Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომურმა სააგენტომ მიიღო რეზოლუცია ირანის შესახებ


ვენა, 17 ნოემბერი: გაეროს ატომური სააგენტოს დირექტორი, იუკია ამანო პრესკონფერენციაზე, გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს ორდღიანი სხდომის გახსნასთან დაკავშირებით
ვენა, 17 ნოემბერი: გაეროს ატომური სააგენტოს დირექტორი, იუკია ამანო პრესკონფერენციაზე, გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს ორდღიანი სხდომის გახსნასთან დაკავშირებით
გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ პარასკევს საღამოს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოთქვამს „ღრმა და მზარდ შეშფოთებას“ ირანის ბირთვული პროგრამის გამო. რეზოლუციის პროექტი მომზადებული ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივ წევრს - შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთსა და რუსეთს - გერმანიასთან ერთად.

რეზოლუციაში, შეშფოთების გამოთქმასთან ერთად, აღნიშნავენ აუცილებლობას იმისა, რომ გააქტიურდეს ირანთან გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დიალოგი, რომ ირანმა ხელმისაწვდომი გახადოს „ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დოკუმენტი, ობიექტი, მასალა და პერსონალი ირანში“. როგორც იუწყებიან, დოკუმენტით არ არის გათვალისწინებული ირანის საკითხის გადაცემა გაეროს უშიშროების საბჭოსათვის. მაგრამ ტექსტში ირანს მოუწოდებენ, შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომელთა მიხედვითაც, ირანს მართებს ბირთვული პროგრამის შეჩერება.

აშშ გამოთქვამს იმედს, რომ გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭო შეძლებს, აუხსნას ირანს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება მისი ბირთვული პროგრამის გამო. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მარკ ტონერმა უთხრა ჟურნალისტებს: „ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭო ირანის გაუგზავნის ძალიან ძლიერ და ერთსულოვან გზავნილს, რომ მან უნდა მოაგვაროს ბირთვული პროგრამის საკითხი“.

ვენაში, სადაც გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სააგენტოს დირექტორმა, ამანომ განაცხადა, რომ საჭიროდ მიაჩნია მაღალი რანგის დელეგაციის გაგზავნა ირანში, რათა გაირკვეს საკითხები, რომლებიც ასახულია ატომური სააგენტოს ბოლო ანგარიშში. ამ ანგარიშში პირველად არის საუბარი „დამაჯერებელ“ მტკიცებულებებზე, რომ ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარეობს სამუშაოები ბირთვული იარაღის ტექნოლოგიის განვითარებისათვის.

„ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ირანმა მიმართა ქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად. ინფორმაცია მიანიშნებს ასევე, რომ 2003 წლის მიწურულამდე ეს ქმედებები მიმდინარეობდა სტრუქტურირებული პროგრამით და ზოგი ქმედება შესაძლოა, კვლავაც გრძელდებოდეს“, -ამბობს იუკია ამანო და დასძენს, რომ უკვე წერილობით შეატყობინა ირანელ ოფიციალურ პირებს ვიზიტის სურვილისა და მიზნის შესახებ.

ცნობებში ჯერ არაფერია ნათქვამია ამანოს მიმართვაზე ირანის რეაქციის შესახებ. ცნობილი ის არის, რომ ირანი, მისივე განცხადებით, „უსაფუძვლოდ“ მიიჩნევს გაეროს ატომური სააგენტოს ანგარიშს. ის კვლავინდებურად აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG