Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უფრო იყო მუამარ კადაფი, აფრიკის „ჩე გევარა“ , თუ ახლო აღმოსავლელი „ცოფიანი ძაღლი“


თავში დაჭრილი მუამარ კადაფი
თავში დაჭრილი მუამარ კადაფი
მუამარ კადაფის, ლიბიის ყოფილ მმართველს, არაერთი მეტსახელი ჰქონდა. როცა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და მეფე დაამხო, ის იფერებდა აფრიკის „ჩე გევარას“ სახელს. შემდეგ, 80-იან წლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მას ახლო აღმოსავლეთის „ცოფიანი ძაღლი“ უწოდა. უკვე წელს, როცა ლიბიაში მასა აღდგა მის წინააღმდეგ, ის კი მედიას უმტკიცებდა, როგორ უყვარდა თავის ხალხს, იგი „შემცდარად“ მონათლეს, რადგან რეალობის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა. პოლკოვნიკი მუამარ მუჰამად აბუ მინიარ ალ-კადაფი მკვდარია, ის 20 ოქტომბერს მოკლეს. მუამარ კადაფი მოკლეს ვითარებაში, რომელიც ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის და რის შესახებაც უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნელი“ გამოძიებას მოითხოვს. გავრცელდა ეჭვი, რომ კადაფი დაჭერილი ჰყავდათ და ასე ვთქვათ, მაინც სიკვდილით დასაჯეს.

პოლკოვნიკს უჩვეულოდ ჩაცმა-დახურვა უყვარდა. თავიდან ახალგაზრდა ოფიცერი სამხედრო უნიფორმით დაიარებოდა. შემდეგ, უკვე შედარებით მოწიფულ ასაკში, სტილიზებული „საფარის“ ჩაცმა მოსწონდა. კადაფის იხილავდით ხოლმე მდიდრულად მორთულს ბედუინების სამოსელში, რაც აშკარად პატივმოყვარე იმპერატორის იერს აძლევდა. მისი ტიტულიც ვერ იყო თავმდაბლური: სოციალისტური სახალხო ლიბიის არაბული ჯამაჰირიის პირველი სექტემბრის დიადი რევოლუციის ძმური ლიდერი და წინამძღოლი, ასე ერქვა მუამარ კადაფის, რომელიც თავის სამშობლოში, ბრიტანული კოლონიალიზმისგან 1951 წელს განთავისუფლებულ ლიბიაში, ბედუინებს შორის დაიბადა 1942 წელს. 27 წლისა იყო, როცა მეფე დაამხო და ლიბიის რესპუბლიკა გამოაცხადა. ის არის ავტორი ეგრეთწოდებული მწვანე წიგნისა, რომლის იდეებს ის ისლამურ სოციალიზმსაც უწოდებდა. ამ წიგნის მიხედვით შეიქმნა კონსტიტუცია ახალი ლიბიისა, საიდანაც თავიდანვე განიდევნენ იტალიელი მოსახლეები, ევროპული კალენდარი მაჰმადიანურით შეიცვალა და თანაც თვეებს ახალი სახელები მოუგონეს. კადაფის თავისი თეოლოგიური შეხედულებებიც ჰქონდა, ისლამს ერთადერთ სწორ რელიგიად მიიჩნევდა.

ის, რომ მას მუდამ თან ახლდა 40-კაციანი შესანიშნავად გაწვრთნილი დაცვა, ქალწულების გუნდი და რომ ჰყავდა, როგორც რეპორტიორები აღწერენ, მშვენიერი, ქერა უკრაინელი მოახლე ქალი, რომელიც არასოდეს შორდებოდა გვერდიდან, სალაპარაკოდ არც კი ღირს ახლა, როცა კადაფი მოკლეს და როცა მას აღარაფერმა უშველა. კადაფი, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ ლეიტენანტი იყო და რომელმაც პოლკოვნიკობა დაიბრალა, როგორც ჰყვებიან, მუდამ მზად იყო თავისი კეთილდღეობისათვის ხალხი გაეწირა. ბოლოს, როცა მისივე ხალხი, მანამდე არაერთი წარუმატებელი ამბოხისა, კვლავ გამოვიდა ქუჩაში და იარაღი აიღო ხელში, ის მზად იყო სამოქალაქო ომში ჩაბმულიყო: „ჩვენ ძალა შეგვწევს დავამარცხოთ მტერი. დავამარხოთ ის ხალხის, შეიარაღებული ხალხის ნებით. თუ საჭირო იქნება, გავხსნით არსენალებს და იარაღს მივცემთ ყველა ლიბიელს, ლიბიის ყველა ტომს. ლიბია გადაიქცევა წითელ ცეცხლად და მუგუზლად. თქვენთან მოსასალმებლად, თქვენი სიმამაცის მოსასალმებლად მოვედი აქ. მინდა გითხრათ, რომ მე ხალხს შორის ვარ, მასებს შორის ვარ, რადგან მუამარ კადაფი პრეზიდენტი არაა, ის არაა მეფე, მას არავითარი კონსტიტუციური თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ხალხს ის უყვარს და ხედავს მას“.
კადაფის სოციალისტური იდეები იზიდავდა და როგორც ითქვა, მათ გარკვეული ფორმით ახორციელებდა. მისი მმართველობის დროს, მაგალითად, შეიქმნა წყალსადენების ქსელი, რომლითაც სასმელი წყალი მიეწოდებოდა ჩრდილოეთ ლიბიას. მასზევე ყვებიან, როგორ იზრუნა იმისთვის, რომ საავადმყოფოში ღარიბებსაც შეძლებოდათ მკურნალობა.

