Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა


მოსკოვში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში იმყოფება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს დაბადების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით. რუსეთის საპატრიარქოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შაბათს გამართული შეხვედრისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სტუმარს, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოსკოვში ჩასვლისთვის და გამოთქვა იმედი, რომ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა ურთიერთობის ერთ-ერთი „კეთილი ნაყოფი“ იქნება ურთიერთობის გაუმჯობესება ორ ქვეყანას და ორ ხალხს შორის. თავის მხრივ, ილია მეორემ დაბადების დღე მიულოცა მასპინძელს და ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა ურთიერთობის ხანგრძლივ ტრადიციაზე. "ეს არის მტკიცე საძირკველი ჩვენი ქვეყნების, სახელმწიფოების, მთავრობებისათვის - მათ უნდა მიბაძონ ჩვენი ეკლესიების მაგალითს“, - განაცხადა ილია მეორემ და დასძინა: „ჩვენ დიდ პატივს ვცემთ რუსეთის ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას“. რუსეთში გამგზავრებამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს შეხვდება იქ მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს, 23 ნოემბერს კი წირვას აღავლენს მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.
XS
SM
MD
LG