Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინკოლ მიტჩელი: "ივანიშვილს ბოროტ ხმებს უვრცელებენ"


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა და მისი პრორუსულ ძალად გამოცხადება გვიჩვენებს, რომ „საქართველო დემოკრატიისაგან შორსაა“, - ნათქვამია ლინკოლ მიტჩელის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ინტერვიუში, რომელსაც „ნეტ-გაზეთი" აქვეყნებს. "ამ ყველაფერმა გვიჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიისაგან შორსაა, ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი, რომ კანდიდატს, რომელიც შესაძლოა, უკეთესი აღმოჩნდეს პოსტზე, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტი, ბოროტ ხმებს უვრცელებენ. ისევე როგორც ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ“, - აღნიშნავს მიტჩელი და დასძენს - „ზოგი თითქოს რუსეთის ჯაშუშია, ზოგიც რუსული პროექტი, ეს მოქალაქე არ არის და ასე შემდეგ. ეს ნარატივი ლაპარაკობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც დემოკრატია არაა, სადაც სულთნური რეჟიმია. ეს იმიჯი კი საქართველოს სულაც არ სჭირდება". ლინკოლ მიტჩელის თქმით, ის რომ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ყოფილიყო ურჩევდა მიხეილ სააკაშვილს, რომ ივანიშვილთან ურთიერთობები მოეგვარებინა და არ ეცადა ასპარეზიდან მისი გაგდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმა იმ მიზეზით, რომ ბიზნესმენს მიღებული ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობაც, რაც სამინისტრომ კანონის დარღვევად მიიჩნია. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა ივანიშვილის მუეღლეს, ეკა ხვედელიძესაც ჩამოართვა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრებასაც სასამართლოში აპირებს.
XS
SM
MD
LG