ამის ფონზე, ლიბიის ნავთობმა, იქიდან მიღებულმა მოგებამ მუამარ კადაფის საშუალება მისცა, დახმარებოდა მის მოკავშირე რეჟიმებს, ასევე სხვადასხვა ტერორისტულ თუ მსგავს ორგანიზაციებს ახლო აღმოსავლეთში და არა მხოლოდ იქ, ის ირლანდიელთა რესპუბლიკურ არმიას უწევდა მხარდაჭერას. კადაფი დაუნდობლად ებრძოდა ოპონენტებს. მან შექმნა ფართო უშიშროების სამსახური, რომელიც ამ საქმეში ადგებოდა. მათივე დახმარებით, აიცილა მან გადატრიალება 1996 წელს, ხოლო მანამდე თავდასხმა ლიბიის არმიის ოფიცრებისგან 1993 წელს. პოლკოვნიკმა არაერთი ომი აწარმოა. ეგვიტესთან დაპირისპირება წარუმატებელი იყო, ხოლო ჩადთან ომს მოჰყვა ეთნიკური კონფლიქტი დარფურში. კადაფის ლიბიას რთული ურთიერთობა ჰქონდა აშშ-თან. ლიბიის მიერ იყო მომზადებული ტერაქტი ბერლინში, სადაც აფეთქება მოხდა კლუბში, რომლის სტუმრები ამერიკელი სამხედროები იყვნენ. ამის საპასუხოდ, ტრიპოლი აშშ-ის ავიაციამ დაბომბა. ეს მოხდა 1986 წელს. 1988-ში ლიბიელმა ჯაშუშებმა აფეთქება მოაწყვეს აშშ-ის ავიაკომპანიის თვითმფრინავში, შოტლანდიის ლოკერბის თავზე, რასაც 270 ადამიანი ემსხვერპლა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ლიბიას მაშინ სანქციები დაუწესა. მაგრამ კადაფი, მიუხედავად ამ სისხლიანი სტრატეგიისა, ფლობდა უნარს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეეცვალა მიმართულება.
ასე მაგალითად, 2003 წელს მან აღიარა ლოკერბის ტრაგედიაში თავისი ხალხის მონაწილეობა. შემდეგ უარი თქვა ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე და სანქციებსაც თავი დააღწია. ამავე პერიოდში გაუმჯობესდა ურთიერთობა დასავლეთთან. რუსეთთან ურთიერთობა ლიბიას ყოველთვის კარგი ჰქონდა. როცა კადაფის წინააღმდეგ ამბოხი აგორდა და მსოფლიომ მისი მოწინააღმდეგე ძალის, გარდამავალი საბჭოს აღიარება დაიწყო, მოსკოვი დიდხანს ითრევდა ფეხს. კრემლმა ბოლოს გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ამ ქვეყნის სამხედრო მრეწველობას ძალიან ძვირად დაუჯდა იმ შეთანხმებების გაუქმება, რომლებიც ლიბიასთან ჰქონდა მოსკოვს. საშინაო თუ საგარეო, ძალადობრივ მეთოდებზე დამყარებულმა პოლიტიკამ ორმოცი წელი იმუშავა, მაგრამ ბოლოს მოკლული პოლკოვნიკ კადაფის სხეული ლიბიელ ამბოხებულებს ჩაუვარდა ხელში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG