2011 წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცველებმა მალხაზ გულაშვილი დააკავეს, - ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა. მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. მასთან ერთად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, დაკავებულია ასევე ძებნილი დავით გულაშვილი. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. დავით გულაშვილის მიმართ კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო და ის გათავისუფლდა პატიმრობიდან. 2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთ გადაცემაში, რომელშიც მალხაზ გულაშვილიც მონაწილეობდა, ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" განხილვა ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებლის მალხაზ გულაშვილის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს "ლეიბორისტული" პარტია, რომელიც ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ყველაზე პოპულარული
1