Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგა შეთანხმდა სირიის წინააღმდეგ სანქციებზე


არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს სანქციები სირიის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დამასკმა უგულებელყო არაბული ლიგის ულტიმატუმი მოთხოვნით, სირიის ტერიტორიაზე მეთვალყურეების შეშვების შესახებ. კაიროში არაბული ლიგის შეხვედრის შემდეგ, სანქციების შესახებ გამოაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა ჰამად ბინ იასიმ ალ-ტანიმ. მისი თქმით, „საბჭომ გადაწყვიტა, ჯერ ერთი, აკრძალოს მაღალი რანგის სირიელი ოფიციალური პირების მოგზაურობა არაბულ სახელმწიფოებში და გაყინოს მათი ქონება არაბულ სახელმწიფოებში. აღმასრულებელი ტექნიკური საბჭო განსაზღვრავს ამ ოფიციალური პირების ვინაობას. მეორე - შეწყდეს ურთიერთობა სირიის ცენტრალურ ბანკთან. მესამე - ბოლო მოეღოს სავაჭრო შეთანხმებებს სირიის მთავრობასთან, გარდა შეთანხმებებისა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტზე, რათა არ დაზარალდეს სირიელი ხალხი. მეოთხე - გაიყინოს სირიის მთავრობის საბანკო ანგარიშები. მეხუთე - შეწყდეს ფინანსური თანამშრომლობა სირიის მთავრობასთან“. ალ-ტანის განცხადებით, არაბული ლიგის 22 წევრი სახელმწიფოდან 19 მიემხრო სანქციებს. ამ ბლოკში სირიის წევრობა შეჩერებულია, რასაც მკაცრად აკრიტიკებს დამასკი. ამასობაში ვრცელდება ცნობები, რომელთა თანახმადაც სირიაში დღესაც გრძელდებოდა ძალადობა. ბრიტანეთში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, სირიის სხვადასხვა ქალაქში მოკლეს 15 ადამიანი. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტის შუა რიცხვებში დაწყებულ საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG