთ–ერთი საბავშვო ბაღის შენობაში კომპენსაციის მოლოდინში ცხოვრობს. ადრე ამ შენობაში ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად შეშაც მიჰქონდათ ხოლმე, მაგრამ ბოლო ხანებში დახმარება შეწყდა. ორი კვირაა საბავშვო ბაღს ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეუწყვიტეს, იქ მცხოვრებ დევნილებს კი მხოლოდ ელექტროენერგიის შეღავათი დარჩათ. ზამთარში ელექტროგამათბობლებით ოთახების გათბობა შეუძლებელია, ამიტომ დევნილები ფიჩხს და მუყაოს ნაჭრებს აგროვებენ. ტასო აწკარუნაშვილი ამბობს, რომ მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო იგი დაავადდა.

შიდა ქართლის ადმინისტრაციაში ცვლილებებია. ყოფილი გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის წასვლის შემდეგ სამხარეო ხელისუფლების შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. ერთ-ერთი ვიცე-გუბერნატორი, რევაზ კახნიაშვილი, ლიახვის ხეობიდან დევნილია და სხვა იძულებით გადაადგილებული პირების საქმეებს თვითონ კურირებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კახნიაშვილმა დაადასტურა, რომ სახელმწიფომ დევნილებს ბუნებრივი აირის შეღავათი მოუხსნა, მაგრამ იმ დევნილთა დასახლებებში, სადაც გაზი არ არის, ხელისუფლება შეშის შეტანას იწყებს.

ზამთრისთვის შეშას ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებშიც მიიღებენ. გორის, ქარელის და კასპის რაიონებში საწვავს დაახლოებით 6000 ოჯახი მიიღებს. ვიცე-გუბერნატორ გიორგი კვიწინაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს, რომ შეშის დარიგება სოფლებში დეკემბრამდე დასრულდეს.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ხელისუფლებამ შეშა შარშანაც დაარიგა, მაგრამ სოფლელები აცხადებდნენ, რომ მთელი ზამთრისთვის ეს საკმარისი არ იყო. შარშანდელის მსგავსად, წელსაც თითოეული ოჯახი 2 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს.
XS
SM
MD
LG