Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი დამკვირვებლების შეფასებით, რუსეთში არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა


უცხოელი დამკვირვებლების განცხადებით, რუსეთში საპარლამენტო არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა და შეინიშნებოდა მიკერძოება მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ სასარგებლოდ. ეუთოსა და ევროპის საბჭოს მეთვალყურეების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდული იყო პოლიტიკური კონკურენცია და არჩევნების პროცესი მოკლებული იყო სამართლიანობას. დღეს მოსკოვში რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა არჩევნებით უკმაყოფილებისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიმართ პროტესტის გამოსათქმელად. არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ლიდერობს პარტია „ერთიანი რუსეთი“, თუმცა, წინა არჩევნების შემდეგ მას მრავალი ხმა აქვს დაკარგული. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ხმების 96 პროცენტის დათვლის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ „ერთიან რუსეთს“ ერგო ხმების 49,5 პროცენტი, რაც საკმარისია 238 მანდატის მისაღებად სულ 450-ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში. წინა მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას 315 მანდატი ეკუთვნოდა.
XS
SM
MD
LG