Accessibility links

ახალი ამბები

იუნესკომ მხარი დაუჭირა მასში პალესტინელების გაწევრიანებას

იუნესკომ (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ) დღეს დააკმაყოფილა პალესტინელების თხოვნა, ამ ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ. პარიზში, იუნესკოს წევრთა გენერალურ ასამბლეაზე, რომელშიც 173 დელეგაცია მონაწილეობდა, პალესტინელების მიღებას მიემხრო 107 დელეგაცია, წინააღმდეგი იყო 14, თავი შეიკავა 52-მა. კენჭისყრის შედეგი გამოაცხადა იუნესკოს 36-ე გენერალური კონფერენციის პრეზიდენტმა, კატალინ ბოდიაიმ: „ ქალბატონებო და ბატონებო, გენერალურმა კონფერენციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას და გადაწყვიტა პალესტინის მიღება იუნესკოს წევრად“, - განაცხადა კატალინ ბოდიაიმ, რომელიც გაეროში უნგრეთის ელჩია. პალესტინელთა პრეზიდენტის მრჩეველი, საბრი საიდი მიესალმა იუნესკოს გადაწყვეტილებას. პალესტინელების თხოვნა იუნესკოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ არის ნაწილი ძალისხმევისა, რომლის მიზანიცაა პალესტინის სახელმწიფოს აღიარება. გასულ თვეში პალესტინელებმა გაეროს მიმართეს სრულუფლებიან წევრად მიღების თხოვნით. მაგრამ შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს გაეროში პალესტინელების სრულუფლებიანი წევრობის დასაბლოკად. იუნესკოში კი ვეტოს უფლება არ მოქმედებს და კენჭისყრის დროს საკმარისი იყო ორი მესამედის უმრავლესობის მიპოვება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა, დღეს ვაშინგტონში, ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ, იუნესკოს მთავარი დამფინანსებელი, ორგანიზაციის ფონდში აღარ შეიტანს თავის წილს, 60 მილიონ დოლარს. აშშ-ის კანონმდებლობით, მთავრობას ეკრძალება გაეროს ნებისმიერი ორგანიზაციის დაფინანსება, მასში პალესტინის სრულუფლებიან წევრად მიღების შემთხვევაში.

ყველა ახალი ამბავი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ტერეზა მეის შეცვლის ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ხმამაღალი მომხრე პოლიტიკოსი, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის ტერეზა მეის, კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად არჩევის შემდეგ.

55 წლის ჯონსონმა, რომელიც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, მარტივად დაამარცხა ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი - 23 ივლისს გამოცხადებული შედეგებით, პარტიის წევრებისგან მან 92,153 ხმა მიიღო, ჰანტს კი მხოლოდ 46,656 მიემხრო.

ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან ოქტომბრის ბოლომდე გაიყვანს, იმის მიუხედავად, მიღწეული იქნება თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება.

ეს ამოცანა რთული იქნება, რადგან ბრიტანეთის პარლამენტარები აცხადებენ, რომ გადააყენებენ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც ევროკავშირის დატოვებას ე.წ. "ბრექსიტის ხელშეკრულების" გარეშე შეეცდება.

"ჩვენ ამ ქვეყანას ენერგიას შევმატებთ. ბრექსიტს 31 ოქტომბრამდე განვახორციელებთ და ვისარგებლებთ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ეს გააჩენს" - განაცხადა ჯონსონმა პარტიის არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე.


ჰარადინაი: კოსოვო მზადაა ბელგრადთან დიალოგისთვის, თუ სერბული ანკლავი არ იქნება პირობა

კოსოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მიმავალი რამუშ ჰარადინაის თქმით, კოსოვო მზად არის სერბიასთან დიალოგისთვის, ოღონდ იმ პირობით, თუ ბელგრადი თავს შეიკავებს კოსოვოს ტერიტორიაზე ეთნიკურად სერბული ანკლავის დაარსების მოთხოვნისგან.

"ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით [სერბიასთან] დიალოგს. ყველა სტადიაზე, ნებისმიერ დროს, კოსოვო თავის როლს ასრულებს. მაგრამ დიალოგი არ არის უპირობო და ის არ შეიძლება იყოს [კოსოვოს] დანაწევრებაზე, მასში 'დოდიკის რესპუბლიკაზე'" - უთხრა ჰარადინაიმ რადიო თავისუფლებას 22 ივლისს. მას მხედველობაში ჰქონდა იმის მსგავსი ერთეულის შექმნის პერსპექტივა, რომელიც მეზობელ ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებობს, "რეპუბლიკა სრპსკას" სახით.

სერბები კოსოვოს უდიდეს ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენენ - 1,8 მილიონ მოსახლეში მათი რიცხვი 150,000-მდეა და ისინი ძირითადად ჩრდილოეთ კოსოვოში სახლობენ. ჰარადინაი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2017 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, გასულ კვირაში გადადგა, მას შემდეგ, რაც ის ეჭვმიტანილად სცნო ჰააგაში განთავსებულმა სასამართლომ - რომელიც მუშაობს 1998-99 წლების კოსოვოს ომის დროს, ან მას შემდეგ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების საქმეებზე.

ჰარადინაის თქმით, ის უნდა გადამდგარიყო, რადგან არ სურდა სასამართლოს წინაშე პრემიერ-მინისტრის რანგში წარმდგარიყო. "მთელ სახელმწიფოს გამომძიებლებს ვერ წარვუდგენდი. ამიტომაც გადავდექი - საიმისოდ, რომ შემენარჩუნებინა სახელმწიფოს და პრემიერ-მინისტრის ოფისის ღირსება" - განაცხადა მან. ჰარადინაი პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის მოუწოდებს ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

ეკა ბესელიამ შსს-ს განცხადებას სატყუარა უწოდა

ეკა ბესელია

„მგონი, ცოტა მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია შსს-ს განცხადებას, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც ინტერნეტით პირველმა გაავრცელა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, ამ პირის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა იცის.

„მახსოვს, რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რაც მაშინ თქვა, რასაც და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად. ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა. აქამდე მაშინ რატომ არ იყო მისთვის ბრალი წარდგენილი?!” - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, საგამოძიებო მასალების გაცნობისას დაინტერესდა, დაკითხული იყო თუ არა ეს პატიმარი, რაზეც უპასუხეს, რომ სომხეთიდან მასალებს ელოდებოდნენ და ქართველ გამომძიებელს არ მისცეს დაკითხვის უფლება.

„რაც ასევე უცნაურია, რატომ არ მისცეს ამის უფლება საქართველოს მხრიდან გამომძიებელსა და პროკურორს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ კვლავ გადაამოწმა, იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია და პროკურატურაში უთხრეს, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა.

„მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო და რომ პირველწყაროს ვერ ადგენდნენ. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღო? კი ბატონო, მაჩვენონ მტკიცებულებები და დაადასტურონ, რომ პირველწყარო ის იყო. მე ახალი არაფერი მომისმენია. მე ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი“ - განაცხადა ბესელიამ.

მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტს სჯერა, რომ სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული

„საქართველოს პრეზიდენტს სჯერა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში არის და იქნება დაცული“, - ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომ არ აინტერესებს „რუსთავი 2”-ის საკითხი.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ვერ შევა, ვერც სამართლებრივი ნიუანსების და ვერც კომერციული დავის საკითხების გარჩევაში და ძირითადი საკითხი, რაზეც ზურაბიშვილი კომენტარს უნდა აკეთებდეს არის ის, რომ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხს გამოეხმაურა, მე ვგულისხმობ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უპირობოდ უნდა იყოს არის და იქნება დაცული. მას სჯერა, რომ ასე იქნება მუდმივად. რაც შეეხება გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ეს არის საქართველოს მიმართ გამოტანილი უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რითაც ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა საკითხთან მიმართებაში საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა. სალომე ზურაბიშვილის აზრით, თუ ჩვენ გვსურს ევროპასთან მეტი სიახლოვე და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ევროპისკენ, ასევე ევროპული ღირებულებებისკენ. შესაბამისად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავის 2“-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს წერილს აქვეყნებს

იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს სტრასბურგის სასამართლოსგან მიღებულ წერილს, რომელიც შეეხება „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ვადებს.

„დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, რუსთავი-2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეხუთე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.
წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან მიღებული წერილის ასლი.

15:00 საათზე, რუსთავი 2 ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით განცხადებისგაკეთებას გეგემავს,

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში 19 ოქტომბრამდე შევა, თუ მას დიდ პალატაში მხარეები არ გაასაჩივრებენ.

ამ ჩანაწერზე დაყრდნობით "რუსთავი 2"-ის იურისტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 19 ოქტომბრამდე არ უნდა მომხდარიყო, ვიდრე არ ამოიწურებოდა კასაციის ვადა.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა"). რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეზე პასუხისგებაში კიდევ ორი პირი მისცეს

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების საქმეზე სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კიდევ ორი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მათ შორისაა პირი, რომელმაც ვიდეოკადრები პირველმა გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა აღნიშნული კადრები. აღნიშნულმა პირმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები.“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობითვე, „ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ.დ-სგან მიიღო.“

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კადრები ფარულად, უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

შსს-ს ინფორმაციით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სომეხი სამართალდამცველების დახმარებით, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია დ.ა-ს მობილური ტელეფონი და კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან იქნა გავრცელებული ვიდეომასალა.

