Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკი „ქართუ“ კვლავ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს


საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებს, - ამის შესახებ ნათქვამია „ბანკ ქართუს“ განცხადებაში, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა. „გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაცია, როდესაც ორი-სამი დღის განმავლობაში ოთხ ბიზნეს-ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა; ამით ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი დატოვა სს "ბანკი ქართუს" 70 მლნ ლარის საერთო მოცულობის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20 პროცენტია“. ბანკის თანახმად, კომპანიების ქონებებზე, რომლებზეც საგადასახადო ორგანოს არ შეეძლო ძველი რიცხვით (სს "ბანკი ქართუს" პირველადი იპოთეკის რეგისტრაციამდე) "აღმოეჩინა" საგადასახადო დავალიანება (მაგ. კომპანია ახალი დაფუძნებულია), გასულ დღეებში დაჩქარებული წესით განხორციელდა ხსენებული კომპანიების ქონებების განვადებით გასხვისება ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც შემდგომში "აღმოუჩინეს" ან გააჩნდათ საგადასახადო დავალიანება. „ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები თვალთმაქცურია და ისინი დაიდო მხოლოდ სს "ბანკი ქართუსთვის" განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზარალის მიყენების მიზნით. ფაქტია ის გარემოებაც, რომ ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა ბიზნეს-ჯგუფებში შემავალ კომპანიებს შორის“, - ნათქვამია „ბანკ ქართუს“ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG