საბერძნეთიდან იუწყებიან მრავალათასიან დემონსტრაციებზე, რომელთა მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის ახალი გეგმის გამო. გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების გაზრდას, ისევე როგორც ხელფასებისა და სამუშაო ადგილების შემცირებას, პარლამენტი მუშაობს, მიმდინარე კვირაში კენჭისყრაზე გასატანად. პოლიციის ცნობით, ათენში პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა 70 000-მდე ადამიანი. მასშტაბური დემონსტრაციები ჩატარდა რამდენიმე სხვა ქალაქშიც. დაწყებულია 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვა. ათენში ჩატარებული დემონსტრაციის მონაწილე ტანასის პროტელისის შეფასებით: „ქუჩებში ჩვენი ყოფნით, ჩვენი პროტესტით, ჩვენი ორგანიზებული ძალით, ყველა ჩვენგანის მონაწილეობით - მშრომელთა ყველა პროფკავშირის ჩათვლით - არ დავუშვებთ ამ კანონპროექტზე კენჭისყრას. და თუ კენჭისყრა გაიმართება, გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს ქუჩაში, რათა არ დავუშვათ მისი განხორციელება. ეს მთავრობა უნდა დაეცეს და მასთან ერთად უნდა დაეცეს ყველა პარტია, რომელიც ამ ზომებს მიემხრობა“, - განაცხადა ათენში საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. როგორც იუწყებიან, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც აალებად ყუმბარებს ისროდნენ მრავალათასიანი საპროტესტო სვლის დროს. ევროკავშირი მოითხოვს საბერძნეთისაგან საბიუჯეტო ახრჯების მკვეთრად დასაზოგ მორიგ ზომებს, რის სანაცვლოდაც ჰპირდება დახმარებას, რათა საბერძნეთმა შეძლოს დეფოლტის თავიდან აცილება.
ყველაზე პოპულარული
1