დ.ა-ს და მ.დ-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

შსს-ს განცხადებითვე, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რათა დადგინდეს დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა.

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის ამ საქმეზე დღემდე დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების გამოძიება 2019 წლის იანვარში დაიწყო.

დავით უსუფაშვილი: ოქრუაშვილმა ბინძური თეთრეულის კონტექსტში მოიხსენია ჩემთან შეხვედრა

დავით უსუფაშვილი

"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უპასუხა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობაში დავით უსუფაშვილი შუამავლობდა.

“გუშინ დილით დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა და მითხრა, ხომ არ ვიყავი წინააღმდეგი, რომ გაესაჯაროვებინა ჩვენი შეხვედრის და გასაუბრების ფაქტი 2014 წელს, იუსტიციის სახლში, ჩემს სამუშაო ოთახში. მე ვუთხარი, რომ მე კონფიდენციალურად და დამალულად არ შევხვედრილვარ მას მაშინ და არანაირი პრობლემა არ მქონდა თვითონ ან ვინმე სხვა თუ ამ თემაზე ისაუბრებდა და მე ცხადია, დავადასტურებდი ამ შეხვედრის ფაქტს. შემდგომ იყო მისი პრესკონფერენცია, რომელზეც მოვისმინეთ არამხოლოდ ამ ფაქტისშესახებ, არამედ მისი თავისუფალი ინტერპრეტაციებიც, ამიტომ მოგახსენებთ ზუსტად, რა მოხდა“ - თქვა დავით უსუფაშვილმა 23 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის არანაირ დეტალზე საუბარი არ ყოფილა, გარდა იმ ფაქტისა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა დანაბარები, რომ სურდა თანამშრომლობა ივანიშვილთან და მზად იყო ჩვენებები მიეცა პროკურატურისთვის მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე.

„მე ამის შესახებ გადავეცი ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, ეს იყო ღარიბაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ შოთაძე დაუკავშირდება და სისხლის სამართლის საქმეებზე იქ ექნებათ საუბარი, დანარჩენზე მერე ვისაუბროთო. კონკრეტულად ეს მესიჯი გადავეცი ოქრუაშვილს და ამითი ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში ამოიწურა. მას სურდა პოლიტიკური თანამშრომლობა ივანიშვილთან, ადგილობრივი არჩევნები იყო მოახლოებული და ამ კონტექსტშიც სურდა, მაგრამ ეს არ იყო დეტალური და კონკრეტული, ამ თემებზე ჰქონდა მას ივანიშვილთან სასაუბრო“-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით: „სამწუხაროდ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში მოიხსენია ჩემთან შეხვედრა, ჩემი SMS და ჩემი სახელი. აქვე ვაცხადებ, თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა, „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში იმ შეხვედრის მოხსენიება და ჩემი სახელის მოხსენიება. თუკი რაიმე ბინძური ჩაიდინა შოთაძესთან თუ სხვებთან, ამ სიბინძურეებზე ჯობია თავად ილაპარაკოს და ერთად ილაპარაკონ.“

ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დავალებით, 2014 წელს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება, რის სანაცვლოდაც გორის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის შორის მოლაპარაკებების შუამავალი დავით უსუფაშვილი იყო.

პაატა სალია სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

15:00 საათზე, რუსთავი 2 ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში 19 ოქტომბრამდე შევა, თუ მას დიდ პალატაში მხარეები არ გაასაჩივრებენ.

ამ ჩანაწერზე დაყრდნობით "რუსთავი 2"-ის იურისტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 19 ოქტომბრამდე არ უნდა მომხდარიყო, ვიდრე არ ამოიწურებოდა კასაციის ვადა.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა"). რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა.

კოსოვო მზად არის სერბიასთან დიალოგისათვის, სერბული ანკლავის შექმნის გარეშე

რამუშ ჰარადინაი

კოსოვოს მიმავალი პრემიერ-მინისტრის, რამუშ ჰარადინაის თქმით, კოსოვო მზად არის სერბიასთან დიალოგისათვის, თუ ბელგრადი შეწყვეტს ზეწოლას, კოსოვოს ტერიტორიაზე სერბული ანკლავის შექმნის მიზნით.

„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით დიალოგს სერბიასთან. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ტრიბუნაზე კოსოვო არის ამ დიალოგის ნაწილი. მაგრამ დიალოგი უნდა იყოს წინაპირობების გარეშე და არ იქნება კოსოვოს გაყოფაზე და მასში „დოდიკის რესპუბლიკის“ შექმნაზე“, - უთხრა 22 ივლისს რადიო თავისუფლებას ჰარადინაიმ, რომელმაც მიანიშნა, რომ წინააღმდეგია კოსოვოში შეიქმნას ისეთი თვითმმართველი ტერიტორიული გაერთიანება, როგორსაც წარმოადგებს რესპუბლიკა სპრსკა მეზობელ ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

1,8 მილიონიან კოსოვოში, სერბების 150 ათასკაციანი სათვისტომო, ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს შეადგენს და ძირითადად კოსოვოს ჩრდილოეთში ცხოვრობს.

19 ივლისს კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ განაცხადა გადადგომის შესახებ მას შემდეგ, რაც იგი ეჭვმიტანილად სცნო ჰააგის ტრიბუნალმა, რომელიც 1998-99 წლების კოსოვოს ომის დროს მომხდარ სამხედრო დანაშაულს იძიებს.

უკრაინის პრეზიდენტის პარტია პარლამენტში უმრავლესობით შედის

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ბიულეტენების 93,29%-ის დათვლის შედეგად, დამაჯერებლად იმარჯვებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია. წინასწარი შედეგებით, „ხალხის მსახურს“ პროპორციული წესით ხმა მისცა ამომრჩეველთა 43,14%-მა, რაც უდრის 124 მანდატს. ამას ემატება მაჟორიტარულ ოლქებში მოპოვებული 129 მანდატი.

უკვე ამ შედეგით, ჯამში უკრაინის პრეზიდენტის პარტიას მომავალ პარლამენტში ეყოლება 450-დან 253 დეპუტატი. ეს პირველი შემთხვევაა უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ერთ პარტიას ეყოლება აბსოლუტური უმრავლესობა და დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას.

წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილს იკავებს პრორუსული პარტია „სიცოცხლისათვის“, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 13,05% ერგო და პარლამენტში - ვერხოვნა რადაში ეყოლება 44 წარმომადგენელი. მესამე ადგილისთვის იბრძვიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა" - 8,18% და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „ევროპული გზა“ - 8,13%.

ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და საკანონმდებლო ორგანოში 20 მანდატს უმიზნებს ცნობილი უკრაინელი როკ-ვარსკვლავის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია, „გოლოსი."

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და აღმოსავლეთ უკრაინის იმ რაიონებისა, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი სამშვიდობო მისიით ქაბულსა და ყატარს ესტუმრება

ზალმაი ხალილზადი, აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ავღანეთის საკითხში, 22 ივლისს გაემგზავრა ქაბულში, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ბოლო კვირებში ახალი ძალით იფეთქა საომარმა დაპირისპირებამ ექსტრემისტულ დაჯგუფებებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.

ხალილზადის მისია, რომელიც 1 აგვისტომდე გასტანს, მიზნად ისახავს ასევე ჩასვლას ყატარში, სადაც დიპლომატი განაახლებს მოლაპარაკებებს თალიბანის წამომადგენლებთან. ქაბულში ხალილზადი კონსულტაციებს გამართავს ავღანეთის მთავრობასთან იმ ეროვნული დელეგაციის შემადგენლობაზე, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს შიდა ავღანურ მოლაპარაკებებში.

ზალმაი ხალილზადის 11 დღიანი ტურნეს ფონია ავღანეთის მთავრობისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული ერთობლივი საავიაციო იერიში, რასაც სულ მცირე 7 სამოქალაქო პირის დაღუპვა მოყვა. ინცინდენტი 21 ივლისს მოხდა აღმოსავლეთ ლოგარის პროვინციაში, სადაც მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაცია თალიბების ჯგუფის განადგურების მიზნით. მაგრამ შეცდომით ბომბები დაეცა ორ საცხოვრებელ სახლს.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ნიკა გვარამიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როცა აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება შესაძლებელია.

„წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ არ საჩივრდება. შესაბამისად, მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში“ - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თავის დროზე, როცა სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ შუალედური, დროებითი ზომა მიიღო და ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა, ის მაშინვე შესრულდა და არ გასაჩივრებულა.

„შესაბამისად, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც მან თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თანდართულ განმარტებაში წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატები აპირებენ მიმართონ დიდ პალატას, თუმცა პირველ ეტაპზე აპირებენ გაასაჩივრონ საჯარო რეესტრის მიერ 18 ივლისს მიღებული აქტები, რომელთა საფუძველზე შეიცვალა „რუსთავი 2“-ის მფლობელი და გენერალური დირექტორი.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საჩივარი, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ტელეკომპანიის მფლობელად მისი დარეგისტრირების და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით.

