Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის ანგარიშში შესწორება ივანიშვილთან დაკავშირებულ ვითარებას ეხება


17 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტი აღწერს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სურათს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში. ერთ-ერთი შესწორება, რომელიც ანგარიშის ტექსტში უნდა შევიდეს, ოპოზიციონერი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ეხება. თავდაპირველი ვერსიით, შესწორებაში ივანიშვილის სახელი პირდაპირ იყო ნახსენები - თუმცა, როგორც შესწორების ავტორმა, ავსტრიელმა დეპუტატმა, ჰანეს სვობოდამ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, შესწორების ტექსტი შეიცვლება. „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ უარი თქვას პოლიტიკურ ოპონენტებზე არაპროპორციული პოლიტიკური ზეწოლის მოხდენაზე“ - განაცხადა სვობოდამ და დასძინა - „თუმცა არ დავასახელებთ კონკრეტულ სახელს, რადგან ეს შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული - თითქოს ჩვენ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ვუჭერდეთ მხარს“. დეპუტატის თქმით, ეს პოზიცია ზოგადია - მათ, ვისაც პოლიტიკურად გააქტიურება სურს, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთო, ამბობს სვობოდა. ამასთან, სვობოდას თქმით, ამ შესწორების შეტანის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ინფორმაცია მიიღო „ამერიკის და ევროპის მხრიდან, ასევე ამერიკული არასამთავრობოებისგან“. შესწორების თავდაპირველ ვერსიაში ასეთი ფორმულირება იყო: „ევროპის პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტის გამო მას შემდეგ, რაც მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მან პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე გეგმები გამოაცხადა“. შემდეგ მოდიოდა ტექსტი იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს ბრალდებას, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.
XS
SM
MD
LG