Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ-სამხრეთის სქიზმა?


ევროპის დასავლეთ-აღმოსავლეთის პრინციპით დაყოფა, რომელიც დიდხანს არსებობდა და მოიცავდა დასავლეთის უფრო მდიდარ ქვეყნებსა და ევროკავშირის ახალ წევრებს, თანდათან ქრება. თუმცა იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთის ქვეყნები სულ უფრო მდიდრდებიან და თავდაჯერებულობასაც იძენენ, ევროკავშირში ახალი სქიზმა იჩენს თავს - ამჯერად ფისკალურად გამართულ ჩრდილოეთსა და კრიზისის მქონე სამხრეთს შორის. „ახალი ევროპის“ დღევანდელი გამოშვება ამ საკითხს ეხება - გთავაზობთ ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იუჟიაკის რეპორტაჟს.

არც ისე დიდი ხნის წინ ევროკავშირის ათი ახალი აღმოსავლელი წევრი ბლოკის ღარიბ ქვეყნებად აღიქმებოდა, რომლებიც ბევრად ჩამორჩებოდნენ უფრო მდიდარ და პოლიტიკურად უფრო განვითარებულ მეზობლებს დასავლეთში.

ყოფილი კომუნისტური ქვეყნები - ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია - 2004 წელს გაწევრიანდნენ ევროკავშირში; სამი წლის შემდეგ ბლოკის წევრები ბულგარეთი და რუმინეთიც გახდნენ.
ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მემკვიდრეობაა. [აღმოსავლეთის ქვეყნებს] დიდი საჯარო დავალიანება აქვთ...

პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ამ ქვეყნებიდან ბევრი გამდიდრდა, ეკონომიკისა და საჯარო ფინანსების რეფორმირების გზით. ისინი უფრო მეტად გახდნენ ინტეგრირებულები ბლოკში. ევროკავშირის აღმოსავლეთ-დასავლეთის პრინციპით დაყოფა უკვე იმდენად აქტუალური აღარ არის და თანდათან წარსულს ბარდება. ასეთ ფონზე, ევროს მოქმედების ზონაში ამჟამად წარმოქმნილი კრიზისი ახალ დაყოფას აჩენს - ამჯერად შედარებით ჯანსაღი ეკონომიკების მქონე ჩრდილოეთის ქვეყნებად და კრიზისში მყოფ სამხრეთის სახელმწიფოებად.

ანალიტიკოსების აზრით, აღმოსავლეთის ქვეყნები ახლა იმკიან იმ დადებით შედეგებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პირობად დაყენებულმა მტკივნეულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა და საბიუჯეტო დისციპლინამ მოიტანა კომუნიზმის დაცემის შემდეგ. ამ აზრს იზიარებს ბრიუსელში განთავსებული ანალიტიკური ორგანიზაციის - ევროპული პოლიტიკის ცენტრის - წარმომადგენელი, ფაბიან ზულიგი, რომელიც დასძენს, რომ სამხრეთის ქვეყნები კვლავაც ვერ თავისუფლდებიან ეკონომიკის მოძველებული სტრუქტურებისგან:

„ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მემკვიდრეობაა. [აღმოსავლეთის ქვეყნებს] დიდი საჯარო დავალიანება აქვთ. მათი საჯარო სექტორები ფართოა, მოქმედებს ბევრი რეგულაცია, რაც განახლებას უშლის ხელს. მაგრამ, ამავე დროს, ეს შეხედულებების ამბავიცაა. [ევროკავშირის] ახალი წევრი ქვეყნები ბევრად უფრო დიდ ენთუზიაზმს იჩენენ ცვლილებების გატარების მიმართ, რათა კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებულებმა შეძლონ გამოსვლა.“
მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირის არც ერთ ახალ წევრ ქვეყანაში მაინც არ აღწევს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლამდე...

მაშინ, როცა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საბერძნეთის მთავრობის დავალიანებამ უზარმაზარ მაჩვენებელს - მთლიანი შიდა პროდუქტის 152 პროცენტს - მიაღწია, პორტუგალიაში კი - 121 პროცენტს, პოლონეთმა შეძლო ეს მაჩვენებელი 56 პროცენტზე შეენარჩუნებინა. ესტონეთმა, რომელსაც ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ძლიერი მაჩვენებელი აქვს, დავალიანება მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2 პროცენტამდე დაიყვანა.

ახალი წევრი ქვეყნები ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისითაც უსწრებენ სამხრეთელ ქვეყნებს. ევროპის კომისიის ვარაუდით, 2011 წელს ესტონეთში მთლიანი შიდა პროდუქტი 8 პროცენტით გაიზრდება, სლოვაკეთის - 2.9 პროცენტით, პოლონეთის - 4 პროცენტით. ამ დროს კი საბერძნეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5 პროცენტით შეიკვეცება, პორტუგალიისა - 1.9 პროცენტით.

მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირის არც ერთ ახალ წევრ ქვეყანაში მაინც არ აღწევს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლამდე. და მაინც - პატივისცემა, რომელიც ამ ქვეყნებმა ბრიუსელში მოიპოვეს, დიდწილად ცვლის ევროკავშირის დინამიკას. ახლა ძნელი წარმოსადგენია ვითარება, რომელშიც აღმოსავლეთევროპელები მეორეხარისხოვან წევრებად იქნებოდნენ აღქმული - ისე, როგორც ეს 2003 წელს მოხდა, როცა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟაკ შირაკმა, ერაყის ომის შესახებ გამართულ მძაფრ დისკუსიაში ახალ წევრებს უთხრა, „მოკეტეთო“.

ევროკავშირში შვედეთის ელჩი, დაგ ჰატელიუსი, თვლის, რომ ევროკავშირში აღმოსავლელი წევრების ხმას სულ უფრო მეტად უსმენენ:„მას, ვისაც თავისი პოზიციის დაცვა შეუძლია, მოუსმენენ. და თუ, ამასთან ერთად, კიდევ იმასაც აჩვენებ, რომ ეკონომიკურად ვითარდები და კარგ მაგალითს წარმოადგენ, როგორც ეს ცენტრალურმა და აღმოსავლეთევროპელმა ქვეყნებმა შეძლეს, მაშინ დამატებითი ძალაც გემატება.“

ამის შედეგად, აღმოსავლელი წევრები სულ უფრო ნაკლებად გრძნობენ იმის აუცილებლობას, რომ ბლოკში ძლიერი ქვეყნების - მაგალითად, საფრანგეთისა და გერმანიის - მსგავსი პოზიციები ჰქონდეთ. სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან, გარემოსდაცვით რეგულაციებსა და საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით უკვე ხშირად გვხვდება განსხვავებული პოზიციები.

მაგრამ, ცხადია, აღმოსავლეთ-დასავლეთის პრინციპით დაყოფა ბოლომდე მაინც არ გამქრალა. ეს კარგად ჩანს, მაგალითად, ევროკავშირის ინსტიტუტების კადრებით დაკომპლექტებაში. გავლენიან ევროპის კომისიაში დომინანტურ ძალას მაინც ძველი წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეადგენენ. თუმცა, მაგალითად, შედარებით ახალ სტრუქტურაში - საგარეო მოქმედების სამსახურში - წარმოდგენილი ქვეყნების სურათი უფრო თანაბარია.
XS
SM
MD
LG