სააგენტომ შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საათში დაასრულა. „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

შსს-მ ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება გორის Fashion week-ის ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტზე

გორის Fashion week-ის ღონისძიებაზე 22 ივლისს, PosTV-ის ჟურნალისტ ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის დაპირისპირების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, ორივე მხარე გამოკითხულია და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

Qartli.ge-ს ინფორმაციით, ნინო ადამაშვილი ამბობს, რომ მას გიორგი მასხულიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პატრულში დარეკა.

გიორგი მასხულია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი მიუძღვის PostTv-ის ჟურნალისტებს ნინო ადამაშვილსა და რობერტო მავანს.

გორი „რეგიონ Fashion week“-ს სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, ღონისძიება 22 ივლისს უნდა დახურულიყო, თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ღონისძიების ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა. ინციდენტის გამო, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ, თუმცა, მათ დასკვნითი ღონისძიება რესტორანში განაგრძეს, სადაც PosTV-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა.

ოქრუაშვილი: ვთქვი, რომ პარლამენტში შესვლას ვაპირებდი, რადგან ხელფასი მქონდა ასაღები

„სახუმარო ხასიათზე ვიყავი“, - გამოკითხვიდან გამოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმა, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ 20-21 ივნისის ღამის საქმეზე მოსამართლესთან საუბრისას, მან ბევრი იხუმრა:

„კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და შემდეგ, პროკურორობის გამო, სანამ პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამიტომ უნდა შევსულიყავი პარლამენტში. მათ მკითხეს, რატომ შედიოდი წინიდანო. მე ვუთხარი, რომ მეგონა, ბუღალტერია წინიდან იყო-მეთქი და მერე პოლიციელებმა მითხრეს, არა, გვერდიდან არისო და გვერდიდან შესვლა ვცადე, მაგრამ ბოლოს მითხრეს, ხელფასს არ მოგცემთო“.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, „ერთადერთი აზრიანი“ კითხვა, რომელიც მას თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივლისს გამოკითხვისას დაუსვეს, შეეხებოდა იმას, თუ რას მოიმოქმედებდა ის, თუკი ხალხი პარლამენტში შევიდოდა:

„ძალიან მარტივი პასუხია: ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება არ მომხდარიყო. მათ ასევე მკითხეს, ვიცი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, კითხვა შეეხებოდა იმასაც, ჰქონდათ თუ არა პოლიტიკურ ლიდერებს რაიმე ტიპის კონსულტაციები და მოლაპარაკებები, რაზეც მან უპასუხა, რომ კონსულტაციები შეეხებოდა სამი მაღალჩინოსნის გადადგომას და მათ ეს მოთხოვნები აქციაზეც დააყენეს.

გამოკითხვიდან გამოსული ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი ყველა იმ მოვლენაზე, რასაც 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ჰქონდა ადგილი:

„მის გარეშე აქციის დაშლის გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. უშუალოდ ივანიშვილმა გასცა ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები“.

20-21 ივნისს საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.

მამუკა ბახტაძე: 2022 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს მთავრობამ გამართა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების და განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვიანი ანგარიშის პრეზენტაცია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ რეგიონალური განვითარება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20%-ით გაიზარდა, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მამუკა ბახტაძის განცხადებითვე, ჯერ კიდევ გასულ წელს, რეგიონულ მმართველობაში იყო პრობლემები, რომელიც ინვესტიციების ვერ ათვისებაშიც გამოიხატებოდა, მაგრამ მართვის სტრუქტურა და პროცედურები შეცვალეს და ამას შედეგები მოჰყვა.

ბახტაძის ინფორმაციით, წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურაში განახორციელა 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია.

„რეგიონალური განვითარება ეს არის სასიცოცხლო მიმართულება. აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, რომელიც შესაძლებელია სწორედ ჩვენი რეგიონების განვითარებით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა, რეგიონებში ჯერ კიდევ გასაკეთებელია ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები, მათ შორის გზები, წყლის სისტემები და სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურა.

მამუკა ბახტაძის მტკიცებით, პროექტები კიდევ უფრო ამბიციური გახდება.

„მსურს ყველა კიდევ ერთხელ დავარწმუნო, 2022 წლის ჩათვლით, როგორც შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე. რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, წელს შესასრულებელია 400 მილიონი ლარის 6700 პროექტი, რომელსაც თვითმმართველობები ახორციელებენ სამინისტროს აქტიური ჩართულობით.

30 მლნ. ჭიდაობისთვის 4 წელიწადში - IDFI-მ ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციის რისკები შეისწავლა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ჭიდაობის ფედერაციის ფინანსების შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც საუბარია თანხების განკარგვის გაუმჭვირვალობაზე, კორუფციის რისკებსა და ინფორმაციის მოპოვების სირთულეებზე.

"ბოლო პერიოდში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არაერთხელ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მოჭიდავეების და ამ სფეროში მოღვაწე პირების გარკვეულმა ჯგუფმა მედიას არაერთხელ გააცნეს ფედერაციაში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის და ფედერაციის მართვის პროცესებთან დაკავშირებული გადაცდომების სავარაუდო ფაქტები." - ნათქვამია კვლევაში, სადაც მოყვანილია კონკრეტული საეჭვო ფაქტები.

  • ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები ფინანსურ ანგარიშებში დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარი.
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12,517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში - 8,276 ლარი.
  • შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარის მოწყობისთვის ჭიდაობის ფედერაციამ დაიქირავა ამავე ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი.
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გათვალისწინებული 63,580 ლარიდან, ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო (12,980 ლარი) დაერიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს.
  • ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები პრემიის სახით ნაწილდება გაურკვეველი პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. „ატკატების“ რისკს.
  • 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანს ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და მისი ჩამორთმევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ ამ შედეგისთვის დადგენილების შესაბამისად (სპორტსმენზე, მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალზე) გაიცა 61,200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები.


2015-2018 წლებში საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაზე სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამურმა ოდენობამ დაახლოებით 30 მლნ. ლარი შეადგინა - ნათქვამია IDFI-ს ანგარიშში, რომელიც 23 ივლისს გამოქვეყნდა.

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

„ამ საქმეზე თუ ვინმეა დასაკითხი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, - აცხადებს მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე.

გამოკითხვა შეეხება 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

„ბიძინა ივანიშვილმა ურცხვად მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ თითქოს 20 ივნისის ღამეს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება მას 20 ივნისის ლაქა. სხვის ბოსტანში ქვის გადაგდებას ჰყავს ეს ყველაფერი. საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი იმაზე, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა. მათი მიზანია ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა, რომელიც არ გამოუვათ. 20-21 ივნისის აქციებისას მე ერთ-ერთი აქტიური პირი ვიყავი“.

20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

20-21 ივნისის მოვლენებზე სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.

გენერალურ პროკურორს პროფესიაში შესაძლებლობების ზღვარიც აინტერესებს

შალვა თადუმაძე

მოსამართლის სტატუსი უმაღლესია - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს.

მოსამართლის თანამდებობის დაკავების მოტოვაციაზე საუბრისას თადუმაძემ თქვა, რომ 18 წელზე მეტია პროფესიაშია და ძირითადად, ეწეოდა საპროცესო იურისტის საქმიანობას.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაცვის ნაწილში როცა ვახორციელებდი ადვოკატის უფლებამოსილებას, ვიყავი წარმატებული ადვოკატი. შემდეგ გავაგრძელე მუშაობა საჯარო სამსახურში საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებზე და იქაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, ყოველთვის სჯეროდა, რომ ადვოკატი უნივერსალური პროფესიაა და შეუძლია იყოს წარმატებული ბრალმდებელი.

„შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ წარმატებული ბრალმდებელი. შესაბამისად, საპროცესო იურისტის ნაწილში ეს ორი კომპონენტი გავიარე და ორივე შემთხვევაში წარმატებას მივაღწიე. მაქვს შესაძლებლობა და მინდა ის უმნიშვნელოვანესი სტატუსი მოვიპოვო, რასაც მოსამართლის სტატუსი ჰქვია. თანამდებობრივი მდგომარეობის და განვლილი კარიერული წინსვლის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მოსამართლის სტატუსი უმაღლესია, რომელიც საპროცესო იურისტისთვის არის საკმაოდ მიმზიდველი“ - განაცხადა თადუმაძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად აქვს ადამიანური მოტივაციაც.

„როგოც ქართველი კლასიკოსი იტყოდა, მაინტერესებს პროფესიაში ჩემი შესაძლებლობების ზღვარი სად მთავრდება. ეს ფაქტორიც არსებობს იმიტომ, რომ არ მახსენდება იურისტი, რომელიც იყო ადვოკატი, პროკურორი და შეუძლია გახდეს შემდეგ მოსამართლე. მე რანგების ნაწილში ვგულისხმობ და არ ვგულისხმობ ბუნებრივია, იმ შემთხვევას, როცა იყო ადვოკატი, როდესაც იყო ჩვეულებრივ პროკურორი და შემდეგ ის გახდა მოსამართლე“ - თქვა შალვა თადუმაძემ.

