Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტურა კარლოსს“ კვლავ ასამართლებენ


„ტურა კარლოსი"
„ტურა კარლოსი"
ვენესუელელ რადიკალ მარქსისტ-ლენინისტს, „ტურა კარლოსად“ წოდებულ ტერორისტს, ილიჩ რამირეს სანჩესს, რომელსაც მკვლელობისთვის უკვე აქვს მისჯილი სამუდამო პატიმრობა, კიდევ ერთხელ ასამართლებენ საფრანგეთში ამ ქვეყანაში მოწყობილი ტერაქტებისთვის.

ილიჩ რამირეს სანჩესი 1997 წელს გაასამართლეს საფრანგეთში 1975 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის - უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომლისა და მათი ლიბანელი ინფორმატორის მოკვლისთვის. სანჩესი ახლა 62 წლისაა. მან სახელი გაითქვა ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობით 1970 და1980-იან წლებში. ის 1994 წელს საფრანგეთის საგანგებო ძალებმა სუდანში დააკავეს. რადიკალი მარქსისტ-ლენინისტი ახლა სასამართლოს წინაშე წარდგა 1982 და 1983 წლებში საფრანგეთში მოწყობილი ოთხი აფეთქებისთვის. ამ ტერაქტებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100 პირი. თავდასხმის სამიზნეები იყო მატარებლები, ასევე არაბულენოვანი გაზეთის, „ალ-ვატან ალ-არაბის“ პარიზის ოფისი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა ორმა ორგანიზაციამ - „კარლოსის საერთაშორისო ტერორისტმა მეგობრებმა“ და „შეიარაღებულმა არაბულმა ბრძოლამ“. კარლოსი მარტო არ მოქმედებდა, მის სამ თანამოსაქმეს ასამართლებენ დაუსწრებლად. თავდასხმის მიზანი, ბრალდების თანახმად,იყო საფრანგეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, გაეთავისუფლებინათ ციხიდან კარლოსის ორი ამხანაგი, მათ შორის მისი მომავალი ცოლი, მაგდალენა კოპი. თვითონ ილიჩ რამირეს სანჩესი, „ტურა კარლოსი“, სასამართლოს უცხადებს, რომ ანტიტერორისტი, „პროფესიონალი რევოლუციონერია“. სასამართლოს დარბაზის გარეთ მოქალაქეთა მსხვერპლის ადვოკატმა ფრენსის შპინერმა ჟურნალისტებს შემდეგი განმარტება მისცა:

„მსხვერპლისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაუსჯელობას ბოლო ეღება. დიდხანს ფიქრობდნენ ზოგიერთები, რომ კანონზე მაღლა დგანან და რომ მათ სახელმწიფო იცავს. ბერლინის კედელი დაეცა და საერთაშორისო ტერორიზმი, რომელსაც მხარდაჭერა ჰქონდა აღმოსავლეთში, მიხვდა, რომ ეს დრო წავიდა. დღეს საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში: ტერორისტი თავს ვეღარსად შეაფარებს.“

კარლოსის დამცველები - მათ შორის, ისაბელ კუტან-პეირი, რომელზეც კარლოსი ციხეში დაქორწინდა მუსლიმანური წესით - აცხადებენ, რომ სასამართლო სიყალბეა, რომ კარლოსს ნება არ დართეს, მისთვის საჭირო მასალებს გასცნობოდა.

თუკი „ტურა კარლოსი“ დამნაშავედ ცნეს, მას კიდევ ერთი სამუდამო პატიმრობა მოელის. ოქტომბრის ბოლოს მან შიმშილობა გამოაცხადა, როცა ერთკაციან საკანში მოათავსეს მას მერე, რაც საფრანგეთის რადიოსადგურ “ევროპა ერთს“ მისცა ინტერვიუ. ამ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საბრძოლო განწყობა აქვს, სასამარლოსთვის ემზადება, რომ მისი დაკავება სუდანში უკანონო იყო. მანვე თქვა, რომ ერთ რამეს ნანობს: „ვერ შევძელი ხუთ-ექვს წლამდე გამეზარდა შვილები, ერთის გარდა. ამას ვნანობ, თუმცა ვიცი, რომ ამის საფასური მე უნდა ვზღო. როგორც ქმარი, იშვიათად ვიყავი სახლშიო.“

კარლოსი ვენესუელაში დაიბადა, განათლება მოსკოვში მიიღო და ირიცხებოდა პალესტინის განთავისუფლების „სახალხო ფონტში“.ის პოპულარული გახდა 1975 წელს, როცა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრების 11 მინისტრი აიყვანა მძევლად. მასვე მიაწერენ პალესტინელთა მიერ საფრანგეთის თვითმფრინავის გატაცებას უგანდაში. კარლოსი აცხადებს, რომ ის იყო მონაწილე რადიო თავისუფლების მიუნხენის ოფისზე თავდასხმისა 1981 წელს, როცა ხუთი ადამიანი დაშავდა. მაშინდელი ტერაქტის შემდეგ ქართული რედაქციის ოფისში, სადაც იმ წუთისთვის არავინ იყო, როგორც თვითმხილველები იუწყებიან, იატაკი ფანჯრის მინების ნამსხვრევებით იყო დაფარული. მაშინ კარლოსი უნგრეთში ცხოვრობდა. რუმინეთის უშიშროების სამსახურის არქივის მასალების თანახმად, ჩვენს რადიოზე თავდასხმა რუმინეთის მთავრობამ დაავალა ტერორისტებს. საფრანგეთში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ კარლოსი სირიაში იყო 1991 წლამდე, როცა ის სუდანში გადასახლდა. სწორედ იქ მიაკვლიეს მას საფრანგეთის უშიშროების ძალებმა, რომლებმაც სუდანის მთავრობის დახმარებით კარლოსი დააკავეს. დაპატიმრების შემდეგ ის გამაჰმადიანდა და რევოლუციური ისლამის მიმდევარი გახდა. ასევე ეწოდა მის წიგნს, სადაც „ტურა კარლოსი“ ოსამა ბინ ლადენს აქებს.

პარიზის სასამართლომდე კარლოსმა ვენესუელის გაზეთ „ელ ნასიონალთან“ საუბარში წაიტრაბახა, ასამდე თავდასხმა მოვაწყვე, რომლებსაც 2000-მდე ადამიანი ემსხვერპლაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG