საფინანსო ბაზრებზე აქციების კურსის დაღმასვლას იწვევს შეშფოთება, რომ იტალია შესაძლოა, გახდეს ევროზონის მორიგი ქვეყანა, რომელსაც დახმარება დასჭირდება. ოთხშაბათს შვიდ პროცენტს გადააჭარბა საპროცენტო განაკვეთმა სესხისთვის, რომელსაც იტალია ითხოვს საფინანსო ბაზრებზე - სწორედ შვიდი პროცენტია მაჩვენებელი, რომლის შემდეგაც საბერძნეთს, პორტუგალიას და ირლანდიას მოუხდათ, ფინანსური დახმარება ეთხოვათ ევროზონის წევრი პარტნიორებისათვის. მაგრამ ევროზონას შესაძლოა, არ ჰქონდეს საკმარისი რესურსები საიმისოდ, რომ კრიზისი დააძლევინოს იტალიას - ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკას. პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პირობა დადო, რომ გადადგება მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ბიუჯეტის რეფორმებს. მოსალოდნელია, რომ რეფორმებს კვირას დაამტკიცებს იტალიის პარლამენტის ორივე პალატა.