აშშ-ის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს ბიძინა ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და თუ საჭირო იქნება ამ საკითხებს საქართველოს მთავრობასთანაც განვიხილავთ - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა. მისივე თქმით, გუშინდელი შეხვედრისას დიპლომატებმა ივანიშვილისგან მოისმინეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები იმ ბრალდებებზე, რომლებიც ბიზნესმენის თქმით, მის მიმართ ისმის. ჯონ ბასის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე და თავად გამოიტანოს დასკვნა ბოლო ორ კვირაში მომხდარ მოვლენებსა და კანონთან მათ შესაბამისობაზე. აშშ-ის ელჩმა მნიშვნელოვანი უწოდა იმასაც, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდეს მშვიდობიანი ფორმატით და ყველას ხმა თანაბრად ისმოდეს. ჯონ ბასმა გაიმეორა სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის განცხადება, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს არა რომელიმე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან პირს, არამედ საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. არ ვითანამშრომლებთ მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც შეეცდებიან ძალადობა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ - განაცხადა ბასმა.
ყველაზე პოპულარული
1