Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და მისი მოკავშირეები ირანზე ზეწოლას გააძლიერებენ


საუდის არაბეთის საელჩო ვაშინგტონში
საუდის არაბეთის საელჩო ვაშინგტონში
აშშ აცხადებს, რომ გააძლიერებს ზეწოლას ირანზე, რომელიც, აშშ-ის განცხადებით, ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას გეგმავდა. თეირანმა ბრალდებებს „კომედია“ უწოდა, აშშ-მა კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელა გაფრთხილება აშშ-ის საწინააღმდეგო ნაბიჯების საფრთხის შესახებ.

აშშ და საუდის არაბეთი აცხადებენ, რომ ირანს პასუხი მოეთხოვება იმ გეგმის გამო, რომელიც, გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლას ითვალისწინებდა.

სამშაბათს, 11 ოქტომბერს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანის უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებულ ორ კაცს ბრალად ედება „დაქირავებული მკვლელობის საერთაშორისო სქემაში“ მონაწილეობა, რომელიც ირანიდან იმართებოდა.

თეირანი ბრალდებებს უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გეგმა დაახასიათა „აღმაშფოთებელ აქტად, რომლის გამოც ირანს პასუხი უნდა მოეთხოვოს“.

ანალოგიური პოზიცია - რომ ირანმა პასუხი უნდა აგოს - გამოხატა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრმა, აშშ-ში ყოფილმა ელჩმა, თურკი ალ-ფაისალმა.
სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ აშშ სხვა ქვეყნების მთავრობებთან გამართავს კონსულტაციებს ირანის „კიდევ უფრო მეტად“ იზოლირების შესახებ. ირანის მიმართ უკვე მოქმედებს მრავალი საერთაშორისო სანქცია: „მთელ მსოფლიოში ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებს გავმართავთ, თუ როგორ შევძლებთ ძალიან მკაფიო შეტყობინების გაგზავნას იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ნორმების შეუსაბამო ქცევა უნდა შეწყდეს. ამასთან, განვიხილავთ სხვა სფეროებსაც, სადაც მოვახერხებთ ვითანამშრომლოთ, რათა ირანს ძლიერი მესიჯი გავუგზავნოთ და ის საერთაშორისო თანამეგობრობისგან კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოვაქციოთ.“

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის წარმომადგენლის თქმით, ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ ლონდონი კონსულტაციებს აწარმოებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან.

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა ბრალდებების ირგვლივ „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა და ირანს მოუწოდა „სრულად ითანამშრომლოს აშშ-ის სასამართლო სისტემასთან“: „ჩვენ გვჯერა, რომ აშშ-ის სასამართლო სისტემა ამ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ცნობას მალე სავსებით მოჰფენს ნათელს. და თუ ფაქტები დადასტურდა, ეს იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, სერიოზული საერთაშორისო შედეგებით. ირანის მთავრობას მოვუწოდებთ სრულად ითანამშრომლოს აშშ-ის სასამართლო სისტემასთან.“

როგორც იუწყებიან, ბრალდებული პირები არიან მანსორ არბაბსიარი - აშშ-ის მოქალაქე, რომელსაც ირანის პასპორტიც აქვს - და ირანში მცხოვრები ღოლამ შაკური, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი დანაყოფის წევრია.

როგორც იუწყებიან, არბაბსიარმა გეგმა აღიარა მას შემდეგ, რაც გასული თვის ბოლოს ნიუ-იორკში, კენედის სახელობის აეროპორტში დააპატიმრეს. შაკური, როგორც ვარაუდობენ, ირანში იმყოფება.

აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, არბაბსიარი მექსიკაში მართავდა შეხვედრებს პირთან, რომელიც სინამდვილეში აშშ-ის მთავრობის აგენტი იყო. როგორც იუწყებიან, არბაბსიარმა ამ პირის დაქირავება სცადა საუდის არაბეთის ელჩის, ადელ ალ-ჯუბეირის აშშ-ის ტერიტორიაზე მოკვლის მიზნით.

გავრცელებული ცნობით, შეთქმულება მკვლელობაში ირანის მთავრობის მხრიდან 1.5 მილიონი დოლარის გადახდას ითვალისწინებდა.

ამავე ინფორმაციით, ბომბის აფეთქება იგეგმებოდა რესტორანში ელჩის სადილობის დროს. როგორც იუწყებიან, გეგმის აღკვეთა ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენამდე მოხერხდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი საგანგებოდ გავრცელებული განცხადებით აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს გეგმა შესაძლოა ირანის მხრიდან „ტერორისტულ ქმედებებზე უფრო აგრესიულ კონცენტრაციას“ მოასწავებდეს.

ირანმა ბრალდებები უარყო და გაეროში ოფიციალურად გაასაჩივრა. როგორც იუწყებიან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ აშშ-ის ბრალდებებს უწოდა სცენარი, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკელების ყურადღება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან სხვაგან გადაიტანოს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებების გაპროტესტების მიზნით მან შვეიცარიის წარმომადგენელი დაიბარა. ირანში ვაშინგტონის ინტერესებს შვეიცარიის წარმომადგენლობა იცავს, რადგან თავად ვაშინგტონს ირანთან დიპლომატიური კავშირები უკვე 30 წელიწადზე მეტია გაწყვეტილი აქვს.
XS
SM
MD
LG