Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ თანამდებობებიდან გაათავისუფლა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები


სააგენტო „მედიანიუსის“ ცნობით, თბილისის საკრებულომ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრების, დეპუტატების ვიქტორ დოლიძისა და ზურაბ აბაშიძის თანამდებობებიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა სხდომაზე მყოფმა 36-ვე დეპუტატმა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი წევრები და უმრავლესობიდან კი, ქეთი ქოჩორაშვილი და სოსო ეგუტია. დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის განხილვის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეუქმნის პრობლემებს. „ეს არის ჩემი პოლიტიკური დევნა“, _ განაცხადა აბაშიძემ.
აღნიშნულ განცხადებას ზურაბ აბაშიძესა და საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე ნიკო ხაჩირიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის მათი პოლიტიკური დევნა და უმრავლესობის მიერ მოყვანილი არგუმენტები კი, უსაფუძვლო და ბუნდოვანია. სოლიდარობის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა, ასევე, საკრებულოს ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. როგორც ქრისტან–დემოკრატიული პარტიის წევრმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, მან საკრებულოს უმრავლესობის წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ვიქტორ დოლიძისა და ზურაბ აბაშიძისათვის სოსო ეგუტიას მხრიდან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი თინათინ ხიდაშელი კი საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ უწოდებს.
XS
SM
MD
LG