Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში საქართველოზე გამოქვეყნდა რამდენიმე მასალა, რომელთა თემები იყო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება და ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა.

მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა „იურაქტივის“, ბრიუსელში დაფუძნებული ინტერნეტგამოცემის, პოლონეთის ოფისს. სააკაშვილმა, მას მერე, რაც თქვა, რომ მის ქვეყანას კვლავაც სურს ევროკავშირთან შეერთება, მოსკოვისადმი შემრიგებლური ტონით განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტი ასევე შეუწყობს ხელს რუსეთისა და 27 წევრიანი ბლოკის დაახლოებას.

სააკაშვილი ევროპის კავშირისკენ მიმავალი გზის აღწერისას ქებით მოიხსენიებს რეფორმატორულ კურსს და ამბობს, ბოლო წლებში ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები უცხოეთში წარმატებადაა მიჩნეულიო. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და მუდმივი გარე საფრთხის პირობებში ვცხოვრობთ, ეკონომიკა წლების განმავლობაში იზრდება. პრეზიდენტის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა შვიდი პროცენტით უნდა გაიზარდოს. ამის საფუძველს სააკაშვილი იმაში ხედავს, რომ, მსოფლიო ბანკის თანახმად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესმენებს.

ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს სამეტაპიანი პროცესია. პირველი ევროკავშირთან დაახლოებაა; მეორე ისაა, რომ საქართველოს მთავრობა უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ოკუპირებული არეალებისთვის; მესამეც, რუსეთი უფრო ზომიერი უნდა გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშანი არ ჩანსო, ამბობს სააკაშვილი და ამავე ინტერვიუში შენიშნავს, ჩვენმა ქვეყანამ არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს ევროპული ინტეგრაციის გზასო. ის ფიქრობს, რომ რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, მით უფრო ისურვებს რუსეთი გადასინჯოს საქართველოს მიმართ პოლიტიკა. სააკაშვილის აზრით, ევროპის კავშირის წევრები გახდნენ სახელმწიფოები, რომლებსაც ტერიტორიული პრობლემები მოუგვარებელი ჰქონდათ. სააკაშვილი გულისხმობს გაყოფილ გერმანიას და ამბობს, საქართველოს არ სურს თავისი პრობლემების ევროკავშირში ექსპორტირებაო. საქართველოს პრეზიდენტს მოჰყავს რუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის სიტყვები საბჭოთა კავშირის აღდგენის თაობაზე და ლაპარაკობს რუსეთის მიერ გადადგმულ სხვა ნაბიჯებზე კავკასიასა და სხვაგან თავისი გავლენის გასაძლიერებლად. საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მოსკოვის ეს პოლიტიკა მუდმივად ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, უნდა ვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა რუსეთის ხალხი მიხვდება, რომ ამ პოლიტიკის გაგრძელება აღარ შეიძლება. მაგრამ მაშინაც კი, როცა ეს მოხდება და რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მცდელობები. მოვლენების უარესი განვითარებისთვის ვემზადებით, მაგრამ რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ვიმედოვნებთო, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამ ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს და, ბოლოს, რესპონდენტებს განუმარტავს, 2013 წელს პარლამენტი რეფორმებს დაამტკიცებს, პრეზიდენტიც მნიშვნელოვან ძალაუფლებას შეინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც, მაგრამ ეს უკანასკნელი მთლიანად პარლამენტზე იქნება დამოკიდებულიო. და ეს თანამდებობა არცთუ მიმზიდველია იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტიაო, უთხრა მიხეილ სააკაშვილმა „იურაქტივის“, ბრიუსელში დაფუძნებული ინტერნეტგამოცემის, პოლონეთის ოფისს.

გასული კვირის დასაწყისში „ვაშინგტონ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ბენ ბირნბაუმის სტატია, რომლიც ნატოსა და საქართველოს ურთიერთობას ეხება. სტატიის სათაურია „საქართველო ამბობს, რომ არ სურს ნატოს ომში ჩათრევა“. ქვესათაური კი ასე ჟღერს: „რუსეთთან აღარ ვიომებთ, ამბობს ოფიციალური პირი“. ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძეა, რომელსაც გაზეთი ესაუბრა. ბაქრაძე ფიქრობს, რომ რუსეთთან კონფრონტაციის ალბათობა ახლა უფრო მცირეა, ვიდრე 2008 წლის ომამდე იყო. „ჩვენ ცალმხრივად ავიღეთ ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ამიტომ საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებით ჩვენ არ შევუქმნით ნატოს პრობლემებს მეხუთე მუხლის მხრივო“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. გაზეთი მკითხველს განუმარტავს, მეხუთე მუხლის არსს: რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმა სხვა წევრებზე თავდასხმას ნიშნავს.

