ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების შესახებ ანგარიში, რომელსაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ამზადებს, ყალბ მტკიცებულებებზეა დამყარებული. ანგარიში სააგენტოს წევრებს სამშაბათს ან ოთხშაბათს წარედგინება. დიპლომატები ვენაში, სადაც არის განთავსებული ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო, ამბობენ, რომ დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას ირანელი სპეციალისტების მიერ ბირთვული ქობინის „თეორიული მოდელის“ შექმნისა და ბირთვული ჭურვების მზიდი რაკეტების საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ. ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატის თქმით, ანგარიში შეიცავს მტკიცებულებებს, რომელთა უარყოფა თეირანს გაუჭირდება. ისრაელის მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი მონაცემები შესაძლოა იქცეს გამართლებად ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა შაბათს განაცხადა, რომ იზრდება ირანზე დარტყმის განხორციელების ალბათობა, რაც ემყარება სადაზვერვო ინფორმაციას თეირანის მზადყოფნის შესახებ, გახდეს ბირთვული იარაღის მფლობელი.
ყველაზე პოპულარული
1