Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგორესურსებით მდიდარ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მძიმეა


იმ დროს, როცა ევროკავშირის საგარეო საკითხების კოორდინატორი კეთრინ ეშტონი ბაქოში შეხვედრებს მართავდა, „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების გაუარესების შესახებ. ანგარიშის ერთ-ერთი თანაავტორია ნატალია ნოზაძე, „ამნესტი ინტერნეიშნელის“ აზერბაიჯანის მკვლევარი, რომელმაც რადიო თავისუფლებას საკუთარი მოსაზრებები გააცნო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და დასავლეთის მხრიდან შესაძლო რეაქციის თაობაზე.
ჩვენ აზერბაიჯანში მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებით სიტუაციას და, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ნეგატიური ტენდენციები სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მხრივ...

ანგარიშში, სახელწოდებით „გაზაფხული, რომელმაც ვერ იყვავილა,“ საუბარია, კერძოდ, აზერბაიჯანში სოციალური ქსლის საშუალებით დაწყებულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. ნატალი ნოზაძის თქმით, „ამნესტი ინტერნეიშნელი“ დაპატიმრებულებს სინდისის პატიმრებს უწოდებს.

„ჩვენ აზერბაიჯანში მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებით სიტუაციას და, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ნეგატიური ტენდენციები სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მხრივ. ანგარიშზე მეთოდოლოგიური მუშაობის დრო დაემთხვა ფაქტების შემსწავლელი მისიის ყოფნას აზერბაიჯანში, სადაც მარტის დასაწყისში ახალგაზრდებმა დაიწყეს სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მეშვეობით საპროტესტო მიმართვების გავრცელება საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობისა და ქუჩის აქციების მოსაწყობად. ამის შემდგომ ჩვენ გვქონდა დრო შეგვეგროვებინა ინფორმაცია და ველოდით, ვიდრე სასამართლო განაჩენს გამოუტანდა აქციაში მონაწილე 17 პირს, რომელთაც, თუკი ჩვენი ანგარიში წაიკითხეთ, ნახავდით, რომ ჩვენ ვუწოდებთ „სინდისის პატიმრებს“, რადგან გვჯერა, რომ ისინი დაისაჯნენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გამოხატვისათვის.“

ნატალია ნოზაძის აზრით, საპროტესტო განწყობის ჩახშობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიანიშნა ოპონენტებს, რომ არ შეიწყნარებს „სტრუქტურირებულ და ორგანიზებულ“ კრიტიკას და განსხვავებულ აზრს. რაც შეეხება იმას, თუ რა მესიჯს უგზავნის „ამნესტი ინტერნეიშნელი“ ამ ანგარიშით საერთაშორისო საზოგადოებას, მკვლევარი ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე თვალის დახუჭვა არ ემსახურება არც აზერბაიჯანელი ხალხისა და არც საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს. საერთაშორისო საზოგადოებამ ადამიანის უფლებების დაცვა აზერბაიჯანის რეჟიმს ყველა შესაძლო ფორუმზე უნდა შეახსენოს, ამბობს ნატალია ნოზაძე, „ამნესტი ინტერნეიშნელის“ აზერბაიჯანის მკვლევარი:

„აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსებით. მაგრამ, იმავდროულად, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ აზერბაიჯანსაც აქვს ინტერესი დასავლეთში - ეს არის ბაქოს, როგორც ევროსაბჭოს წევრის, სწრაფვა, გახდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრი და, ბოლოს, აზერბაიჯანს სჭირდება ბაზარი თავისი მდიდარი რესურსებისათვის. ასე რომ, არსებობს დიდი სივრცე, სადაც საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო უნდა აღიმაღლონ ხმა ადამიანის უფლებების დარღვევებზე და გადადგან მოსალოდნელი ნაბიჯები ცხადი მესიჯების გაგზავნის სახით, რომ არ დაიჭერენ საქმეს ქვეყანასთან, რომელიც ასე სასტიკად თელავს ფეხქვეშ ფუნდამენტურ უფლებებს და რომ ეს უშედეგოდ არ ჩაივლის.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG