Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური სააგენტომ მიიღო რეზოლუცია ირანის შესახებ


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმულია „ღრმა და მზარდი შეშფოთება“ ირანის ბირთვული პროგრამის გამო. რეზოლუციის მიღება მოჰყვა ირანის შესახებ გაეროს ამ სააგენტოს ანგარიშის გამოქვეყნებას გასულ კვირაში. მასში გამოთქმულია შეფასება, რომ ირანი, სავარაუდოდ, მუშაობს ატომური ბომბის შექმნაზე და საამისოდ აწარმოებს საიდუმლო კვლევას. პარასკევს მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია „ირანსა და გაეროს სააგენტოს შორის დიალოგის გააქტიურების“ დიდი მნიშვნელობა. იქვე ირანის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს მისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები. რეზოლუციის პროექტი შეთანხმებული ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივ წევრსა და გერმანიას - ანუ, ექვს ქვეყანას, რომელიც მონაწილეობს მოლაპარაკებებში ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოსაგვარებლად. რეზოლუცია ირანს არ განუსაზღვრავს მისთვის წაყენებული მოთხოვნების შესრულების ვადას, მაგრამ გაეროს ატომური სააგენტოს დირექტორს, იუკია ამანოს ავალებს, სააგენტოს მმართველთა საბჭოს მარტში წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ირანი რეზოლუციაში შესულ მოთხოვნებს.
XS
SM
MD
LG