Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როკ-მუსიკის ვეტერანი თბილისში


5 ნოემბერს თბილისში, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, ანსამბლ „იურაიჰიპის“ სოლისტის, კერნ ჰენსლის კონცერტი გაიმართება. 66 წლის მუსიკოსი კვლავ კარგ ფორმაშია - ახალი ალბომი მან შარშან გამოუშვა.
იქნება ორნაწილიანი პროგრამა. პირველ ნაწილში მხოლოდ თავად დაუკრავს, მეორე ნაწილში გამოვა ბენდთან ერთად...

კენ ჰენსლის კონცერტი თბილისში არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ”ლოკომოტივ პრომოუშენის” მოწვევით, თბილისს სტუმრობდა მსოფლიო როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მენეჯერი და პროდიუსერი სტივ უელტმენი - კაცი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებთან, როგორიცაა: ბითლზი, ლედ ზეპელინი, ელვის პრესლი, ჯენეზისი, პინკ ფლოიდი, დევიდ ბოუი, ოზი ოზბორნი. სწორედ მისი ინიციატივით და შუამდგომლობით გახდა შესაძლებელი კენ ჰენსლის კონცერტის ორგანიზება, კონცერტისა, რომლის შესახებ გიორგი კიკონიშვილმა, ჟურნალ „ლიბერალის“ ბლოგერმა და ამ კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ცოტა რამ წინასწარ გვიამბო:

“იქნება ორნაწილიანი პროგრამა. პირველ ნაწილში მხოლოდ თავად დაუკრავს, მეორე ნაწილში გამოვა ბენდთან ერთად - დაუკრავს „იურაიჰიპის“ ყველაზე ცნობილ სიმღერებს - იგი ხომ ამ ჯგუფის ყოფილი კომპოზიტორია და ჰიტები მისი დაწერილია.”

გიორგისთან საუბარში გაირკვა, რომ კენ ჰენსლი, მუსიკოსი, რომელსაც 80-იან წლებში სერიოზული პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, - თუმცა დაახლოებით 20 წლის წინ არა მარტო განიკურნა, არამედ მორწმუნეც გახდა, -საქართველოში უკვე არის ნამყოფი.

”კენ ჰენსლის შევხვდით ამ წლის ზაფხულში, როდესაც ჩამოსული იყო საქართველოში - ჩამოვიდა ფესტივალზე, მაგრამ ეს კონცერტი არ გაიმართა. მაშინ გავიცანით მისი მენეჯერი სტივ უელტმენიც”, - ამბობს გიორგი.
უელტმენთან ჩვენი მუშაობა ოდნავ სხვა კუთხით წავიდა - ვაპირებთ რეგიონის მასშტაბით დიდი როკ-ფესტივალის გაკეთებას ...

90-იან წლებში მან ჯერ ანსამბლ ”იურაიჰიპის” ძველი სიმღერების ახლებურ ინტერპრეტაციას მიმართა (სწორედ ამ ანსამბლს უკავშირდება კენ ჰენსლის პოპულარობა), შემდეგ კი ახალი დისკების გამოშვება დაიწყო. თბილისში როკ-მუსიკის ვეტერანი სიმღერებს თავისი ბოლო ალბომებიდანაც შეასრულებს - სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებული ალბომებიდან. და ამ წარმატების მიზეზი, ალბათ, კენ ჰენსლის ნიჭის გარდა, მუსიკალური პროდიუსერი სტივ უელტმენია -თითქმის არ არსებობს შემთხვევა, რომ უელტმენის პროექტი ჩავარდნილიყოს. ამიტომაც ამყარებს მასზე იმედს ”ლოკომოტივ პრომოუშენი”, რომელიც, გიორგი კიკონიშვილის თქმით, დიდი როკ-ფესტივალის ჩატარებას აპირებს საქართველოში:

„უელტმენთან ჩვენი მუშაობა ოდნავ სხვა კუთხით წავიდა - ვაპირებთ რეგიონის მასშტაბით დიდი როკ-ფესტივალის გაკეთებას. ეს ადამიანი დაგვეხმარება ამ ფესტივალის ორგანიზებაში.

როკ-ფესტივალის ჩატარებით, შესაძლოა კენ ჰენსლიც დაინტერესდეს - როკ-მუსიკის ვეტერანი ხომ, გარდა სოლოკონცერტებისა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ეძებს ნიჭიერ მუსიკოსებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ როკ-მუსიკას აღიარებენ და ცდილობენ კომპრომისებზე უარი თქვან. დღეს ასეთი მუსიკისთვის დიდი დარბაზის გამონახვა შედარებით რთულია. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ”იურაიჰიპის” სოლისტის კონცერტი ეწყობა არა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, არამედ ბევრად უფრო მოკრძალებულ მუსიკალურ ცენტრში. მიუხედავად ამისა, გიორგი კიკონიშვილი დარწმუნებულია, რომ კენ ჰენსლის კონცერტზე არა მარტო როკის მოყვარულთა უფროსი თაობა, არამედ თინეიჯერებიც მივლენ და პოპ-მუსიკის მოყვარულებიც - ის, რაც 30 წლის წინ ალტერნატიულ მუსიკად ითვლებოდა, დღეს ადვილად აღიქმება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG