Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულო ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს


თბილისის საკრებულოში ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლების ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს დღეს დედაქალაქის საკრებულო, რომლის სხდომაც 16 საათზე დაიწყება. მას წინ უძღოდა ბიუროს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკო ხაჩირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ თანამდებობებს თავი ვერ გაართვეს და ამიტომ მათ გადაირჩევენ. ხაჩირაშვილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე და დოლიძე დაკავებულნი უნდა ყოფილიყვნენ კონკრეტული პრობლემების მოგვარებით და არა ბუნდოვანი იდეების განხორციელებით. ბიუროს სხდომა დაწყებიდან დაახლოებით ათ წუთში დატოვეს თავად ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ, რომელთა განცხადებით, თანამდებობიდან მათი გათავისუფლების მხოლოდ უსუსური არგუმენტები მოისმინეს. თბილისის საკრებულოში ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ბიუროს სხდომა დატოვეს საკრებულოში ახალი მემარჯვენეებისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა დავით საგანელიძემ და ჯაბა სამუშიამაც, რომელთა განცხადებით, ნაციონალური მოძრაობისგან ვერ მოისმინეს არგუმენტები, თუ რატომ უნდა დატოვონ აბაშიძემ და დოლიძემ თანამდებობები.
XS
SM
MD
LG