„ვაშინგტონ ტაიმსთან“ ინტერვიუში დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ჯარის ყოფნა ნატოში საქართველოს გაწევრიანებას არ გამორიცხავს და შესაძლო მოდელად ცივი ომის პერიოდის გერმანიის მაგალითი მოჰყავს.

დაბოლოს, გაგაცნობთ ერთ წერილს, რომელიც გერმანიაში გამომავალმა „ფრანკფურტერ ალგემაინემ“ დაბეჭდა და რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას და ამ კონტექსტში ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება. ავტორი მრავალმხრივ ინფორმაციას აწვდის მკითხველს საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირების გარშემო და წერს, საქართველოს, რომელიც თავის ტერიტორიად მიიჩნევს სეპარატისტულ რეგიონებს, სურდა მათსა და რუსეთს შორის ვაჭრობა თავისი მებაჟეებით გაეკონტროლებინა და ეს იყო პირობა იმისათვის, რომ თანხმობა ეთქვა ორგანიზაციაში რუსეთის წევრობაზეო. ამაზე რუსეთი უარს ამბობდა. დასავლეთმა კი, წერს გაზეთი, რომელიც ორ რეგიონს ასევე მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად, აჩვენა, რომ დაინტერესებულია ორგანიზაციაში რუსეთის შესვლით და მოსკოვსა და თბილისს შორის კონფლიქტის სწრაფი მოგვარებით. გაზეთი იუწყება, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ზეწოლა მოახდინეს, უფრო მოქნილი ყოფილიყო რუსეთთან მოლაპარაკებაში, რომელსაც შვეიცარია შუამავლობდა.

შვეიცარიამ, სტატიის ავტორის თანახმად, თავისი შეთავაზებით მოახერხა „ოქროს ხიდის“ აგება და შეთანხმება შედგა. მართალია, წერს „ფრანკფურტერ ალგემაინე“, შეთანხმების ტექსტი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მხარეების ინფორმაციის მიხედვით გაირკვა, თუ რაზე შეთანხმდნენ თბილისი და მოსკოვი. გაზეთი აღწერს შეთანხმების არსს: სასაზღვრო პუნქტებზე - როგორც ის აზუსტებს, რუსეთის მხარეს - საერთაშორისო კერძო ფირმის მეთვალყურეები განთავსდებიან და მათგან ინფორმაცია ტვირთის მოძრაობაზე საქართველოსა და რუსეთის საბაჟოებს ელექტრონული სახით მიეწოდებათ. სტატიაში წაიკითხავთ საქართველოს მხარის შეფასებას, რომ ეს არის დიპლომატიური გამარჯვება, რომ მსოფლიომ გაიგო, სად გადის საქართველოს საბაჟო საზღვარი, რომ რუსეთი, როგორც ტერიტორიების დამკავებელი, თანახმაა საერთაშორისო კონტროლი დაწესდეს მის საზღვარზე.

სტატიაში ლაპარაკია იმ დადებით შედეგებზე, რაც ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მოჰყვება საკუთრივ რუსეთისა და საქართველოსთვისაც, რომლის მიმართ მოსკოვის მიერ დაწესებული ემბარგოს გაუქმების საქმეში წევრობამ შეიძლება დახმარება გაუწიოს თბილისს.გაზეთი მკითხველს აცნობს საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის აზრსაც, რომლის მიხედვითაც, მთავრობა შეცდა, როცა რუსეთს გაუძალიანდა - ამას აჯობებდა, ჯერ მიეცა მისთვის ორგანიზაციაში შესვლის საშუალება და შემდეგ მოლაპარაკებით მიეღწია ემბარგოს გაუქმებისთვისო, ემბარგოსი, რომელიც, „ფრანკფურტერ ალგემაინეს“ ამ სტატიის ავტორის თანახმად, კვლავაც დიდ ზარალს აყენებს საქართველოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG