Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი:საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის გეგმის გამო ირანს პასუხს მოსთხოვენ


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ირანს პასუხი მოეთხოვება იმ გეგმის გამო, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას ითვალისწინებდა. ბაიდენის განცხადების ფონია ობამას ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობა - რომ ის სხვა ქვეყნების მთავრობებთან კონსულტაციებს აწარმოებს ირანის „კიდევ უფრო მეტად იზოლირების“ გზების შესახებ. ამ განცხადებების მიზეზი ის არის, რომ, აშშ-ის ცნობით, აღკვეთილია ირანთან კავშირის მქონე ორი მამაკაცის მიერ დასახული გეგმა აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის შესახებ. ცნობას საერთაშორისო თანამეგობრობაც ეხმიანება. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრეს-მდივნის, მაია კოსიანჩიჩის თქმით, ამას შესაძლოა გლობალური მასშტაბის მქონე შედეგები მოჰყვეს: „ჩვენ გვჯერა, რომ აშშ-ის სასამართლო სისტემა ამ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ცნობას მალე სრულად მოჰფენს ნათელს. და თუ ფაქტები დადასტურდება, ეს იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, სერიოზული საერთაშორისო შედეგებით. ირანის მთავრობას მოვუწოდებთ სრულად ითანამშრომლოს აშშ-ის სასამართლო სისტემასთან“. ირანი ბრალდებებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებების გაპროტესტების მიზნით მან შვეიცარიის წარმომადგენელი დაიბარა. ირანში ვაშინგტონის ინტერესებს შვეიცარიის წარმომადგენლობა იცავს, რადგან თავად ვაშინგტონს ირანთან დიპლომატიური კავშირები უკვე 30 წელიწადზე მეტია გაწყვეტილი აქვს.
XS
SM
MD
LG