„რატომ უნდა ამირჩიოთ მე? საპროცესო მიმართულებით 11 წელი ვიმუშავე როგორც დაცვის მხარემ. ერთი წელია ვახორციელებ სახელმწიფო ბრალდების უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობას, მაქვს გამოცდილება ამ მიმართულებით. გარდა ამისა, შუალედში ვახორციელებდი ქვეყანაში და მთავრობაში საკანონმდებლო პროცესის კოორდინაციას, რაც უმნიშვნელოვანესი საქმეა და მიმაჩნია, რომ კვალიფიკაციის ნაწილში ეს შესაძლებლობები გამაჩნია და შესაბამისად, უნარებიც. სასამართლოს არ აღვიქვამ დაწესებულებად, სადაც მოსამართლეები კანონის თანახმად იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებზე. სასამართლოს აღვიქვამ როგორც ხელისუფლების შტოს და საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის, რადგან ორი მოწვევის პარლამენტში ვიყავი მთავრობის სამი შემაგდენლობის წარმომადგენელი და ძალიან კარგად ვიცი ურთთიერთობები აღმასრულებელ და საკანონდებლო ხელისუფლებას შორის. ეს გამოცდილება ძალიან მნიშნელოვანი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ და დასძინა, რომ გასული წლების საქმიანობის შედეგად ჩამოუყალიბდა მენეჯერის ფუნქციებიც.

ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ეკავა ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შემდგე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები.

ალექსანდრ ვერშბოუ უარყოფს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება

ალექსანდრ ვერშბოუ

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ამერიკელმა დიპლომატმა ალექსანდრ ვერშბოუმ უარყო ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება.

ალექსანდრ ვერშბოუს ელჩად შესაძლო დანიშვნაზე შეკითხვა ტვიტერზე დაუსვეს.

"ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატოსკენ მისი მისწრაფების მხარდამჭერი, მაგრამ მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად" - დაწერა საპასუხოდ ამერიკელმა დიპლომატმა.

ალექსანდრ ვერშბოუ 2001-2005 წლებში იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში, მანამდე კი იკავებდა ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას.

2009-2012 წლებში ვერშბოუ იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2012-2016 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე.

სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქმიანობა ატლანტიკურ საბჭოში გააგრძელა.

ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე გამოკითხავენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოიკითხება.

გამოკითხვა დანიშნულია რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენების საქმეზე.

„გამარჯვებული საქართველოს“ პრეს-სამსახურის განცხადებით, ოქრუაშვილი დაკითხვაზე 11 საათზე მივა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

20-21 ივნისის მოვლენებზე სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.

რუსეთის მოქალაქეებს დუმაში ურჩიეს საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებით შეცვალონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის შენობა

„საქართველოში არაფერი გვესაქმება“ - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ დეგტიაროვმა. ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა რუსეთის მოქალაქეებს ურჩია, საქართველოს ნაცვლად ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებზე წავიდნენ.

დუმის დეპუტატმა სამართლიანი უწოდა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებას, რადგან მისი აზრით, საქართველოში არ არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დეგტიაროვმა თქვა, რომ რუსებს საქართველოს მიმართულებას წარმატებით შეუცვლიან ჩრდილოეთ კავკასიის იაფი კურორტები.

„რა შეიძლება შევთავაზოთ სანაცვლოდ რუს ტურისტებს? ჩრდილოეთ კავკასიის შესანიშავი, თანამედროვე და იაფი კურორტები. არის რეგულარული ავიამიმოსვლა მახაჩყალასთან, გროზნოსთან, ვლადიკავკაზთან, ნალჩიკთან და მინვოდთან. ყველა რესპუბლიკა გელოდებათ. იქ ყველაფერი მუშაობს, ყველა რუსულ ენაზე ლაპარაკობს, მიმოქცევაში რუსული რუბლია და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა. საქართველოში კი არაფერი გვესაქმება“ - განაცხადა დეგტიაროვმა.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეაჩერა. ამას წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციების დაწყება.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

საპროტესტო აქციების გამო, ასამბლეამ მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.

გენერალური პროკურორი მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით გასაუბრებას გაივლის

შალვა თადუმაძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10 საათიდან გაგრძელდება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებთან.

დღეს საბჭოს წევრები მოუსმენენ სამ კანდიდატს, მათ შორის საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს.

გასაუბრებას გაივლის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძეც.

იუსტიციის საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი თევდორაშვილი.

იუსტიციის საბჭოში გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. დღემდე საბჭომ მოუსმინა 50-დან 12 კანდიდატს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 20 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან შერჩევის შემდეგ ეტაპზე 50 გადავიდა.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლეა. ამჟამად ვაკანტურია თანამდებობების ნახევარზე მეტი.

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა

ოფიციალური პირების თქმით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა.

სოფელ ვორუხის ტაჯიკური ნაწილის წარმომადგენელმა გაფურჯონ ჯურაევმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სულ მცირე ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნა მოკლული და რამდენიმე დაიჭრა 22 ივლისს მომხდარი შეტაკებებისას. მისი თქმით, ყირგიზებმა სანადირო თოფები გამოიყენეს, ტაჯიკები კი ქვებს ისროდნენ.

დაძაბულობა ძალადობაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ფერგანის ველზე მდებარე ექსკლავ ვორუხის მაცხოვრებლებმა ტაჯიკეთის დროშების აღმართვა დაიწყეს ისფარა-ვორუხის გზაზე, რამაც განარისხა სოფლის ყირგიზი მაცხოვრებლები. არმიის შენაერთებმა აღადგინეს სიმშვიდე და ამჟამად გზა გადაკეტილია.

ყირგიზეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ინციდენტში დაიჭრა ხუთი ადამიანი.

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სახალხო დამცველს მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე სახალხო დამცველს მიმართავს, რომ შეისწავლოს იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესის დროს მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება.

როგორც ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს განაცხადა, მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ საბჭოს წევრების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი.

„მივმართავ სახალხო დამცველს, რომელიც არის ანტიდისკრიმინაციული კანონის ზედამხედველი ორგანო, დაიწყოს ამ თემის შესწავლა. მივმართავ არასამთავრობო სექტორს, ვართ ორი ქალი წევრი, ორივეს გვყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად უკვე მეორედ დატოვეს. საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლე წევრებს შორის კამათი ამჯერადაც მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროის გახანგრძლივებამ გამოიწვია.

"ჩვენ ვართ ქალები, დედები და გვყავს ოჯახი. დილის 9 საათიდან გამოსული ვარ და ჩემს შვილს სჭირდება ელემენტარული დედის ყურადღება, სანამ დაიძინებს, ნახევარი საათი მაინც. 9 თვის შვილი მყავს. თქვენ რომ ზიხართ აქ და ატარებთ სხდომებს ღამის 9 საათზე, გეხვეწებით, რომ იქნებ სამუშაო საათებში ჩაატაროთ გასაუბრება და არაგონივრულ გადაწყვეტილებას იღებთ იმიტომ, რომ თქვენი პერსპექტივის იქით ვერაფერს ხედავთ. ეს არის აუტანელი და ახლა თან რიგითობას მიწესებთ, რომ ღამის 10 საათზე დავსვა ბოლო შეკითხვა", - მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრებს.

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა კოლეგებს შესთავაზეს, რომ კანდიდატ თამარ ზამბახიძესთან გასაუბრება 23 ივლისისთვის გადაედოთ, ვინაიდან სამუშაო დრო ამოწურული იყო. აღნიშნული პოზიცია საბჭოს დანარჩენმა წევრებმა არ გაიზიარეს, რის შემდეგაც დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გასაუბრების პროცედურა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატს უნდა მოუსმინოს. კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო.პროცედურის მიხედვით, კანდიდატებთან გასაუბრება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, შედგება 20 კანდიდატისგან შემდგარი სია, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება.

გაგრძელდება თუ არა „ჩემი ცოლის დაქალები“, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

გაგრძელდება თუ არა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, ამის თაობაზე განცხადებას „ფორმულა კრეატივი“ უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

სერიალის გეგმებზე, „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპილოტე გადაცემაში, შოთა დიღმელაშვილთან საუბრისას თქვა.

ქეთი დევდარიანი ეჭვს გამოთქვამს, რომ რუსთავი 2-ის ახალი მმართველობის პირობებში, სერიალმა მსგავსი ფორმატით მუშაობა გააგრძელოს:

„ჩემი ცოლის დაქალები" "რუსთავი 2"-ზე გადის უკვე მერვე წელია. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება, რას ვიზამთ. ეს სერიალი რომ არ მოსწონს ხელისუფლებას, ესეც ვიცით, ამიტომ არც არავინ შეგვეხვეწება დარჩენას. ოფიციალურ განცხადებას „ფორმულა კრეატივი“ ამ დღეებში გააკეთებს, სადაც გაუწყებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რას ვიზამთ ხვალ და ზეგ. ჩვენ გვაქვს კონტრაქტი და ეს გულისხმობს ამ სეზონის სერიების დასრულებას. დარჩა 6 სერია, ამას ვერ დავარღვევთ. ეს იქნება უპასუხისმგებლობა მაყურებელთან. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემთან არასდროს არავის დაურეკავს და არ მიუთითებია, რომ ასეთი სცენარი დაწერე, ისეთი სცენარი დაწერე. „ჩემი ცოლის დაქალები“ იარსებებს მხოლოდ ისეთ ფორმატში, სადაც არავინ რეკავს, რა უნდა დავწეროთ, რა გადავიღოთ და ვინ ითამაშოს სერიალში. მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ახალი რედაქციით ეს შესაძლებელი იქნება“.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა").

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG