გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები გამოდიან მოწოდებით, დაიდოს ევროკავშირის ახალი ხელშეკრულება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ევროზონაში ვალებით გამოწვეული ამჟამინდელი კრიზისის გამეორება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პარიზში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ახალი ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სანქციების ავტომატურად ამოქმედებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც გადააჭარბებენ ბიუჯეტის დაშვებული დეფიციტის სამპროცენტიან ზღვარს. სარკოზის თქმით, საფრანგეთი და გერმანია სასურველად მიიჩნევენ ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს მონაწილეობით, თუმცა, ასევე მისაღებად მიაჩნიათ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მარტო ევროზონის წევრების, ანუ 17 ქვეყნის მიერ. ხუთშაბათს ბრიუსელში იმართება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც უნდა განიხილონ რეგიონში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარების გზები.
ყველაზე პოპულარული
1