Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: საქართველოს მეტი ძალისხმევა სჭირდება ნატოში გასაწევრიანებლად


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს თბილისში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მეტი რეფორმის განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად. ამ შინაარსის განცხადება გაკეთდა პრესკონფერენციაზე, რომელიც მოჰყვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. სხდომაში მონაწილეობდა საქართველოს პერმიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც. პრესკონფერენფციაზე გამოსვლისას, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა დემოკრატიის გაძლიერებისაკენ: „ გააგრძელეთ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენი ბოძების მშენებლობა, ესენია: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. განსაკუთრებით კი, გააგრძელეთ მოძრაობა საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებით. 2012 და 2013 წლების არჩევნები თქვენი დემოკრატიისთვის ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს. და ჩვენ ველით აუცილებელ რეფორმებს,” - განაცხადა რასმუსენმა თბილისში, სადაც დღეს ჩავიდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან ერთად. ხვალ ნატოს გენერალური მდივანი თბილისში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს და მიმართავს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ხვალვე ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები შეხვდებიან ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. თბილისიდან ალიანსის გენერალური მდივანი და ელჩები გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG