Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა


ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალმაზბეკ ატამბაევი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალმაზბეკ ატამბაევი
ყირგიზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული, როგორც ჩანს, 55 წლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალმაზბეკ ატამბაევია. ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელიც ამ ქვეყანაში შარშან ყურმანბეკ ბაკიევის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩატარდა.

ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალმაზბეკ ატამბაევი, როგორც ჩანს, ქვეყნის პრეზიდენტი ხდება, კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი უპორატესობით მოპოვებული გამარჯვების შედეგად.
ისურვებდი, რომ როგორც ევროპაში ხდება, ყირგიზეთშიც ისე მოხდეს და ამიერიდან მოლაპარაკებას მივეჩვიოთ. აწი ყველა საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადავჭრათ...

ბევრი ეჭვობდა, შეძლებდა თუ არა ატამბაევი ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვებას პირველივე ტურში. თუმცა ეს ეჭვები არ გამართლდა - მან, როგორც ჩანს, ხმების 63 პროცენტი მიიღო.
ორშაბათ დილით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე მისი გამარჯვების შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ტუიგუნალი აბდრაიმოვმა გააკეთა:

„ალმაზბეკ ატამბაევმა მიიღო 1,119,076 ხმა, რაც [მთელი დათვლილი ხმების] 62.8 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ, წინასწარი შედეგებით, ის ამ არჩევნების გამარჯვებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.“

30 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთისთვის პირველი ასეთი კენჭისყრა იყო მას შემდეგ, რაც 2010 წლის აპრილში მასობრივ სახალხო ამბოხებას პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის რეჟიმის დამხობა მოჰყვა. მას შემდეგ ქვეყნის სამხრეთში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა ეთნიკურ ნიადაგზე. პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით, ქვეყანამ საპარლამენტო მოდელისკენ გადადგა ნაბიჯები, რაც შუა აზიის მასშტაბით უპრეცედენტოა.

ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ატამბაევმა განაცხადა, რომ ეთნიკური და რეგიონალური შუღლის გამღვივებლებს პასუხს აგებინებს. იმისათვის, რომ ყირგიზეთში ახალი ეპოქა დაიწყოს, პოლიტიკას დიალოგი უნდა მართავდეს და არა კონფლიქტიო, განაცხადა მან.

„ვისურვებდი, რომ როგორც ევროპაში ხდება, ყირგიზეთშიც ისე მოხდეს და ამიერიდან მოლაპარაკებას მივეჩვიოთ. აწი ყველა საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადავჭრათ, უნდა მოვილაპარაკოთ, რათა მეტი რევოლუცია აღარ მოხდეს და მშვიდობიან, მშვიდ ქვეყანაში ვიცხოვროთ.“

კენჭისყრამ ძალადობის ან პროტესტის მნიშვნელოვანი შემთხვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა არაერთი პროცედურული დარღვევის შესახებ გავრცელდა ცნობები.

ყველაზე თვალშისაცემი ის იყო, რომ ასობით რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, როზა ოტუნბაევას ვაჟის ჩათვლით - საარჩევნო სიებში თავისი სახელი ვერ ამოიკითხა.

მაგრამ საარჩევნო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ხარვეზებმა კენჭისყრის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა. როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ისე ეუთოს მეთვალყურეებმა არჩევნები მისაღებად მიიჩნიეს, თუმცა განაცხადეს, რომ ხარვეზები იყო და ყირგიზეთს მომავალ კენჭისყრებზე მათი გამოსწორებისკენ მოუწოდეს. დარღვევების ფორმებს შორის ეუთო ასახელებს ყუთებში ბიულეტენების ჩაყრას, ხმის რამდენჯერმე მიცემას და ამომრჩევლების მოსყიდვას.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარემ ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ფრთხილ ოპტიმიზმს“ გამოთქვამს ყირგიზეთში დემოკრატიის პერსპექტივების შესახებ და დასძინა, მნიშვნელოვანი სამუშაო ყველა დონეზეა ჩასატარებელი, რათა ამ ქვეყანამ პირობა შეასრულოს და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროსო.
ეს მკაცრი შეფასება უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ყირგიზეთისთვის, რომელმაც შარშან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე კარგი შეფასება მიიღო.

ატამბაევის მთავარ მეტოქეებად ორი კანდიდატი ითვლებოდა - პარლამენტის ყოფილი სპიკერი ადახან მადუმაროვი და ატა-იურტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე კამჩუბეკ ტაშიევი, თუმცა მათ ორივეს 14-14 პროცენტი ერგოთ.
დამარცხება ჯერჯერობით არც ერთს არ უღიარებია და ორივე აცხადებს, რომ კენჭისყრით უკმაყოფილებას შესაძლოა სახალხო პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვეს. ეს საკმაოდ დამთრგუნველ პერსპექტივას წარმოადგენს ქვეყნისთვის, რომელსაც ჯერაც არ მოუშუშებია შარშანდელი არეულობით გამოწვეული ტრავმები.
კენჭისყრას ყურადღებით ადევნებდა თვალს როგორც რუსეთი, ისე აშშ. ყირგიზეთში ორივე ამ ქვეყანას აქვს სამხედრო ბაზები.
გავრცელებული შეფასებით, ატამბაევი დანარჩენ კანდიდატებზე უფრო მეტად არის მოსკოვთან დაახლოებული და, როგორც ვარაუდობენ, მისი მმართველობის პირობებში ყირგიზეთი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს რუსეთთან კავშირს, სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროებში დადებული ახალი ხელშეკრულებების გზით.
XS
SM
MD
LG