Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბანკი ქართუ“ გაუგებრად მიიჩნევს ფულის გათეთრების ბრალდებას


ფულის გათეთრების ბრალდებას „ბანკი ქართუ“ გაუგებრად მიიჩნევს. გასულ საღამოს მომხდარი ინციდენტის გამო, ბანკის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2011 წლის 18 ოქტომბერს, სალაროს გამაგრების მიზნით ”ქართუმ” „საქართველოს ბანკთან“ გააფორმა ორი სტანდარტული ბანკნოტური გარიგება ორ მილიონ დოლარსა და ერთ მილიონ ევროზე. ”ბანკი ქართუ” აღნიშნავს, რომ გარიგება გაფორმდა „საქართველოს ბანკთან“ არსებული „სახაზინო ოპერაციების წარმოების პირობების” გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში. ”2011 წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის ტერიტორიაზე ინკასაციის განხორციელებისას სამართალდამცავებმა დააკავეს „ბანკი ქართუს“ ოთხი მოლარე, ორი ინკასატორი და მათი თანხმლები დაცვის პოლიციის თანამშრომელი. ბანკის თანამშრომლები გადაიყვანეს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საიდანაც გამოუშვეს ჩვენების ჩამორთმევის შემდეგ. სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეულ იქნა „ბანკი ქართუს“ კუთვნილი VOLKSWAGEN-ის ტიპის საინკასაციო დაჯავშნილი მანქანა და ბანკის კუთვნილი 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება განსაკუთრებით დიდი ოდენობით. „ბანკი ქართუს“ ადმინისტრაციისათვის გაუგებარია, თუ რა საფუძვლით შეიძლება ჩაითვალოს საბანკო პრაქტიკაში ასე ფართოდ გავრცელებული სალაროს გამაგრების ოპერაცია ფულის გათეთრებად”, - ნათქვამია ”ბანკი ქართუს” დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG